საქართველო ქმნის კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის ეროვნულ მოდელს, რომლის დანერგვის შედეგად 1.7 მილიონი ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი, უკეთ იქნება დაცული კლიმატური კატასტროფებისგან
კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი ქვეყნის მშენებლობა
24 September 2019
ბეჰემოთი ბეგლარი თბილისის წყალდიდობის სიმბოლოა. ამ ტრაგიკულმა კატასტროფამ 2015 წლის ივნისში 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, განადგურებულ ზოოპარკში 300 ცხოველი დაიღუპა, ხოლო პირდაპირმა მატერიალურმა ზარალმა 24.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. წყალდიდობას გადარჩენილ ბეგლარს მაშველებმა წყლით დატბორილ ქუჩებში მიაგნეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
თბილისელებისთვის ბეგლარის ისტორია მათი ქალაქის გადარჩენას და აღდგენას უკავშირდება. ბეჰემოთს ახლაც დიდი სიყვარულით ეპყრობიან. განახლებულ ზოოპარკში ბეგი ახალ სახლში ცხოვრობს, Facebook-ზე პირადი გვერდი აქვს და მალე მის საპატივცემულოდ დედაქალაქის ცენტრში ძეგლი გაიხსნება.
მართალია ისიც, რომ ბეგლარის თავგადასავალი თითქმის ერთადერთი გამონათებაა იმ სავალალო მდგომარეობაში, რომელიც თბილისში წყალდიდობის შედეგად შეიქმნა.
კატასტროფამ ნათლად დაანახა როგორც ქვეყნის ხელისუფლებას, ასევე მოსახლეობას, რამდენად მწვავე და მრავალმხრივია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები, და რამდენად გადაუდებელია ქმედითი მექანიზმების მოძიება ამ საფრთხეებისგან დასაცავად.
თბილისის წყალდიდობიდან ოთხი წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყო 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომლის მიზანია კლიმატური კატასტროფებისადმი ადაპტაციის ეროვნული მექანიზმის შემუშავება და დანერგვა და საქართველოს მოსახლეობის დაცვა კლიმატის ცვლილების დამანგრეველი შედეგებისგან.
ამ ინიციატივის მასშტაბი და ამბიციურობა გვაფიქრებინებს, რომ ის სხვა ქვეყნების მაგალითის მიმცემი იქნება.
გამოწვევა
საქართველოს შთამბეჭდავი მაღალმთიანი ლანდშაფტი და ულამაზესი მდინარეები ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეა და ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. ქვეყნის მზარდი ტურისტული ინდუსტრიის ერთერთი დასაყრდენი სწორედ სამთო ტურიზმისთვის დამახასიათებელი მიმართულებებია - სათხილამურო სპორტი, ლაშქრობა, კემპინგი და პარაპლანით ფრენა. აღსანიშნავია ისიც, რომ მთის მდინარეები და ნაკადულები ჰიდროელექტრო ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა.
თუმცა ამ სურათს მეორე მხარეც გააჩნია. მაღალმთიან ლანდშაფტთან და მდინარეებთან დაკავშირებული კატასტროფების საფრთხე წლიდან წლამდე იზრდება, რასაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენები, მაგალითად გადაუღებელი წვიმები, ემატება. 2015 წელს სწორედ ასეთმა წვიმამ გამოიწვია თბილისის წყალდიდობა. მომავალში მსგავსი მოვლენების რისკი მხოლოდ გაიზრდება.
ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში საგრძნობლად გახშირდა წყალდიდობა, წყალმოვარდნა, მეწყერი და ღვარცოფი, ხოლო ზარალის სტატისტიკა ნამდვილად საგანგაშოა - 152 დაღუპული ადამიანი და 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ეკონომიკური დანაკარგი. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 40 პროცენტი დამოკიდებულია ფერმერული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე, წყალდიდობით გამოწვეული წლიური სასოფლო-სამეურნეო ზარალი 68 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ძლიერი წყალდიდობით გამოწვეული ზარალი 190 მილიონი აშშ დოლარია.
მეცნიერების წინასწარი გათვლებით, მომდევნო ათი წლის მანძილზე კლიმატური კატასტროფები საქართველოს 12 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება, რაც მიმდინარე წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 80 პროცენტია.
გამოსავალი
საბედნიეროდ, საქართველო ქმედით ნაბიჯებს დგამს კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების დასაძლევად. 2019 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში, ქვეყანა უკვე შეუდგა შესაბამისი პოლიტიკის გატარებას და ადაპტაციისა და მოსახლეობის დაცვისთვის აუცილებელი ინვესტიციების განხორციელებას. პროგრამა წარმოადგენს საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივ ინიციატივას, რომლის მთლიანი ღირებულება 70 მილიონი აშშ დოლარია. აქედან საქართველოს მთავრობის დაფინანსება 38 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) - 27 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს - 5 მილიონ აშშ დოლარს.
პროგრამის მიზანია შეცვალოს ტრადიციული მიდგომა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ, რომელიც კატასტროფის შემდგომ რეაგირებას ეფუძნება. ზარალის კომპენსაცია და აღდგენითი ღონისძიებები ადაპტაციითა და პრევენციით უნდა შეიცვალოს.
შესაბამისი მომზადებისა და სწორი ინვესტიციების პირობებში საქართველო ფართომასშტაბიანი კატასტროფების პრევენციას და ზარალის შემცირებას შეძლებს. უდავოა, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვან ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვს. თუმცა, მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ხარჯები საგრძნობლად უფრო დაბალია, ვიდრე უკვე მომხდარი კატასტროფის შემდგომი აღდგენის ღირებულება. კატასტროფის პრევენციაში ჩადებული ყოველი დოლარი დაზოგავს 7 დოლარს, რომელიც შემდგომ რეაბილიტაციაზე უნდა დახარჯულიყო.
ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოებისა და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენების პროგრამა საქართველოს მასშტაბით განხორციელდება და 7 წელი გაგრძელდება. პროგრამის საქმიანობა საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზებს დაფარავს და 1.7 მილიონი ადამიანის - საქართველოს მოსახლეობის 46 პროცენტის - კლიმატური საფრთხეებისგან უკეთ დაცვას უზრუნველყოფს. პროგრამის წარმატებული განხორცილების შემთხვევაში კლიმატის ცვლილებით განპირობებული დანაკარგები 90 პროცენტით შემცირდება.
ინიციატივის ძირითადი მიმართულებებია:
- საფრთხეებისა და რისკების რუკების მომზადება საქართველოს 11 მდინარის აუზებისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება ძირითადი საფრთხეების გამოვლენა და აღწერა;
- ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის გაუმჯობესება, რაც შესაძლებელს გახდის კლიმატური პირობების და ამინდის, აგრეთვე მდინარეებში წყლის დონის ცვლილების მონიტორინგს რეალურ დროში;
- ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნა მაღალი რისკის მქონე რეგიონებში. ასეთი სისტემის დანერგვის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმირებული იქნება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და ეცოდინება, როგორ უნდა იმოქმედოს კატასტროფის შემთხვევაში;
- სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივ თემებთან თანამშრომლობა ზონირებისა და მშენებლობაზე ნებართვების გაცემის სისტემის დახვეწის საკითხებში. ამის შედეგად შესაძლებელი იქნება არასასურველი და საფრთხის შემცველი მშენებლობის შეზღუდვა მაღალი რისკის მქონე რეგიონებში.
- დამცავი ინფრასტრუქტურის შექმნა და სხვა ღონისძიებების გატარება იქ, სადაც კატასტროფა გარდაუვალია. გაბიონების და სხვა ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობასთან ერთად გამოყენებული იქნება ბიო-ინჟინერიის ტექნოლოგიები, მაგალითად, ტყის დარგვა და აღდგენა მდინარის ნაპირების გასამაგრებლად.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროგრამა საქართველოს ყველაზე მაღალი რისკის შემცველი მდინარის, რიონის აუზში 2012-2017 წლებში განხორციელებულ საპილოტე პროექტს ეფუძნება. 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც UNDP-იმ ადაპტაციის ფონდის დაფინანსებით განახორციელა, შემუშავდა წყალდიდობისა და წყალმოვარდნის შედეგებისგან დაცვის მექანიზმები, რითაც ამჟამად 200,000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი სარგებლობს. რიონის პროექტმა ასევე საფუძველი ჩაუყარა ახალ ფართომასშტაბიან პროგრამას, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიას მოიცავს.
მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის
კლიმატური და მეტეოროლოგიური საფრთხეები მთელს მსოფლიოზე ვრცელდება. მათთან გასამკლავებლად ბევრი ქვეყანა სწორედ იმ მოდელს იყენებს, რომელზეც საქართველომ უარი თქვა. კლიმატური კატასტროფებისადმი მედეგობის ახალი მოდელი, რომელიც საქართველოში შეიქმნება, სხვა ქვეყნებსაც გამოადგება, როგორც კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კარგი პრაქტიკა.
გაეროს გენერალური მდივანმა აღნიშნა, რომ „მაღალფარდოვანი სიტყვები საკმარისი არაა“ და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება გაბედულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ცდილობს ეს მოწოდება გაითვალისწინოს და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობა ეროვნულ დონეზე აიყვანოს. ამ მხრივ საქართველოს გამოცდილება მათთვის მისაბაძი მაგალითი გახდება.
საქართველოს, ისევე როგორც მისი მეზობელი ქვეყნების, შესაძლო წვლილი კლიმატის ცვლილების შერბილებაში საკმაოდ მცირეა. კლიმატის ცვლილების შერბილება გარემოს დამაბინძურებელი წარმოების და, შესაბამისად, სათბური აირების გაფრქვევის შემცირებას გულისხმობს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ქვეყნებში წარმოება ისედაც შემცირდა და გარემოს დამაზიანებელი დიდი საწარმოები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიხურა. სამაგიეროდ, საქართველოს შეუძლია ღირებული სიტყვა თქვას კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის საქმეში, რაც, გლობალური ტემპერატურის საგანგაშო მატების პირობებში, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოსთვის.
ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობა კლიმატური რისკების შემცირებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. ამით საქართველო ქმნის მედეგობის კულტურას, რაც დემოკრატიისა და თვითმმართველობის ერთერთ ძირითად ღირებულებას წარმოადგენს.
თბილისის წყალდიდობა კლიმატის ცვლილების ტრაგიკული შედეგების მაგალითია, მაგრამ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები გვაძლევს ბედნიერი დასასრულის იმედს, რომელსაც, ბეჰემოთი ბეგლარის მსგავსად, ყველა ჩვენგანი დაინახავს.