გაეროს საჯარო სამსახურის დღეს, საჯარო მოხელეები ციფრული მმართველობისა და ელექტრონული სერვისების განვითარებას განიხილავენ
ახალი საფეხური საჯარო სამსახურის განვითარებაში
23 June 2021
გაეროს მიერ დაწესებული საჯარო სამსახურის დღე ყოველწლიურად 23 ივნისს აღინიშნება. წელს ამ დღის აღსანიშნავად გაიმართა ვირტუალური კონფერენცია, რომელსაც 300-ზე მეტი საჯარო მოხელე დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა სტუმრებმა.
კონფერენციაზე გამართული მსჯელობა თანამედროვე საჯარო სამსახურის განვითარების ტენდენციებს შეეხო. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ციფრული საშუალებებისა და ელექტრონული ფორმატების გამოყენებას, რამაც პანდემიის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
„საქართველოს საჯარო სექტორმა სწრაფად და ეფექტიანად უპასუხა პანდემიის დროს წარმოქმნილ გამოწვევებს. მოკლე დროში გადავედით საქმიანობის ელექტრონულ ფორმატზე, დავნერგეთ ახალი ციფრული პლატფორმები საჯარო მოხელეთა ტრენინგისთვის, ადამიანური რესურსების მართვისა და ანგარიშგებისთვის“, - განაცხადა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ.
„პანდემიამ საგრძნობლად დააჩქარა საჯარო სექტორის ციფრული გარდაქმნა, შექმნა ახალი შესაძლებლობები საჯარო მოხელეებისა და მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სერვისების განვითარებისთვის. თუმცა, პანდემიის ფონზე ასევე გამძაფრდა არსებული გამოწვევებიც - ციფრული უთანასწორობა, მონაცემთა და პირადი ინფორმაციის დაცვის აუცილებლობა. პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლის პერიოდში, გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს საჯარო სამსახურს ამ გამოწვევების დაძლევის საქმეში“, - აღნიშნა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ციფრულ მმართველობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის, დისტანციური სამსახური, მართვის ელექტრონული პლატფორმები, პირად მონაცემთა დაცვა ონლაინ სივრცეში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, მენტორინგისა და ქოუჩინგის ციფრული სისტემების დანერგვა და ჯანსაღი ბალანსის დაცვა სამსახურეობრივ და პირად დროს შორის.
გამომსვლელთა შორის იყვნენ მთავრობის ადმინისტრაციის, ციფრული მმართველობის სააგენტოს, საკონსულტაციო კომპანიის „რეფორმების ლაბორატორია“, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კარგი მმართველობის ინიციატივისა და ასევე საერთაშორისო, საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული სტუმრებიც - აიაჟან მუკანოვა, Zerde National ICT Holding-ის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი (ყაზახეთი) და ნიკ თიჯსი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD/SIGMA-ს უფროსი მრჩეველი (საფრანგეთი).
ღონისძიების ორგანიზატორი იყო საჯარო სამსახურის ბიურო, ხოლო მხარდამჭერები გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა მათი ფართომასშტაბიანი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოს საჯარო სექტორში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობას ემსახურება.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ეკატერინე სირაძე, საჯარო სამსახურის ბიურო, +995 577 244599, esiradze@csb.gov.ge
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org