თანამშრომლობა და პარტნიორობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქმიანობის ქვაკუთხედია. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუტებთან, მედიასთან, გაეროს სააგენტოებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან.
ჩვენი საქმიანობის ფუძემდებელი პრინციპები - მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება პარტნიორების ნდობას განაპირობებს, ხოლო ფართო გლობალური წარმომადგენლობა და პრაქტიკული გამოცდილება პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსებს, ცოდნასა და საუკეთესო საერთაშორისო ექსპერტიზას უზრუნველყოფს.
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა ჩვენი საკვანძო პარტნიორია. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ დარგობრივ სამინისტროებთან, მხარს ვუჭერთ შესაბამის ინსტიტუციურ რეფორმებს და ხელს ვუწყობთ საქართველოს წარმატებას მდგრადი განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
კერძო სექტორი
მდგრადი განვითარების მიღწევის საქმეში, კერძო სექტორი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ჩვენი თანამშრომლობა მდგრადი მეწარმეობის წახალისებასა და განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას ეფუძნება, რაც ინოვაციური მდგომების დანერგვას, განვითარების ახალი გადაწყვეტების მოძიებასა და მწვანე და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას განაპირობებს.
სამოქალაქო საზოგადოება
ჩვენი თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩვენს საერთო ღირებულებებსა და საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს ეფუძნება. ეს ქმედითი და ნაყოფიერი პარტნიორობა სამოქალაქო საზოგადოების ყველა სექტორზე ვრცელდება, მათ შორის არასამთავრობო და თემზე დაფუძნებულ ორგანიზაციებზე, მოხალისეთა ჯგუფებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე, რომლებიც ჩვენს ინიციატივებსა და ადვოკატირების კამპანიებში ერთვებიან.
მედია
მედია ჩვენი საიმედო პარტნიორია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და პოზიტიური ცვლილების მხარდაჭერის საქმეში. მედიასთან თანამშრომლობით, ჩვენ ვავრცელებთ ინფორმაციას მდგრადი განვითარების საკვანძო საკითხების შესახებ და ჩვენი საქმიანობის შედეგებს ვაცნობთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.
გაერო
საქართველოში მოქმედ გაეროს ცხრამეტ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაეროს კოლექტიური მისიის წარმატებისა და დღევანდელობის მწვავე გამოწვევების დაძლევის საქმეში. ჩვენი ერთობლივი საქმიანობა მშვიდობის, თანასწორობის, სოციალური ინკლუზიის, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის ღირებულებებს ეფუძნება.