ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივა (BIOFIN)
მიმოხილვა
ბიომრავალფეროვნების ფინანსირება სახსრების მოძიებისა და მართვის პრაქტიკაა, რომელიც ბიომრავალფეროვნების მართვისათვის გამოიყენება. ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივა (BIOFIN) გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკომისიის მიერ წამოწყებული გლობალური პარტნიორობაა, რომელიც ეხმარება მსოფლიოს ქვეყნებს გააუმჯობესონ ბიომრავალფეროვნებისა და ეკო-სისტემების ფინანსური მართვა. ამ საერთაშორისო პროექტში უკვე ჩაერთო მსოფლიოს 40 ქვეყანა (არგენტინა, ბელიზი, ბრაზილია, ბუტანი, ბოტსვანა, გაბონი, გვატემალა, ეგვიპტე, ეკვადორი, ვიეტნამი, ზამბია, ინდოეთი, ინდონეზია, კამბოჯა, კოლუმბია, კოსტა რიკა, კუბა, მადაგასკარი, მალავი, მალაიზია, მექსიკა, მოზამბიკი, მონღოლეთი, ნეპალი, პერუ, რუანდა, სამხრეთ აფრიკა, საქართველო, სეიშელის კუნძულები, ტაილანდი, ტანზანია, უგანდა, უზბეკეთი, ფილიპინები, ფიჯი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, შრი-ლანკა, ჩილე და ჩინეთი).
რას ვაკეთებთ
ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივაში (BIOFIN) ჩართულ ქვეყნებში ხორციელდება საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი შეფასება, რომლის მიზანია ბიომრავალფეროვნების ფინანსირების გეგმის შემუშავება რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებზე დაყრდნობით, ინოვაციური მეთოდების გამოყენებითა და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით.
ინიციატივის მიზანია მეთოდოლოგიის შემუშავება, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ხარვეზი ეროვნულ დონეზე, რათა მოხდეს მისი ეფექტურობის გაუმჯობესება და ბიომრავალფეროვნების გათვალისწინება ეროვნული განვითარებისა და სექტორულ დაგეგმარებაში, ასევე, ყოვლისმომცველი ეროვნული ფინანსირების გეგმების შემუშავებაში. ამგვარად, ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივა ქმნის საფუძველს სიღრმისეული ანალიზისა და სახსრების მობილიზაციის სტრატეგიების შემუშავებისათვის, რაც თავის მხრივ, საშუალებას მისცემს ქვეყნებს განახორციელონ თავისი ეროვნული ბიომრავალფეროვნების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები და შეასრულონ ეროვნული ბიომრავალფეროვნების მიზნები. ინიციატივა ხელს შეუწყობს ეროვნული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებას, რითიც საფუძველი ჩაეყრება პლატფორმას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინტეგრაციისათვის.
ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (BIOFIN) მეთოდოლოგია ხუთ ძირითად ნაბიჯს მოიცავს:
ბიომრავალფეროვნების ფინანსირების პოლიტიკისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასება (PIR) - ქვეყნის პოლიტიკური და ინსტიტუციური კონტექსტის ანალიზი იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ბიომრავალფეროვნების ფინანსირების საფუძველი. ანალიზში შეფასებულია ქვეყნის ფისკალური, ეკონომიკური, იურიდიული, პოლიტიკური და ინსტიტუციური სტრუქტურების ურთიერთკავშირი.
ბიომრავალფეროვნების დანახარჯების შეფასება (BER) - დეტალური მონაცემების გამოყენება საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების ბიუჯეტების, გადანაწილებისა და დანახარჯების შესახებ ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესებული პოლიტიკის, ფინანსირებისა და შედეგების მხარდაჭერისათვის.
ფინანსური საჭიროებების შეფასება (FNA) - ეროვნული და ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების მიზნების მისაღწევად საჭირო ფინანსური რესურსების შეფასება, რომლებიც ეროვნულ ბიომრავალფეროვნების გეგმებში და სხვა ეროვნული დაგეგმარების მექანიზმებით არის გაწერილი. FNA-ის საშუალებით ხდება აღნიშნული ფინანსური საჭიროებების შედარება ბიომრავალფეროვნების მოსალოდნელ ხარჯებთან; იქმნება საბიუჯეტო მონაცემები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას ბიომრავალფეროვნების ინვესტირების ადვოკატირებისთვის; ბიომრავალფეროვნების და ხარჯების კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ხდება ბიომრავალფეროვნების პრიორიტეტული სტრატეგიების და ქმედებების განსაზღვრა; და ბიომრავალფეროვნების ფინანსირების დაუკმაყოფილებელი საჭიროებების შეფასება.
ბიომრავალფეროვნების ფინანსირების გეგმა (BFP) - ეროვნულ დონეზე დამტკიცებული ბიომრავალფეროვნების ფინანსირების გეგმა, რომელიც წარმოადგენს თანმიმდევრულ და მრავალმხრივ ეროვნულ მიდგომას. მასში გამოყენებულია ბიომრავალფეროვნების ფინანსირების პროცესში შეგროვებული მტკიცებულებები, რითიც განისაზღვრება ყველაზე შესრულებადი და გავლენის მქონე გადაწყვეტები. გეგმა წარმოადგენს ეროვნულ დოკუმენტს, რომელის შემუშავებაში ჩართულია საჯარო და კერძო სექტორები და სამოქალაქო საზოგადოება.
ფინანსირების გადაწყვეტების განხორციელება - სახელმძღვანელო მექანიზმი ქვეყნებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბიომრავალფეროვნების ფინანსირების პროცესი ფინანსირების გეგმის შემუშავების შემდეგ.
BIOFIN-ის პირველი და მეორე ფაზის განმავლობაში ხუთი პრიორიტეტული ფინანსირების გადაწყვეტის პილოტირება განხორციელდა:
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის დასაბუთების შესაძლებლობების გაუმჯობესება.
- გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ხარისხის, ექსპერტიზის და ეფექტურობის გაუმჯობესება.
- სახელმწიფო ტყეებში ეკოტურიზმის შემოთავაზებების გაუმჯობესება.
- სახსრების მობილიზაციის შესაძლებლობების გაუმჯობესება ბუნების კონსერვაციის და მართვის მიზნებისათვის.
- ბუნებრივი რესურსების გადასახადების და კვოტირების სისტემების განახლება.
BIOFIN-ის მეორე ფაზის განმავლობაში შემდეგი პრიორიტეტული ფინანსირების გადაწყვეტების პილოტირება განხორციელდება:
- სოფლის მეურნეობის სუბსიდირების შედეგად ბიომრავალფეროვნებაზე პოტენციური ნეგატიური გავლენის შეფასება და შემცირება.
- ეროვნული სატყეო სააგენტოს რესურსებისა და ტყის კონსერვაციის დაფინანსების გაუმჯობესების მიზნით მერქნული რესურსის ხარჯთეფექტური და მდგრადი მართვის სისტემის შემუშავება.
- ტყის არამერქნული რესურსებით მდგრადი სარგებლობის მეშვეობით საქართველოს სასოფლო რეგიონების COVID-ის შემდგომი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მხარდაჭერა.
- ბიომრავალფეროვნების ახალი 2020 წლის შემდგომი ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა ფინანსური საჭიროებების შეფასებისა და ბიომრავალფეროვნების ფინანსირების გეგმის განახლებით.
შედეგები
2019 წლისთვის საქართველომ დაასრულა ბიომრავალფეროვნების ფინანსირების პოლიტიკისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების (PIR), ბიომრავალფეროვნების დანახარჯების (BER) და ფინანსური საჭიროებების (FNA) შეფასებები და ბიომრავალფეროვნების ფინანსირების გეგმის (BFP) შედგენა.
ფინანსირების გადაწყვეტების პილოტირების შედეგად მიღწეულია შემდეგი შედეგები:
- 2019 წლიდან ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველწლიური ასიგნებები გაიზარდა 100,000 ლარიდან 400,000 ლარამდე. ჯამურად, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ასიგნებები ყოველწლიურად გაიზარდა 620,000 ლარით (დაახლოებით 240,000 აშშ დოლარი).
- მომზადდა გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული პირველი სახელმძღვანელო მითითებები და შემუშავდა მონიტორინგისა და ინსპექტირების საკონტროლო სიების გამოყენების ონლაინ ინსტრუმენტი.
- შემუშავდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ეკოტურიზმის განვითარების 5-წლიანი გეგმა, რომელსაც ეროვნული სატყეო სააგენტო საქართველოს სხვა სატყეო უბნებზეც ახორციელებს.
- შემუშავდა სახსრების მოზიდვის ინოვაციური მექანიზმები თბილისის ზოოპარკის კონსერვაციისთვის საჭირო თანხების შესაგროვებლად.
- შემუშავდა თანხების მოზიდვის სამოქმედო გეგმა გადაშენების პირას მყოფი 3 ენდემური სახეობის (ნიამორი, ჯიხვი და ირემი) და დატყვევებული დათვის ბელების რეაბილიტაციისთვის.
- ამჟამად არარეგულირებადი და კომერციულად გამოყენებული არამერქნული ტყის პროდუქტების კვლევის საფუძველზე, მომზადდა კომერციულად ყველაზე საინტერესო სახეობების ნუსხა.
- განისაზღვრა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და რეგულირების გადასახადი ყველა პრიორიტეტული სახეობისთვის.
- მომზადდა შესაბამისი ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში.
- მომზადდა გრძელვადიანი რესურსების მდგრად გამოყენებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციებით გათვალისწინებული სარგებლის სოციალურ-ეკონომიკური ანალიზი და დასაბუთება.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
მ. გელოვანის გამზირი 6
თბილისი 0159 საქართველო
საკონტაქტო პირები
თორნიკე ფულარიანი
პროექტის ეროვნული კოორდინატორი საქართველოში
tornike.phulariani@undp.org
ეკატერინე მენთეშაშვილი
ადმინისტრაციული და ფინანსური ასისტენტი
ekaterine.menteshashvili@undp.org
ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org
პროექტის შესახებ
სტატუსი | მიმდინარე |
დაწყების თარიღი | აპრილი 2016 |
დასრულების თარიღი | დეკემბერი 2023 |
საქმიანობის სფერო | გარემოს დაცვა & ენერგეტიკა |
პარტნიორები | გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ფინანსთა სამინისტრო |
დონორები | გერმანიის, შვეიცარიის, ნორვეგიისა და ფლანდრიის მთავრობები. ევროკავშირი |
ბიუჯეტი | USD 1,205,000 |