ზამთრის სკოლა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის
10 January 2025
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საჯარო მმართველობის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. ზამთრის სკოლა ორიენტირებულია, სტუდენტები აღჭურვოს ცოდნით, უნარებითა და ინოვაციური აზროვნებით, რაც აუცილებელია მომავალი თაობის საჯარო მოხელეებად ჩამოყალიბებისთვის.
ზამთრის სკოლა ჩატარდება ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ხელშეწყობით.
ჩატარების თარიღი და ადგილი:
ზამთრის სკოლა გაიმართება 2025 წლის 5-9 თებერვალს (5 დღე), ქ. ბორჯომში.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
ზამთრის სკოლაში ვიწვევთ საჯარო მმართველობის საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
- მონაწილე უნდა იყოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;
- მონაწილეს უნდა ჰქონდეს მზაობა, ზამთრის სკოლის პროგრამას დაესწროს სრულად (5 დღის განმავლობაში);
- მონაწილე სასურველია B2 დონეზე ფლობდეს ინგლისურ ენას.
რას გთავაზობთ?
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარონ 5 დღე და მიიღონ/გაიღრმავონ ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა - საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელობა ევროინტეგრაციის გზაზე, კარგი მმართველობის ევროპული პრინციპები, დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის არსი და მნიშვნელობა, პოლიტიკის დაგეგმვა და საჯარო კონსულტაციები, ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისების წარმოება და მიწოდება, ციფრული ტრანსფორმაცია და სხვა. ზამთრის სკოლა მონაწილეებს დაეხმარება მომავალი თაობის საჯარო მოხელეებისათვის საჭირო ცოდნის მიღებაში (შემოქმედებითი აზროვნების მიდგომა (Design Thinking), პრობლემების ინოვაციური გზებით გადაწყვეტა და სხვა). ზამთრის სკოლა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, შეხვდნენ საჯარო მმართველობის სფეროს პრაქტიკული და მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე ექსპერტებს.
ზამთრის სკოლის პროგრამა დატვირთული იქნება ინტერაქტიული სამუშაო შეხვედრებით (სიმულაციები, როლური თამაშები), დისკუსიებით, ფილმის ჩვენების სეანსით და სხვა საინტერესო აქტივობებით, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, იყვნენ აქტიური მონაწილეები (არა მხოლოდ მსმენელები), წარმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი უნარები, თეორიული ცოდნა გახადონ პრაქტიკული, მათი აზრები და იდეები გაუზიარონ სხვა მონაწილეებს, დასვან შეკითხვები, იაზროვნონ კრიტიკულად, მოიფიქრონ ინოვაციური გადაწყვეტები.
ზამთრის სკოლის ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.
ზამთრის სკოლის ორგანიზატორები სრულად დაფარავენ სასტუმროში მონაწილეთა განთავსების, ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებს.
რა არის საჭირო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად?
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ონლაინ ფორმა - https://forms.gle/kRU1aiR4ktMHPGZJA და იქვე ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:
- CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტების შემთხვევაში ნიშნების ფურცელი ბაკალავრიატიდან).
ონლაინ განაცხადისა და დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 16 იანვარი, 23:59 საათი.
მონაწილეთა შერჩევა:
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც დადგენილი ვადის დაცვით წარმოადგენენ ყველა მოთხოვნილ დოკუმენტს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში (მათ შორის განაცხადის ონლაინ ფორმის გახსნასთან, ფორმაში დოკუმენტების ატვირთვასთან და ა.შ. დაკავშირებით), მოგვწერეთ ელ.ფოსტის მისამართზე - m.napetvaridze@irc.ge