გაეროს ინიციატივით ჩატარებული კვლევები აზრთა მრავალფეროვნებასა და თაობებს შორის შეხედულებათა სხვაობას აჩვენებს

გენდერული თანასწორობა საქართველოში
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივითა და შვედეთისა და შვეიცარიის ხელშეწყობით, თბილისში გაიმართა კონფერენცია „გენდერული თანასწორობა საქართველოში - რას გვაჩვენებს უახლესი კვლევები“. კონფერენცია ეხმიანება ქალთა საერთაშორისო დღის წლევანდელ თემას „ყველა ქალისა და გოგოსთვის: უფლებები. თანასწორობა. გაძლიერება“.
ღონისძიებას სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენციის მონაწილეებმა საზოგადოების ცვალებად აღქმებსა და წარმოდგენებზე იმსჯელეს და სხვადასხვა პერსპექტივიდან შეაფასეს საზოგადოებრივი აზრის დინამიკა. მსჯელობა შეეხო ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას, ეკონომიკური გაძლიერებასა და ზრუნვისა და საოჯახო შრომის გადანაწილებას.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვას და რეალური გენდერული თანასწორობის მიღწევას. სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ქალსა და გოგოს. ვითხოვთ კონკრეტულ ნაბიჯებს მათი უფლებების დაცვისა და მეტი შესაძლებლობების შექმნისთვის, რათა საქართველომ შეძლოს ისეთი მომავლის აშენება, სადაც არავინ დარჩება განვითარებისა და წარმატების მიღმა. ახალგაზრდა თაობის გაძლიერება და ხელშეწყობა ამ ხედვის განუყოფელი ნაწილია, რადგან სწორედ ახალგაზრდები წარმოადგენენ მდგრადი ცვლილების მამოძრავებელ ძალას“, - განაცხადა დიდიე ტღებიუკმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში.
„ქალთა საერთაშორისო დღეს, ყურადღებას ვამახვილებთ გენდერული თანასწორობის გზაზე არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. უაღრესად მნიშვნელოვანია, სათანადოდ გავაცნობიეროთ და შევაფასოთ ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობის მხრივ არსებული ბარიერები, რათა ქალებმა ქვეყნის მომავლის მშენებლობაში აქტიური როლის შესრულება შეძლონ“, - აღნიშნა ელიზაბეთ ბრანდბერგმა, საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა და ელჩის მოადგილემ.
„ქალებსა და კაცებს შორის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თანასწორობის მიღწევა წარმატებული საზოგადოების საფუძველია. მნიშვნელოვანია, გენდერულად მგრძნობიარე მიდგომები ყველა სექტორში დაინერგოს, რაც რესურსებისა და შესაძლებლობების თანასწორ გამოყენებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში თანასწორ მონაწილეობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ბარბარა ბონიმ, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა.
კონფერენციაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ორი უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა, რომლებიც საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების მხრივ არსებულ წარმოდგენებსა და განწყობებს ასახავს:
- კაცები, ქალები და გენდერული თანასწორობა საქართველოში (IMAGES) 2024 შვედეთის ხელშეწყობით ჩატარებული კვლევაა, რომელიც ქალებისა და კაცების შეხედულებებსა და საზოგადოებაში გავრცელებულ სოციალურ ნორმებს წარმოაჩენს. ეს კვლევა საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა, რაც 2024, 2019 და 2013 წლების მონაცემების შედარებისა და 12-წლიანი დინამიკის გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. 2024 წლის კვლევა „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით განხორციელდა.
- გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულებების კვლევა (GEAS) 2024 საქართველოში პირველად ჩატარდა. კვლევა განახორციელეს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) და CRRC-საქართველომ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით. კვლევა ეყრდნობა Unstereotype Alliance-ის გლობალურ მეთოდოლოგიას, რომელიც გენდერული თანასწორობის მიმართ არსებულ განწყობებს 10 ძირითადი სფეროს, მათ შორის განათლების, დასაქმების, ზრუნვისა და საოჯახო მოვალეობების გადანაწილების, დაცულობისა და ფინანსური დამოუკიდებლობის მიხედვით აფასებს.
მათი განსხვავებული მეთოდოლოგიების მიუხედავად, ორივე კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობაში იზრდება აზრთა მრავალფეროვნება გენდერული თანასწორობის შესახებ, რაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მონაცემების შედარებისას განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება.
ახალგაზრდა თაობა (35 წლამდე), ქალები და დასაქმებულები უფრო მეტად ემხრობიან თანასწორობის პრინციპებს და მხარს უჭერენ სახელფასო სხვაობის აღმოფხვრასა და მოვალეობების თანაბარ განაწილებას როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გენდერული როლების აღქმა საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანია. გამოკითხულთა 57.5% მიიჩნევს, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა. ამასთანავე, კიდევ უფრო მეტი ადამიანი, 62%, ფიქრობს, რომ ქალების აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა.
2019 წელთან შედარებით, ნაკლები კაცი თვლის, რომ მშობლების სახლი ქალებსა და კაცებს შორის თანაბრად უნდა განაწილდეს: 60.6% — 2019 წელს და 51.5% — 2024 წელს.
სტრუქტურული ბარიერები კვლავ თვალსაჩინოა: 2-ჯერ მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ არჩევითი თანამდებობის მიღწევა უფრო რთულია ქალებისთვის (22%), ვიდრე კაცებისთვის (11%). ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ძირითად ხელშემშლელ ფაქტორებად კი ოჯახური მოვალეობები (49%) და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები (27%) სახელდება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის გაეროსა და შვედეთის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის მიღწევას ემსახურება. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა ისეთ სფეროებზე ვრცელდება, როგორებიცაა ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობის გაზრდა, სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დაცვა და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრა. პროგრამას ახორციელებს გაეროს სამი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women). პროგრამის მიმდინარე ეტაპი გაგრძელდება 2026 წლის ბოლომდე, შვედეთის მხრიდან 7.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით.
ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტია, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) 4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ელენე საყვარელიძე, UNDP, +995 599 003944, elene.sakvarelidze@undp.org
- სოფო ჭაავა, UNFPA, +995 577 042288, chaava@unfpa.org
- სალომე მოდებაძე, UNFPA, +995 598 777779, modebadze@unfpa.org
- გვანცა ასათიანი, UN Women, +995 599 517371, gvantsa.asatiani@unwomen.org
- ნინო ნატროშვილი, UN Women, +995 595 356468, nino.natroshvili@unwomen.org