გაეროს განვითარების პროგრამა და გერმანია ხელს უწყობენ კანონის უზენაესობის განმტკიცებას საქართველოში

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფებისთვის

10 July 2023
Rule of Law and Access to Justice

კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულებაზე წვდომა

გაეროს განვითარების პროგრამა, გერმანიის მხარდაჭერით, იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დაუცველი და მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისა და მედეგობის გაზრდისთვის.

პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, ქალების, ეთნიკური უმცირესობებისა და აგრეთვე გარემოსდაცვითი საფრთხის წინაშე მყოფი თემების ხელშეწყობას. გარდა ამისა, პროექტი მხარს დაუჭერს საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილებსა და უკრაინის მოქალაქეებს მათი სოციალური და ეკონომიკური მედეგობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

პროექტი განხორციელდება გერმანიის თანამშრომლობის დაფინანსებით, რომელიც 1.62 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. 

კანონის უზენაესობის ინსტიტუტების გაძლიერებით, ინკლუზიური ინფრასტრუქტურის განვითარებითა და დაუცველი მოსახლეობის სამართლებრივი გაძლიერების გზით, გაეროს განვითარების პროგრამა ხელს შეუწყობს სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობას და ამ მხრივ, გრძელვადიანი ცვლილებების მიღწევას.

„გერმანია მხარს უჭერს ინკლუზიურ განვითარებასა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებას საქართველოში. მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ UNDP-სთან და სხვა პარტნიორებთან კანონის უზენაესობის ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლის მისაღწევად. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება ასევე დაეხმარება საქართველოს ყველაზე გაჭირვებულ თემებს."
პიტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში
„გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის პარტნიორობა მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს საერთო ძალისხმევაში, რომელიც საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურება. კანონის უზენაესობის ეროვნული სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება გადამწყვეტია ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისთვის. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების ხელშეწყობას, რადგან სწორედ ეს განაპირობებს მართლმსაჯულების თანასწორობას ყველასთვის."
ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

ადგილობრივ აქტივობებთან ერთად, UNDP-სა და გერმანიის ახალი პროექტი ასევე ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ცოდნის, პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლა საქართველოს, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის კანონის უზენაესობის პროფესიონალებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის.

საკონტაქტო ინფორმაცია: