ფერადი რუსთავი

რუსთაველი ახალგაზრდები საქმით ამტკიცებენ, რომ მათ ქალაქს დიდი მომავალი აქვს

8 მაისი 2018

ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP

საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს ზოგჯერ ვერ ვაკონტროლებთ და სუბიექტური დამოკიდებულება ჩვენდა უნებურად, დაუსაბუთებლად ყალიბდება. ქალაქებზე, რომელშიც არასოდეს ვყოფილვარ, ჩემი წარმოდგენა და შეხედულება მაქვს, მათ შორის რუსთავზე. ყოველთვის მჯეროდა რომ რუსთავი მოსაწყენი, უკაცრიელი და ნაცრისფერი ქალაქი იყო. უფრო მეტიც, ვფიქრობდი, რომ საბჭოთა კავშირის გავლენა დღესაც ეტყობოდა მის არქიტექტურას და ამძიმებდა ქალაქის სულს. ჩემს წარმოდგენაში დარწმუნებულს, ამ შეთხზული დახასიათების გადამოწმება არასოდეს მიცდია.

პირველად რუსთავს ერთი თვის წინ ვესტუმრე, როდესაც გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP) ჩემი სტაჟირების ხელმძღვანელმა რუსთავის პროექტზე მუშაობა შემთავაზა. ასე პირველად ჩავედი ქალაქში, რომელსაც დაუსწრებლად ვაკრიტიკებდი.

ქალაქში შესვლისთანავე წარმოდგენილი რუსთავის “მაკეტი” მყისიერად თავზე დამემხო.

გაოცებული ვუყურებდი მომხიბვლელ გარემოს განახლებული ქუჩებით, შთამბეჭდავი ძეგლებით, ბავშვებით სავსე მწვანე პარკით, გემრიელი კაფეთი და უამრავი სხვა დეტალით, რომელიც სრულებით არ შეესაბამებოდა ჩემს  წინასწარშეგონებულ სურათს. მოულოდნელმა ატმოსფერომ ამ წარმოდგენის ნგრევა დაიწყო და რუსთავის მიმართ გაჩენილი უდიდესი სიმპათიით მალევე ჩაანაცვლა. 

ფერადი რუსთავი

რუსთაველების  გაცნობამ ჩემი აღქმა საბოლოოდ თავდაყირა დააყენა. გავიცანი ადამიანები, რომლებსაც უყვართ თავისი ქალაქი, მოსწონთ აქ ცხოვრება და მუშაობა, საკუთარ თავს აქაურობას მიაკუთვნებენ და ამით ძალიან ამაყობენ. მაცხოვრებელთა უანგარო სიყვარული, ალბათ, ქალაქის ყველაზე დიდი განძია. რუსთავი მოსაწყენი ქალაქი ვერასოდეს იქნება, მანამდე სანამ მისი მაცხოვრებლები ასეთი მზრუნველობით ეპყრობიან. 

რუსთავის შესახებ მოკლე ფილმის გადაღებისას სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანებს გავესაუბრე. მათი განსხვავებული გემოვნებისა და ხედვის მიუხედავად, ყველა რუსთაველს ქალაქის სიყვარული და მასზე მზრუნველობის გაათმაგებული გრძნობა აერთიანებს. სწორედ ეს გულწრფელი ემოცია ქმნის რუსთავის სოციუმის ერთობას, რომელიც ქალაქის განვითარების პროცესში უდიდეს როლს თამაშობს.

რუსთაველებს სჯერათ, რომ მათ ქალაქს დიდი მომავალი აქვს და ამ მიზნის მისაღწევად ერთიანდებიან. 

ფოტოს ავტორი: სოფო ჭიჭინაძე/UNDP

რუსთაველი ახალგაზრდობა  ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებულ პროცესებში აქტიურადაა ჩართული. ოცდაათზე მეტი ახალგაზრდა უკვე შეუერთდა პროეტს Futuremakers(link is external), რომელიც საქართველოში, სომხეთსა და ეგვიპტეში მიმდინარეობს და ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართვის ინოვაციური პროტოტიპების შექმნას ითვალისწინებს. საქართველოში ამ ინიციატივას მხარს უჭერენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოხალისეები (UNV)(link is external), საერთაშორისო ორგანიზაცია Edgeryders(link is external), საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისლაბი(link is external) და რუსთავის მერია(link is external).  

ენთუზიაზმითა და ახალი იდეებით აღსავსე ახალგაზრდების წყალობით, ქალაქში უკვე გამოჩნდა ფერადი გრაფიტი(link is external) და ქვეითთა გადასასვლელი ზებრა(link is external) და ეს მხოლოდ დასაწყისია.

რუსთავი უკვე აქტიურად თანამშრომლობს სერვისლაბთან ადგილობრივი თვითმმართველობის ინოვაციური პროექტების განსახორციელბლად, ხოლო 2017 წლის სექტემბერში ქალაქი უმასპინძლებს გლობალური მიზნების ფესტივალს, რომლითაც დაიწყება მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ეროვნული კამპანია საქართველოში.

ფერადი რუსთავის ისტორია გრძელდება...