ქალი ვიცი მე კუხნაში

9 March 2018

სტუდენტების მიერ ორგანიზებული ფეინთბოლი გენდერული სტერეოტიპების "წასაშლელად". 2014 წლის მარტი. ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

2014 წელს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ წამოწყებულმა პროვოკაციულმა კამპანიამ "შეიცვალე აზრი" საფუძველი ჩაუყარა საკმაოდ მძაფრ დისკუსიას საქართველოს საზოგადოებაში. ქუჩებში განთავსებულმა ტრაფარეტებმა, რომლებიც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადმოსცემდა ყველაზე გავრცელებულ გენდერულ სტერეოტიპებს, უმალვე გამოიწვია ჯერ გაოცება, შემდეგ შეკითხვები, აზრთა შეხლა-შემოხლა სოციალურ მედიაში, ხოლო ბოლოს საზოგადოებრივი განხილვაც, რომელმაც უნივერსიტეტებთან და სკოლებთან ერთად სამთავრობო კაბინეტებიც მოიცვა.  

2016 წელს UNDP ისევ აღმოჩნდა გენდერული თანასწორობის შესახებ გამართული დისკუსიის წინა ხაზზე საინფორმაციო და საგანმანათლებლო ინიციატივით #ჩემირუსთაველი.

დიდი შოთას მიერ ჩვენთვის დატოვებული modus operandi, ქალისა და კაცის სოციალური როლების განმარტება, ოჯახური და საზოგადოებრივი ცხოვრების ხედვა  არამც თუ არ მოძველდა 850 წლის მანძილზე, არამედ განსაკუთრებით თანამედროვე და აქტუალურია სწორედ ახლა, როდესაც საქართველო  საკუთარ ადგილს ეძებს ევროპულ ღირებულებებში და ცდილობს უმტკივნეულოდ და ორგანულად შეაჯეროს სოციალური თუ პოლიტიკური არსებობის ტრადიციული და თანამედროვე ხედვა.  

ორივე კამპანიის მსვლელობაში გაეროს განვითარების პროგრამა თანამშრომლობდა სააგენტოსთან Saatchi & Saatchi, რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია როგორც კრეატული კონცეფციის შემუშავებისას, ასევე კამპანიების უშუალო განხორციელებისას.

შედეგებზე საუბარი ჯერ კიდევ წინაა, რადგან #ჩემირუსთაველი ჯერაც არ დასრულებულა. საკითხი, რომელიც ამ ბლოგისათვის შევარჩიე, ეხება იმ უნივერსალურ რეცეფტს, რომელიც განაპირობებს სოციალური კამპანიის წარმატებას, იმ „ხრიკებსა“ და პროფესიულ საიდუმლოებებს, რომელთა გამოყენების შედეგად საინფორმაციო კამპანია შეიძლება იქცეს სოციალური ცვლილების იარაღად.

UNDP-ისა და Saatchi & Saatchi-ის გამოცდილება საკმაოდ საინტერესო მასალას იძლევა ამ თვალსაზრისით. ამ ბლოგში შევეცადე თავი მომეყარა ამ გამოცდილებისათვის და შვიდ მარტივ რჩევად ჩამომეყალიბებინა.          

  1. სიმარტივე და თანმიმდევრულობა. შეარჩიეთ რამდენიმე კარგად გასაგები მესიჯი და ნუ დაიკარგებით გრძელ ახსნა-განმარტებებში. ბუნდოვანი შინაარსი დამღლელია და, ხშირ შემთხვევაში, მოსაბეზრებელი.
  2. სიმარტივე არ ნიშნავს პრიმიტიულობას. კამპანიის შინაარსი უნდა იყოს საინტერესო და დამაფიქრებელი. მიეცით შესაძლებლობა თქვენს აუდიტორიას გამოხატოს საკუთარი აზრი, გახდეს კამპანიის აქტიური მონაწილე ინფორმაციის პასიურად მიღების მაგივრად.    
  3. პროვოკაცია. გამოიწვიეთ მსჯელობა და კამათი, განსხვავებული მოსაზრებების შერკინება. ყველა სოციალური ცვლილება სწორედ ასეთი თავისუფალი დებატის შედეგია.   
  4. ადგილობრივი კონტექსტი. უნივერსალური კამპანია მითია. ყველაზე წარმატებული კამპანიები შეიქმა კონკრეტული ადამიანებისათვის მათი კონკრეტული საცხოვრებელი ადგილის სპეციფიკის გათვალისწინებით.
  5. კამპანიის საყრდენია ის, ვინც იზიარებს თქვენს იდეებს და შეუძლია ან აქტიურად ჩაერთოს კამპანიის განხორციელებაში და ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე (Influencers) ან უფრო პასიურად, მაგრამ გულწრფელად, მხარი დაუჭიროს თქვენს მოსაზრებებს (Followers). სწორედ ეს ორი ჯგუფი განაპირობებს სკეპტიკოსებისა და მოწინააღმდეგეების ჩართულობასა და დარწმუნებას.
  6. ეფექტური დასაწყისი მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ტემპის შენარჩუნება და საზოგადოების ყურადღებაზე მუდმივი ზრუნვა არანაკლებ საგულისხმოა.     
  7. აუდიტორიის განწყობის მონიტორინგი, საზოგადოებასთან უკუკავშირი წარმატებული კამპანიის კიდევ ერთი წინაპირობაა. გამოიყენეთ სოციალური მედია და ფოკუს ჯგუფები, აუცილებლობის შემთხვევაში, დააკორექტირეთ კამპანიის მესიჯები, საინფორმაციო არხები და დაგეგმილი ღონისძიებები.