100,000 ევროს ღირებულების პროექტის შედეგებით მაჭახლის ხეობის 3,000 მაცხოვრებელი ისარგებლებს
UNDP და ჩეხეთი ხელს უწყობენ მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ეფექტიან მართვას და ადგილობრივი სოფლების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას
25 January 2024
გაეროს განვითარების პროგრამა, ჩეხეთის რესპუბლიკის დაფინანსებით, იწყებს ახალი ინიციატივის განხორციელებას მაჭახელას დაცული ლანდშაფტის წარმატებული განვითარების მიზნით. 16-თვიანი პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტი 100,000 ევროს შეადგენს, დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას დაეხმარება და ამ ახლადშექმნილი დაცული ტერიტორიის მდგრად და ეფექტიან მართვას შეუწყობს ხელს.
პროექტის ფარგლებში შემუშავდება დაცული ლანდშაფტის მართვის გეგმა და ჩამოყალიბდება ურბანული და სივრცითი დაგეგმარების სისტემა. ამ ერთიანი მიდგომის გამოყენებით, დაცულ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება უნიკალური გარემოსა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გათვალისწინებით.
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ხელშეწყობა განხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.
24 იანვარს, ჩეხეთის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, პეტრ კუბერნატმა, და UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, დაგლას უებმა, პროექტის განხორციელებასა და თანამშრომლობის სამომავლო გზებზე იმსჯელეს.
„ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სანდო პარტნიორი და მოკავშირეა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა გარემოს დაცვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და მწვანე ტექნოლოგიების დანერგვა. მოხარულები ვართ, რომ გაეროს განვითარების პროგრამასთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ხელს შევუწყობთ მაჭახლის ხეობის ბუნებრივი საგანძურისა და უნიკალური კოლხური ტყეების დაცვას.“პეტრ კუბერნატი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
„დაცულ ტერიტორიებს აქვთ როგორც გარემოსდაცვითი, ისე ეკონომიკური მნიშვნელობა. თუმცა ამ მრავალმხრივი პოტენციალის სრულად გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სწორი მართვის პირობებში, რომელიც ადამიანისა და პლანეტის ინტერესებს ითვალისწინებს.“დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
მაჭახელას დაცული ლანდშაფტი 2022 წელს, UNDP-ის, ჩეხეთის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად დაარსდა. 4,294 ჰექტარზე გაშლილი დაცული ტერიტორია მდინარე მაჭახელს და მის ქვედა შენაკადებს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელსა და სახელმწიფო ტყის ნაწილს მოიცავს.
მაჭახელას დაცული ლანდშაფტი უნიკალური ბიომრავალფეროვნებითა და მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით გამოირჩევა. გარდა ამისა, ის უშუალოდ უკავშირდება სამ დაცულ ტერიტორიას - კინტრიშის, მაჭახლისა და მტირალას ეროვნულ პარკებს, რომლებიც „ევრაზიული ამაზონის“ ანუ კოლხური ტყეების დასაცავად შეიქმნა.
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ეფექტიანი მართვა დააჩქარებს ეკო-ტურიზმის განვითარებას, ხელს შეუწყობს მდგრადი სოფლის მეურნეობის დანერგვას და შექმნის სხვდასხვა სახის ეკონომიკურ შესაძლებლობებს ადგილობრივი სოფლების 3,000-ზე მეტი მაცხოვრებლისთვის. დაცული ტერიტორიის გამართული ფუნქციონირების შედეგად, დარეგულირდება რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიც, ხოლო ტერიტორიული და ინფრასტრუქტურული განვითარება გარემოსდაცვითი მოსაზრებების გათვალისწინებით წარიმართება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უკვე ათ წელზე მეტია ხელს უწყობს აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოებასა და განვითარებას. ეს მრავალმხრივი საქმიანობა მოიცავს მაჭახელას ეროვნული პარკის დაარსებასა და გამართვას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის განხორციელებას და სოფლის მდგრადი განვითარების პრაქტიკის დანერგვას. სხვადასხვა წლებში განხორციელებული პროექტები დაფინანსებულია ევროკავშირის, ჩეხეთის, იაპონიისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ.
საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org