ევროკავშირის, დანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქსტატმა მუნიციპალური სტატისტიკის პორტალი წარადგინა
სანდო და გამჭვირვალე მუნიციპალური სტატისტიკა ხელს უწყობს ადგილობრივ განვითარებას საქართველოში
13 February 2023
სოფლად ცხოვრების დონის ამაღლება და რეგიონების დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სანდო და გამჭვირვალე მუნიციპალური სტატისტიკის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესის წარმატებისთვის. მრავალმხრივ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, უფრო ეფექტიანად შემუშავდება ადგილობრივი განვითარების მიზნობრივი პროგრამები, შეფასდება ადგილობრივი სერვისების ხარისხი და ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის წარმატებები და გამოწვევები.
ევროკავშირი და დანია, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, ხელს უწყობენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, საქსტატს, მუნიციპალური სტატისტიკის შეგროვებაში, სისტემატიზაციასა და გამოქვეყნებაში. ამ დახმარების ფარგლებში, საქსტატმა შეაგროვა და დაამუშავა უკვე ხელმისაწვდომი მუნიციპალური სტატისტიკური მონაცემები, განსაზღვრა ახალი სტატისტიკური ინდიკატორები და უზრუნველყო არსებული ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა.
შესრულებული სამუშაოს შედეგების წარდგენა 13 თებერვალს გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ევროკავშირი ზრუნავს საქართველოს რეგიონების შემდგომ განვითარებაზე, რათა ყველა ადამიანს ხელი მიუწვდებოდეს შესაძლებლობებსა და სერვისებზე. ამისი საფუძველი ნათელი, გასაგები და სანდო სტატისტიკური მონაცემებია. საქსტატის ახალი პლატფორმა დაეხმარება პოლიტიკის შემქმნელებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მათ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების საკეთილდღეოდ. მოხარულები ვართ, ერთად აღვნიშნოთ ამ პლატფორმის ამოქმედება.”კოლომბ დე მერსი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელი
„მუნიციპალიტეტებს სჭირდებათ სანდო და გამჭვირვალე სტატისტიკური ინფორმაცია, რათა თავისი საჭიროებები სწორად შეაფასონ და შესაბამისი პროგრამები დაგეგმონ. დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის მხარდაჭერის ფარგლებში, დანია ხელს უწყობს მუნიციპალური სტატისტიკის შეგროვების გაუმჯობესებას საქართველოში.“ენ ტოფტ სორენსენი, დანიის ელჩი საქართველოში
„რეგიონული და მუნიციპალური პორტალი ხელმისაწვდომი იქნება ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის და საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად მოიძიონ მათთვის სასურველი სტატისტიკური ინფორმაცია, როგორც რეგიონის ასევე მუნიციპალიტეტის დონეზე.“გოგიტა თოდრაძე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი
„UNDP მიესალმება ევროკავშირსა და დანიასთან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში ჩვენ ვეხმარებით საქსტატს მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელებაში. საქსტატის საქმიანობა პასუხობს საქართველოს ეროვნულ საჭიროებებს სტატისტიკური მონაცემების მხრივ და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.“ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
ევროკავშირისა და დანიის ხელშეწყობით, საქსტატმა შექმნა მუნიციპალური სტატისტიკის პორტალი regions.geostat.ge, რომელიც მისი საჯარო ვებგვერდის ნაწილს წარმოადგენს. პორტალზე განთავსებულია ინფორმაცია 64 მუნიციპალიტეტისა და 82 ინდიკატორის მიხედვით, რომლებიც მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ, სოციალურ და დემოგრაფიულ მდგომარეობას ასახავს. აქედან, 52 ინდიკატორი ეყრდნობა საქართველოს საჯარო უწყებების, მათ შორის, სამინისტროების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ხოლო დანარჩენი ინდიკატორები წარმოადგენს საქსტატის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგს.
საქსტატის ხელშეწყობა UNDP-ის ორი მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ხორციელდება -ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის“ (EU4ITD), და დანიის მიერ დაფინანსებული პროგრამის დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- მარიამ ყაველაშვილი, საქსტატი, +995 599 337133, mkavelashvili@geostat.ge
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- თეიკო კანდელაკი, UNDP, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
- თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2364364, tamriko.mikadze@eeas.europa.eu