ახალი პარტნიორობა სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის
შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება საქართველოში!
9 February 2024
გაეროს განვითარების პროგრამა, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, იწყებს ახალ პროექტს საქართველოში პლასტმასით დაბინძურების შემცირებისთვის, რათა თითოეულმა მოქალაქემ სრულად ისარგებლოს სუფთა და ჯანსაღ გარემოზე წვდომის უფლებით.
ერთწლიანი პროექტი, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 405,000 ლარს შეადგენს, ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) თანამშრომლობით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ნარჩენების მართვის ექსპერტებთან, კერძო კომპანიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკის დანერგვისთვის.
პროექტის საჯარო წარდგენა 9 თებერვალს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საჯარო, კერძო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს დაგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში; რებეკა ლიმ, ნორვეგიის ელჩის მოადგილემ საქართველოში; ლორან ნიკოლმა, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა; და ალვერდ ჩანქსელიანმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
დამატებითი ინფორმაცია:
ბოლო ათი წლის მანძილზე, საქართველოში პლასტმასის წარმოება და იმპორტი 71%-ით გაიზარდა. იზრდება უკანონო ნაგავსაყრელების რიცხვიც, რომლებიც ხშირად მდინარეების ხეობებში და სანაპირო ზოლებთანაა განთავსებული. ამ ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ პლასტმასი შეადგენს. სწორი პოლიტიკა, ეფექტიანი კოორდინაცია და საზოგადოების ჩართულობა აუცილებელი ნაბიჯებია პლასტმასით დაბინძურების შესამცირებლად.
საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ელენე საყვარელიძე, UNDP, +995 599 003944, elene.sakvarelidze@undp.org
- ნანა თაკვარელია, CENN, +995 599087703, nana.takvarelia@cenn.org