გენდერული საპენსიო სხვაობა საქართველოში: დაგროვებითი საპენსიო სისტემის გენდერული მახასიათებლების ანალიზი. 2024

გენდერული საპენსიო სხვაობა საქართველოში: დაგროვებითი საპენსიო სისტემის გენდერული მახასიათებლების ანალიზი. 2024

28 May 2024

წინამდებარე კვლევა მოიცავს დაგროვებითი საპენსიო სისტემის გენდერული მახასიათებლების ანალიზსა და ქალებსა და კაცებს შორის პოტენციური გენდერული საპენსიო განსხვავებების გამოვლენას. მისი დასკვნები ეფუძნება როგორც სტატისტიკური და სამაგიდო კვლევის ანალიზს, ისე ფოკუს-ჯგუფების შედეგებს და რაოდენობრივი მოდელების შექმნასა და შესწავლას.

კვლევა ჩატარდა PMC კვლევითი ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK International Development-ის მხარდაჭერით, პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში.

კვლევის პროცესში შეიქმნა ორი ტიპის მოდელი: უნივერსალური და მორგებული. უნივერსალური მოდელი ზომავს დაგროვებითი საპენსიო სქემის საშუალო სტატისტიკური მონაწილის საპენსიო დანაზოგს და ჩაშლილია მხოლოდ გენდერულად. ხოლო მორგებული მოდელი ითვალისწინებს როგორც გენდერის, ასევე დამსაქმებლის ტიპისა (კერძო და სახელმწიფო) და საინვესტიციო პორტფელის (კონსერვატიული, დაბალანსებული, დინამიკური) განსხვავებებს.

კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ გენდერული საპენსიო სხვაობის ჩამოყალიბებას საქართველოში მრავალი ფაქტორი განაპირობებს, რომლებიც, ძირითადად, დაკავშირებულია შრომის ბაზრის არსებულ სტრუქტურასთან, ქალებისა და კაცების საპენსიო ასაკთან, მათ ფინანსურ განათლებასა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობასთან.

კვლევის მიგნებები: 
 
  • უნივერსალური მოდელის მიხედვით, საქართველოში ქალების დანაზოგი პენსიაზე გასვლისას 46%-ით ნაკლები იქნება კაცების დანაზოგთან შედარებით, რაც, ძირითადად, გენდერული სახელფასო და საპენსიო ასაკების სხვაობებით არის გამოწვეული.
  • როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში დასაქმებული ქალების რაოდენობა ჩამორჩება კაცებისას. შესაბამისად, დაგროვებით საპენსიო სქემაში უფრო ნაკლები ქალი მონაწილეობს, ვიდრე კაცი. 
  • კერძო სექტორიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე კაცების წილი 57%-ია, ხოლო ქალების - 43%. სახელმწიფო სექტორში კი, კაცების წილი 61%-ია, ხოლო ქალების - 39%. 

კვლევის მიგნებების საფუძველზე სხვადასხვა უწყებისთვის შემუშავდა რეკომენდაციები ქალებსა და კაცებს შორის გენდერული საპენსიო სხვაობის შესამცირებლად.