გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის ხელშეწყობით, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა და უკრაინა აღრმავებენ თანამშრომლობას მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ახალი რეგიონული სტანდარტების დაწესების მიმართულებით
საქართველო მასპინძლობს რეგიონულ კონფერენციას კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ
2 December 2023
1-2 დეკემბერს, თბილისში გაიმართა რეგიონული კონფერენცია „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“. კონფერენციის მუშაობაში ჩაერთნენ საქართველოს, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და იურიდიული დახმარების მიმწოდებელი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის ხელშეწყობითა და ოთხი მონაწილე ქვეყნის მთავრობებთან თანამშრომლობით.
კონფერენცია გახსნეს დაგლას უებმა, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, და ლიდია ქრისტმანმა, სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა გერმანიის საელჩოში.
მათ ხაზი გაუსვეს კანონის უზენაესობის ინსტიტუტების ფუნდამენტურ როლს ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის პროცესში.
„გაეროს განვითარების პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს რეგიონის ქვეყნების მთავრობებთან, სამოქალაქო საზოგადოებებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ყველასთვის და განსაკუთრებით დაუცველი სოციალური ჯგუფებისთვის."დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
„თბილისის რეგიონული კონფერენცია ოთხი ქვეყნის გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და მართლმსაჯულების პროფესიონალებს აერთიანებს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია კანონის უზენაესობის რეგიონული თანამშრომლობის ქსელის განმტკიცებისთვის და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის."ლიდია ქრისტმანი, სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი გერმანიის საელჩოში
კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართეს ნინო ქადაგიძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, და ლევან იოსელიანმა, საქართველოს სახალხო დამცველმა.
მათ აღნიშნეს, რომ თბილისის კონფერენცია აღრმავებს რეგიონულ თანამშრომლობასა და პარტნიორობას ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობის განმტკიცება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
აგატა ნიებოი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების გუნდის ხელმძღვანელი, და აინურა ბეკოევა, UNDP-ის სტამბულის რეგიონული ჰაბის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სპეციალისტი, წარდგნენ სპეციალური მოხსენებებით ოთხი მონაწილე ქვეყნის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ კანონის უზენაესობის დამყარების საქმეში.
მათ ხაზი გაუსვეს, რომ ქვეყნებმა მეტი ძალისხმევა უნდა გაწიონ გამჭვირვალე და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით, განსაკუთრებით საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული მისწრაფების გათვალისწინებით.
დისკუსიაში ასევე მიიღო მონაწილეობა ქეით თომფსონმა, UNDP-ის კრიზისების ბიუროს ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების მიმართულების ხელმძღვანელმა.
მან ისაუბრა რეგიონულ და გლობალურ ტენდეციებზე კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მხრივ.
თბილისის რეგიონული კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა რამდენიმე პანელური დისკუსია, სადაც ოთხი ქვეყნის საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ინსტიტუტების გაძლიერების მხრივ არსებულ გამოცდილებაზე, საუკეთესო პრაქტიკასა და დაუცველი სოციალური ჯგუფების ხელშეწყობაზე.
კონფერენციის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი იყო თბილისის დეკლარაციის მიღება იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ.
ეს დოკუმენტი, რომელსაც ოთხივე ქვეყნის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, ადგენს რეგიონულ სტანდარტებს ადამიანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისთვის და აძლიერებს კოორდინაციას საქართველოს, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის სახელმწიფო იურიდიული დახმარების მიმწოდებლებს შორის.
კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები გაემგზავრნენ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, სადაც სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ. მათ ასევე მოინახულეს უკრაინული სახლი თბილისში.
ამ ვიზიტების მიზანი იყო საქართველოს გამოცდილების გაზიარება დაუცველი და მოწყვლადი მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევის მიმართულებით და საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი მხარდაჭერის პროგრამების გაცნობა.
გაეროს განვითარების პროგრამა და გერმანიის მთავრობა აქტიურად უჭერენ მხარს ამ საქმიანობას როგორც დაფინანსების, ისე ტექნიკური დახმარებისა თუ სტრატეგიული ხელშეწყობის გზით.
დამატებითი ინფორმაცია
გერმანიის მხრიდან 1.62 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში კანონის უზენაესობის ინსტიტუტების განმტკიცებას და დაუცველი მოსახლეობის სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას. მეტი ინფორმაცია ამ პროექტზე ხელმისაწვდომია UNDP-ის ვებგვერდზე.
საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ელენე საყვარელიძე, UNDP, +995 599 003944, elene.sakvarelidze@undp.org