მრავალფეროვანი და ინკლუზიური საჯარო სამსახური
მრავალფეროვანი და ინკლუზიური საჯარო სამსახური
26 April 2022
წინამდებარე პუბლიკაციების ნაკრები წარმოადგენს სამართლებრივი და პროცედურული ბარიერების კვლევას, რომლებიც ხელს უშლის საჯარო სექტორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმებას.
ძირითადი მიგნებები:
- ქართული ენის არასაკმარისი ცოდნა ერთ-ერთი ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, კერძოდ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მოსაუბრე ადამიანების საჯარო სექტორში დასაქმებისთვის.
- ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, ქალთა წარმომადგენლობა საჯარო სექტორში ნაკლებია საქართველოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით და 33 პროცენტს არ აღემატება.
- საჯარო სამსახურში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ჩართულობის გა-საზრდელად, მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს 1+4 სტაჟირების პროგრამა.
- მუნიციპალიტეტებში არსებობს საჯარო მოხელეების ეთნიკური მიკუთვნებულობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების გარკვეული პრაქტიკა. თუმცა, ამ მონაცემების თავმოყრა არ ხდება ცენტრალურ დონეზე საჯარო სამსახურის ბიუროში. ცალკეული მუნიციპალიტეტების მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია არაერთგვაროვანია და ხშირ შემთხვევაში, არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ თვითიდენტიფიკაციის და ანონიმურობის პრინციპებს.
- საჯარო სამსახურში შშმ პირთა დასაქმებაზე მოქმედებს იგივე ფაქტორები, რომლებიც ზოგადად განიხილება როგორც შშმ პირთა დასაქმების ძირითადი ბარიერები: შრომის ბაზარზე შშმ პირთა ნაკლები კონკურენტუნარიანობა, არაადაპტირებული ინფრასტრუქტურა, დამსაქმებლებსა და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული ხედვა და სტიგმა (განსაკუთრებით ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირთა მიმართ).
- საჯარო სამსახური კიდევ უფრო ნაკლებად არის ხელმისაწვდომი შშმ პირებისთვის მაღალი მოთხოვნების გამო – უმრავლეს შემთხვევაში საჭიროა უმაღლესი განათლება, რაც შედარებით იშვიათია შშმ პირებში.
ორი დამატებითი კვლევის მეშვეობით, შესწავლილია საჯარო სექტორში დასაქმებასთან დაკავშირებული პოლიტიკა და პროცედურები. ერთ-ერთი მათგანი ყურადღებას ამახვილებს ქალებზე, შშმ პირებსა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებზე, ხოლო მეორე აანალიზებს საჯარო სექტორში დასაქმების ძირითადი ონლაინ რესურსის - HR.GOV.GE-ის, ინკლუზიურობასა და ხელმისაწვდომობას.
კვლევები მომზადებულია საჯარო სამსახურის ბიუროს დაკვეთითა და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ადგილობრივ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან - „PMC Research“-თან და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრთან” თანამშრომლობით.