გაერთიანებული სამეფო და გაეროს განვითარების პროგრამა იწვევენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს პროექტის იდეების წარსადგენად
გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა მდგრადი მშვიდობის მხარდასაჭერად: პროექტის იდეების კონკურსი
8 November 2023
გაეროს განვითარების პროგრამა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს ინიციატივას „COBERM-ის შემდგომი განვითარება: გაერთიანებული სამეფო მდგრადი მშვიდობის მხარდასაჭერად (UK-SSP)“, რომლის ფარგლებშიც ცხადდება საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების და/ან სათემო ორგანიზაციებისათვის.
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია ადგილობრივ სამშვიდობო პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესება; ინკლუზიური პროცესების ხელშეწყობა ახალგაზრდების, ქალების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად დიალოგისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებებში; კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა.
ვისთვისაა განკუთვნილი საგრანტო კონკურსი
კონკურსი ცხადდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ფონდებისა და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც გამოცდილ, ასევე ახალბედა და ნაკლებად გამოცდილ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ სათავეში ჩაუდგნენ ადგილობრივ დონეზე მიმდინარე მშვიდობის მშენებლობის პროცესებს. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ასევე აქვთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს.
პრიორიტეტული თემები
კონკურისის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ საპროექტო იდეებს, რომლებიც მიზნად ისახავენ მშვიდობაზე ორიენტირებულ მდგრად თანამშრომლობას, დადებით გავლენას ახდენენ კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოებების აღქმებზე და ამით ხელს უწყობენ ნდობისა და მშვიდობის დამყარებას. UK-SSP მხარს დაუჭერს ნდობის აღდგენის ინიციატივებს კონფლიქტებით გაყოფილ თემებს შორის, ასევე კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის თემებში. იგი ასევე ხელს შეუწყობს იდეების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია კონფლიქტისა და/ან კრიზისის თავიდან აცილებისკენ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 23 ნოემბერი.