გაეროს განვითარების პროგრამა და ნორვეგია მხარს უჭერენ ლგბტქი+ მეწარმეებს საქართველოში
ფერადი ბიზნესი წარმატებით იწყება
3 July 2023
ოცდახუთმა ახალგაზრდა მეწარმემ დაიწყო თავისი მოგზაურობა ბიზნესის სამყაროში ინოვაციური სასწავლო კურსის „ფერადი ბიზნესი“ საშუალებით. ყოვლისმომცველი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს სტარტაპ მეწარმეების დახმარებას ლგბტქი+ თემებიდან, ბიზნესის განვითარების მხარდაჭერასა და თანასწორი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. ინიციატივას ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ნორვეგიის მხარდაჭერით.
"ფერადი ბიზნესი" ეყრდნობა ბიზნეს-ტრენინგის წარმატებულ მოდელებს, მათ შორის 360-გრადუსიან მიდგომას, რომელიც დამწყებ მეწარმეებს მათი ბიზნესის წარმატებისთვის საჭირო ცოდნას, უნარებსა და რესურსებს სთავაზობს. პროგრამის ოთხი ძირითადი ელემენტი მოიცავს თეორიული ცოდნის შეძენას, ინდივიდუალურ ქოუჩინგს, პრაქტიკულ ტრენინგსა და პროფესიული კავშირების გაფართოებას.
„მტკიცედ გვჯერა, რომ მეწარმეობის განვითარებას შეუძლია დადებითი ცვლილებები გამოიწვიოს. ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ "ფერადი ბიზნესის" პროგრამას, რომელიც ქმნის პლატფორმას ლგბტქი+ მეწარმეებისთვის, რათა მათ საკუთარი ნიჭი წარმოაჩინონ და საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. მათი შემოქმედებითი მუხტისა და სიახლისადმი სწრაფვის გამოყენება მნიშვნელოვანია ძლიერი, თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად“.მარკო სოლდიჩი, ნორვეგიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში.
„გაეროს განვითარების პროგრამა მოხარულია, ნორვეგიასთან თანამშრომლობით, ხელი შეუწყოს „ფერად ბიზნესს“, რომელიც თანასწორი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიზნებს ეხმიანება. ამ სამეწარმეო პროგრამის მეშვეობით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ლგბტქი+ მეწარმეებისთვის მხარდამჭერი ეკოსისტემის შექმნას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და არსებული გამოწვევების დაძლევას.“ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივმი წარმომადგენელი საქართველოში.
„ფერადი ბიზნესი“ მიზნად ისახავს 150-ზე მეტი მეწარმის ხელშეწყობას. პროგრამის თითოეული ჯგუფი 25 მონაწილისგან შედგება, რაც ინდივიდუალურ, თითოეულ მეწარმეზე მორგებულ მიდგომას უზრუნველყოფს. ხელსაყრელი გარემოს შექმნით, პროფესიული წრის გაფართოებითა და შესაბამისი ტრენინგის შეთავაზებით, გაეროს განვითარების პროგრამა და ნორვეგია დამწყებ მეწარმეებს ბარიერების გადალახვასა და წარმატების მიღწევაში ეხმარებიან.
###
მეწარმეთა სასწავლო პროგრამა „ფერადი ბიზნესი“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიმდინარე პროექტის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში. ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის სრული ღირებულება 4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. LEAD ხელს უწყობს ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და საზოგადოებრივ ცვლილებებს, რომლებიც უმცირესობათა უფლებების დაცვას და დისკრიმინაციის აღმოფხვრას უზრუნველყოფენ და ქმნიან თანამშრომლობის პლატფორმას საჯარო უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის.
###
საკონტაქტო ინფორმაცია:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
- ელენე საყვარელიძე, UNDP, elene.sakvarelidze@undp.org, +995 599 003944