ქართული ჩაის ამბავი

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე მწარმოებლები გარემოსადმი მეგობრული ტექნოლოგიების დანერგვას იწყებენ

26 October 2023
High-quality Georgian tea from the Imereti highlands
ფოტოს ავტორი: UNDP/თორნიკე ტურაბელიძე

ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცება ახალ პერსპექტივებს უქმნის საქართველოში წარმოებულ პროდუქციას, რომელიც თავისი თვითმყოფადობისა და მაღალი ხარისხის წყალობით დამაჯერებლად შემოდის ევროპულ ბაზარზე. თითოეულ ქართულ პროდუქტს თავისი ისტორია, ხანდახან ლეგენდაც კი მოყვება, რაც კიდევ უფრო მეტად იზიდავს ევროპელ მომხმარებელს. მაგალითად, ქართული ჩაი მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მოყვანილი ჩაია, თუმცა მისი ხავერდოვანი გემო და მდიდარი სურნელი არაფრით ჩამოუვარდება ინდოეთში, შრი-ლანკასა თუ კენიაში მოყვანილ კულტურებს.

დღეს საქართველოში 61 ჩაის მწარმოებელი კომპანია, რომელთა უმეტესობა მცირე მწარმოებლად ითვლება. წარმოების სიმცირის მიუხედავად, თითოეული მათგანი ცდილობს საკუთარი სიტყვა თქვას საერთაშორისო ბაზარზე და უნიკალური ქართული ჩაი მსოფლიოს მომხმარებელს გააცნოს.

ამის რეალური შესაძლებლობა მართლაც არსებობს, თუმცა მის გამოყენებას სხვადასხვა სახის ვალდებულებების შესრულებაც ახლავს თან, რაც პირველ რიგში, გარემოსადმი მეგობრული ტექნოლოგიების დანერგვასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო შეფუთვის გამოყენებას გულისხმობს.

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა, კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხელს უწყობენ ქართველ მწარმოებლების ამბიციური გეგმების შესრულებას და ევროპული ბაზრებისთვის შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვას.

„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება ახალი შესაძლებლობების გზას უხსნის საქართველოს მწარმოებლებს. ევროკავშირი აქტიურად თანამშრომლობს მცირე და საშუალო ბიზნესთან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა მხარი დაუჭიროს უფრო მწვანე და მდგრადი პრაქტიკის დანერგვას და ხელი შეუწყოს საქართველოს ბიზნესისა და მრეწველობის მომავალს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
„თანამედროვე ეკონომიკაში, მდგრადი და გარემოსადმი მეგობრული წარმოების პრაქტიკის დანერგვა ბიზნეს წარმატების საწინდარია. ჩვენი ხელშეწყობით, ქართული კომპანიები ამ შესაძლებლობას სრულად გამოიყენებენ და ეკო-მეგობრული მდგრადი წარმოებისკენ გადადგამენ ნაბიჯს."
ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში
A production line for eco-friendly packaging
ფოტოს ავტორი: UNDP/თორნიკე ტურაბელიძე

ორგანული ქართული ჩაის ბრენდი „ბუეთი“ იმ მცირე მწარმოებელთა რიცხვშია, რომლებიც ქართული ჩაის ტრადიციას თანამედროვე მიდგომებთან აერთიანებენ. ამ დროისთვის, „ბუეთის“ წარმოების მოცულობა წელიწადში 10 ტონას არ აღემატება, ხოლო წლიური ბრუნვა 200,000 ლარს შეადგენს. 

„ბუეთის“ ჩაის პლანტაციები მაღალმთიან იმერეთში, ტყიბულის მახლობლად 55 ჰექტარზეა გაშლილი. კომპანიამ გადამამუშავებელი საწარმოს სრული მოდერნიზება მოახდინა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა.

2020 წელს, „ბუეთი“ შეუერთდა საქართველოს შემფუთველთა კლასტერს, რომელიც ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით შეიქმნა და საერთაშორისო ხელშეწყობით სარგებლობს. ამის შედეგად, კომპანიამ ძირეულად შეცვალა შეფუთვის მიმართ მიდგომა და გარემოსადმი მეგობრული ეკო-შეფუთვების წარმოების ხაზი გახსნა. „ბუეთის“ ბრენდის ქვეშ ასევე დაიწყო ერთჯერადი შავი ჩაის წარმოება, რომელიც მაღალი ხარისხის ჩაის ფოთლის ნარჩენებისგან მზადდება.

„ბუეთის“ მიერ განხორციელებულმა მოდერნიზებამ არა მხოლოდ გააფართოვა კომპანიის სამომხმარებლო ბაზარი, არამედ საგრძნობლად შეამცირა ნარჩენების მოცულობა და მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოების მდგრადობა.

2021 წლიდან, ორგანული ჩაი „ბუეთი“ წარმატებით იყიდება გერმანიის ბაზრებზე, სადაც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავზარდოთ პროდუქციის ხარისხი და წარმოების მდგრადობა და ახალი შესაძლებლობებიც გამოვიყენოთ. უახლოეს მომავალში, ჩვენი ასორტიმენტი ჩაის სამი სახეობიდან თხუთმეტამდე გაიზრდება. 2024 წელს, ასევე ვგეგმავთ ბიოწარმოების ევროპული სერტიფიკატის მიღებას.“
სერგო ნიქაბაძე, „ბუეთის“ მთავარი ტექნოლოგი

„ბუეთისა“ და სხვა მცირე მწარმოებლების წარმატება მდგრადი პრაქტიკის დანერგვასა და პარტნიორობას ეფუძნება. სწორედ ეს მიდგომა უზრუნველყოფს ქართული ბიზნესის ევროპულ მომავალს და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.

დამატებითი ინფორმაცია

„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში ჩართულები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). 5.7 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ხორციელდება საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მისი მიზანია ქართული მეწარმეობის ხელშეწყობა, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება.

დისქლეიმერი

სტატია შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და UNDP-ის თვალსაზრისს.