COVID-19: გაეროს განვითარების პროგრამის მონაცემებით, პანდემიამ გამოავლინა 189 ქვეყნას შორის არსებული უთანასწორობა კრიზისის მიმართ მზაობისა და მასთან გამკლავების თვალსაზრისით

საქართველოს მაღალი მაჩვენებელი აქვს პანდემიის მიმართ მზაობის კუთხით, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა მოწყვლადია

30 April 2020

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამოაქვეყნა მონაცემთა დაფები, რომლებიც ასახავს მკვეთრ უთანასწორობას მსოფლიოს ქვეყნებს შორის COVID-19 კრიზისის მიმართ მზაობისა და მასთან გამკლავების თვალსაზრისით.

პანდემია მეტია, ვიდრე გლობალური საგანგებო მდგომარეობა. ეს ჰუმანური განვითარების სისტემური კრიზისია, რომელიც უპრეცედენტო გავლენას ახდენს განვითარების ეკონომიკურ და სოციალურ განზომილებებზე. ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადობის შემცირებასა და კრიზისის დაძლევაზე მიმართული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ცალკეულ ადამიანებსა და მთლიანად საზოგადოებას დაეხმარება, გაუმკლავდნენ და წარმატებით დაძლიონ პანდემიით გამოწვეული შოკი როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

ქვეყნების მზაობა COVID-19 კრიზისისთვის      

UNDP-ის საინფორმაციო დაფა 1: მზაობა წარმოადგენს 189 ქვეყნის ინდიკატორებს, რომელთა მეშვეობით ფასდება ქვეყნების მზაობა COVID-19 კრიზისის მრავალრიცხოვანი შედეგების დასაძლევად. ინდიკატორთა შორისაა ჰუმანური განვითარების დონე, უთანასწორობა, ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები და ინტერნეტზე წვდომა. 

ყველა ქვეყანა მოწყვლადია კრიზისის მიმართ, მაგრამ მათი უნარი, უპასუხონ და წარმატებით გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას, საგრძნობლად განსხვავებულია.

მაგალითისთვის, მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, რომლებიც ძალიან მაღალი ჰუმანური განვითარების კატეგორიაში შედიან, 10,000 ადამიანზე მოდის საშუალოდ 55 საავადმყოფო საწოლი, 30 ექიმი და 81 ექთანი, მაშინ როდესაც ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ეს მონაცემებია - 7 საწოლი, 2.5 ექიმი და 6 ექთანი.

საქართველოსთვის ეს მონაცემებია 26 საავადმყოფო საწოლი, 51 ექიმი და 41 ექთანი, რაც ჯანდაცვის სექტორის მაღალ მზაობას შეესაბამება. სწორედ ამ მზაობამ განაპირობა ვირუსის გავრცელების წარმატებული მართვა.

მზაობასთან ერთად ქვეყნების შედეგებზე გავლენას ახდენს სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა პანდემიის საპასუხოდ დროული ზომების გატარება, მმართველობა და მოსახლეობის ნდობა. სავარაუდოდ, ამ ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ რამდენიმე კარგად მომზადებულ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის დონე მაინც მაღალი აღმოჩნდა.     

კარანტინისა და სოციალური დისტანცირების პირობებში ასევე გამოიკვეთა ციფრული უთანასწორობაც. 6.5 მილიარდ ადამიანს, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 85.5 პროცენტს, ხელი არ მიუწვდება ხარისხიან ინტერნეტზე, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ შესაძლებლობაზე, იმუშაონ და მიიღონ განათლება კარანტინის დროს.

ქვეყნების მოწყვლადობა COVID-19 კრიზისის დროს

UNDP-ის საინფორმაციო დაფა 2: მოწყვლადობა გამოავლენს, რამდენად მოწყვლადია მსოფლიოს ქვეყნები კრიზისის შედეგების მიმართ. ინდიკატორთა შორისაა სიღარიბე, სოციალური დაცვა და დასაქმების პროგრამები, ასევე მოგზაურობისა და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებული ეკონომიკური შოკი.

კარანტინი და გადაადგილების შეზღუდვა განსაკუთრებით მძაფრად აისახება იმ ქვეყნებზე, რომელთა ეკონომიკა დამოკიდებულია ტურიზმზსა და გზავნილებზე. საქართველო, სადაც ტურიზმი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 21.7 პროცენტს, ხოლო გზავნილები მშპ-ს 12.55 პროცენტს შეადგენს, ამ მხრივ მოწყვლადი ქვეყნების ჯგუფშია. მდგომარეობას ართულებს ისისც, რომ საქართველოს სიღარიბის მაჩვენებელი ასევე საკმაოდ მაღალია, 20.1 პროცენტი.

საქართველოს მიერ შემუშავებული სოციო-ეკონომიკური აღდგენის გეგმა სწორედ ამ მოწყვლადობას ითვალისწინებს და მდგრადი განვითარების მთავარ პრინციპს ეყრდნობა - არავინ დარჩეს განვითარების მიღმა. ქვეყნის მთავრობის ძალისხმევის მხარდასაჭერად და COVID-19 კრიზისის საპასუხოდ გაერომ უკვე შეიმუშავა მოქმედების ახალი ჩარჩო, ხოლო გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ამ ჩარჩოს განხორციელებაში წამყვანი ადგილი უჭირავს.    

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნიუ იორკში:

  • ადამ ქათრო, adam.cathro@undp.org, +1 212 906 5326
  • ანნა ორტუბია, anna.ortubia@undp.org, +1 212 906 5964

თბილისში:

UNDP-ის შესახებ:
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამყვანი სააგენტოა, რომელიც სოციალურ უსამართლობას, სიღარიბესა და კლიმატის ცვლილებას ებრძვის. ჩვენ ვთანამშრომლობთ ექსპერტებისა და პარტნიორების ფართო ქსელთან მსოფლიოს 170 ქვეყანაში და ვეხმარებით ქვეყნებს, შეიმუშაონ ინტეგრირებული და მდგრადი მიდგომები ადამიანებისა და პლანეტის საკეთილდღეოდ. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.undp.org ან გამოგვყევით სოციალურ მედიაში @UNDP.

UNDP-ის საინფორმაციო დაფების შესახებ:

საინფორმაციო დაფები მონაცემთა ცხრილებია, სადაც სხვადასხვა ფერის გამოყენებით შესაძლებელია COVID-19 პანდემიის მიმართ ქვეყნების მზაობისა და ამ კრიზისის შედეგების მიმართ მოწყვლადობის მონიტორინგი. თითოეული ინდიკატორის მიხედვით შესაძლებელია ქვეყნები პირობითად იყოფა 5 ჯგუფად და ცალკეული ქვეყნის შედეგების შედარება შესაძლებელია სხვა ქვეყნების შედეგებთან. ზედა მეხუთედში მყოფი ქვეყნის შედეგები უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნების 80 პროცენტის მაჩვენებლები, ხოლო საშუალო მეხუთედში მყოფი ქვეყნის მაჩვენებლები უსწრებს ქვეყნების 40 პროცენტის მაჩვენებლებს და შესაბამისად ჩამორჩება ქვეყნების 40 პროცენტის მაჩვენებლებს. ცხრილებში წარმოდგენილი ინფორმაცია ეყრდნობა ოფიციალური საერთაშორისო წყაროების მონაცემებს.