მეწარმე ქალის მიერ შექმნილი სენსორული სათამაშო ბავშვების განვითარებას ეხმარება
თამაშით დაწყებული ბიზნესი
5 June 2023
მაგიდასთან ორი ბავშვია, ხელში სათამაშო ცომის ფერადი ბურთები უჭირავთ და სხვადასხვა ფორმისა და ზომის ფიგურებს ძერწავენ. მადონა ბეინაშვილისა და მისი ორი შვილისთვის, ბესოსთვისა და ლიზისთვის, ეს ყოველდღიური გასართობია, რომელიც ოჯახის წევრებს ერთმანეთთან აახლოებს. ბესოს აუტისტური სპექტრი აქვს. სენსორული თამაშები მას სხვადასხვა უნარების განვითარებაში ეხმარება.
მას შემდეგ, რაც მადონაგაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკისა და შვედეთის „ქალთა განვითარების პროგრამაში“ ჩაერთო, ოჯახური გართობა ბიზნესად გადაიქცა. ბესოს და ლიზის სათამაშო ცომის ბურთები, „ბელის ცომიკები“, ამჯერად უკვე წარმატებული მცირე საწარმოა, რომელსაც ხალისი მოაქვს ბავშვებისთვის მთელს საქართველოში.
„ბელის ცომიკები“ ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული საძერწი ცომია, რომელიც ბავშვებსა და მოზრდილებს გართობის, შემეცნების, შემოქმედებისა და თერაპიის საშუალებას სთავაზობს.
„ჩვენი ცომიკებს სასიამოვნო ფაქტურა აქვს. ძალიან ლამაზი, ფერადი და სახალისოა. თანაც, სრულიად უსაფრთხო, რადგან ნატურალური, ხარისხიანი და უვნებელი ინგრედიენტებით მზადდება. ბავშვმა შემთხვევით თუ გასინჯა, არაფერი დაშავდება, თუმცა მარილისა და ლიმონმჟავას გამო, საკმაოდ თავისებური გემო აქვს და ბავშვებისთვის გემრიელი არაა“, - ამბობს მადონა.
მადონას შთაგონება მისი შვილები, განსაკუთრებით კი შვიდი წლის ბესოა. აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდი ყოველთვის დიდი სიამოვნებით თამაშობს დედის მიერ დამზადებული სენსორული სათამაშოებით, განსაკუთრებით კი საძერწი ცომით, რაც მის სენსორულ განვითარებასაც უწყობს ხელს. ბესოს მასწავლებლები და თერაპევტები ცომიკების პირველი შემფასებლები იყვნენ. სწორედ მათ აუხსნეს მადონას, რომ მის მიერ სახელდახელოდ შექმნილი სენსორული თამაში ამავე დროს საუკეთესო თერაპიაა.
მადონამ გადაწყვიტა, რომ მისი ფერადი ცომიკები მეწარმეობად ექცია, რათა სახალისო და სასარგებლო სენსორული თამაში ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ახალბედა მეწარმე აცნობიერებდა, რომ კარგი ბიზნეს-იდეა აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა წარმატების მისაღწევად. მას არასდროს უცდია მეწარმეობა და ამ მხრივ, არც ცოდნა, არც გამოცდილება გააჩნდა.
„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში“ მონაწილეობა სწორედ ის წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა, რომელმაც მადონას ბიზნეს-იდეა წარმატებულ განხორციელებამდე მიიყვანა.
UNDP-სა და საქართველოს ბანკის მიერ შვედეთის მხარდაჭერით შემუშავებული „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ ინოვაციური მიდგომაა, რომელიც მეწარმე ქალებზეა მორგებული. 360°-იან მოდელი წარმოების სრული ციკლის ხელშეწყობას გულისხმობს, მათ შორის მართვაში დახმარებას, დაფინასების მოზიდვასა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას.
მადონა იხსენებს, რომ „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში“ მონაწილეობამ ბიზნესის საწყის ეტაპზე საჭირო ბიძგი მისცა და გამბედაობა შესძინა. „ყოველდღიურ საქმიანობაში დღემდე მეხმარება ის, რაც სასწავლო პროგრამის მსვლელობისას ვისწავლე: მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია, სოციალური ქსელების გააქტიურება, შეფუთვაზე მუშაობა და გაყიდვების სტრატეგიის შედგენა.“
ამჟამად „ბელის ცომიკები“ სოციალური ქსელების მეშვეობით, ძირითადად ფეისბუკით იყიდება. სწრაფად მზარდი ბიზნესი მუდმივად ვითარდება, ხოლო მომხმარებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. მადონა ხშირად მონაწილეობს გამოფენებში და ერთვება სხვადასხვა საბავშვო აქტივობაში, რათა მისი სახალისო და სასარგებლო ცომიკების შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს.
„სტიმულს მაძლევს უკუკავშირი, მშობლების მიერ გაზიარებული ემოციები, ფოტოები და ვიდეოები, რომლებსაც ხშირად მიგზავნიან. მუდმივად ვცდილობ ჩემს მომხმარებელს სხვადასხვა სიახლე შევთავაზო, მაგალითად, ცომიკების ახალი შეფუთვა, ფერი ან დამატებითი აქსესუარი“, - ამბობს მადონა.
მადონას უმცროსი შვილი, ლიზი, უკვე ექვსი წლისაა და დედას აქტიურად ეხმარება. ლიზის მოსწონს ცომიკების დამზადება და ახალი შეფუთვების გამოგონება. მადონას ფერადი პროდუქციის პირველი შემფასებელიც სწორედ ლიზია.
მადონას იმედი აქვს, რომ მომავალში, ბიზნესის განვითარებასთან ერთად, „ბელის ცომიკების“ შოურუმის გახსნას შეძლებს და მომხმარებელს საბავშვო აქტივობებსაც შესთავაზებს. „ბელის ცომიკები“ კარგი მაგალითია, თუ როგორ იქცევა გამოწვევა შესაძლებლობად და როგორ აღწევს წარმატებას პასუხისმგებლიანი და ადამიანებზე ორიენტირებული ბიზნესი სწორი მიდგომების გამოყენებით.
UNDP-ის, UNFPA-ისა და შვედეთის მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალთა 85 პროცენტი თვლის, რომ ქალები გაცილებით უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდებიან კარიერულ გზაზე, ვიდრე კაცები, მიუხედავად იმისა რომ ქალთა მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკაში განუწყვეტლად იზრდება.
„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ ამ გამოწვევას პასუხობს, ეკონომიკაში ქალთა აქტიურ მონაწილეობასა და ლიდერობას უწყობს ხელს, ხოლო მოტივირებულ ადამიანებს ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო მოდელს სთავაზობს. ასეთი მიდგომის გამოყენებით, მადონა ბეინაშვილი და ბევრი სხვა მეწარმე ქალი საქართველოს გრძელვადიანი წარმატების ნაწილი გახდება და ეკონომიკაში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს.
შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის ხელს უწყობს მგრძნობიარე პოლიტიკის შემუშავებას, გენდერულად თანასწორი სოციალური და ეკონომიკური პრაქტიკის დამკვიდრებასა და გენდერული სტერეოტიპების დაძლევას საქართველოში. პროგრამას ახორციელებს გაეროს სამი სააგენტო: UNDP, UNFPA და UN Women.