აღმოსავლეთ პარტნიორობის მერები მომავლის ქალაქების პერსპექტივებზე მსჯელობენ
ურბანული განვითარების ინოვაციური გზების ძიებაში
2 October 2023
200-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო ორდღიან რეგიონულ ურბანულ ფორუმში მომავლის ქალაქები/Future-Fit Cities, რომელიც 4-5 ოქტომბერს ბათუმში გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორები არიან ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)და პარტნიორი ორგანიზაციები.
ფორუმის მიზანია ქალაქების განვითარების ახალი გზების გამონახვა თანამედროვეობის გამოწვევების გათვალისწინებით. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს კომპლექსური მუნიციპალური საკითხები მწვანე, ინკლუზიური და მედეგი ქალაქების შექმნის გზით და რა შესაძლებლობებს ქმნის კერძო-საჯარო პარტნიორობა და ფინანსირება ქალაქების მდგრადი ზრდისთვის და ინოვაციების განვითარებისთვის.
ჟერალდ ჯერალდ აუდაზმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების, კავშირებისა და მწვანე გადასვლის გუნდის ხელმძღვანელმა (ევროკომისიის გენერალური დირექტორატი DG NEAR), ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროკავშირს, გაეროს განვითარების პროგრამას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ევროპულ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის. მან აღნიშნა, რომ ასეთი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო რესურსების მობილიზებასა და რეგიონისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული შესაძლებლობების გამოყენებას.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა მათ წარმატებული, მწვანე და მდგრადი ქალაქების განვითარება უზრუნველყონ და ამ ამბიციური გეგმის მისაღწევად, მეტი დაფინანსების მობილიზება შეძლონ.“ჯერალდ აუდაზი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების, კავშირებისა და მწვანე გადასვლის გუნდის ხელმძღვანელი, ევროკომისიის გენერალური დირექტორატი DG NEAR)
ლეილა სადიკუმ, UNDP-ის რეგიონული ცენტრის ცოდნისა და ინოვაციების გუნდის ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ ქალაქები მსოფლიოს კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალაა. ამავდროულად, სწორედ ქალაქები მოიხმარენ გლობალური რესურსების 75 პროცენტს და პასუხს აგებენ სათბური აირების გაფრქვევის უდიდეს ნაწილზე, 60-80 პროცენტზე.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის მუნიციპალიტეტები რთულ პერიოდს გადიან, თუმცა კრიტიკული საკითხების განხილვა ეკონომიკური ზრდისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.“ლეილა სადიკუ, UNDP-ის რეგიონული ცენტრის ცოდნისა და ინოვაციების გუნდის ხელმძღვანელი
ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ბათუმი მიესალმება რეგიონის ქალაქების მერთა შეკრებას.
„ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ბევრი სიკეთე მოაქვს ჩვენი ქალაქისთვის, მათ შორის განვითარების ახალი გზების აღმოჩენის მხრივ.“არჩილ ჩიქოვანი, ბათუმი მერი
ფორუმზე გაიმართა სიღრმისეული მსჯელობა თანამედროვე ურბანული ლანდშაფტის შესახებ და დაისახა სტრატეგიული გზები მედეგი, ეკოლოგიურად მდგრადი და ძლიერი ქალაქების მშენებლობისკენ. მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა მართვა, ფინანსები და მწვანე მომავლისკენ გადასვლა რეგიონში მიმდინარე კრიზისების გათვალისწინებით.
მოხსენებები წარადგინეს უმაღლესი რანგის გამომსვლელებმა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ARUP, Creative Bureaucracy Festival, Centre for Public Impact, Demos Helsinki და CHÔRA. ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები და საქართველოს, მოლდოვას, ჩრდილო მაკედონიისა და უკრაინის დელეგატები.
დამატებითი ინფორმაცია
ინიციატივა მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) 2017 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. 2021 წლიდან, ამ ინიციატივის მართვას უძღვება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის
ევროკომისიის მხრიდან:
- ტიბო შარლე, პროგრამის მენეჯერი, DG NEAR, thibault.charlet@ec.europa.eu
გაეროს განვითარების პროგრამის მხრიდან:
- ანტონ სიდორენკო, პროგრამა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, anton.sydorenko@undp.org