გაეროს განვითარების პროგრამა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა ხელს უწყობენ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას დუშეთის მუნიციპალიტეტში
ენერგოეფექტურობა ადგილობრივი განვითარებისთვის
29 February 2024
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აქტიურად მუშაობს ადგილობრივ მოსახლეობასთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მხარს უჭერს გარემოსდაცვითი და კლიმატური გამოწვევების დაძლევას ადგილობრივი დონეზე. ეს მრავალმხრივი საქმიანობა ეფუძნება მტკიცე თანამშრომლობასა და ერთიანი ხედვის შემუშავებას საჯარო უწყებებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის.
UNDP-ისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) მრავალწლიანი პარტნიორობის შედეგად, ადგილობრივი გარემოსდაცვითი ინიციატივები სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით ხორციელდება, რომელთა შორისაა ბიომრავალფეროვნების და საფრთხის წინაშე მყოფი ეკოსისტემების კონსერვაცია, განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაცია და კლიმატგონივრული მეწარმეობის ხელშეწყობა. გარემოსდაცვითი სარგებელის გარდა, ასეთ პროექტებს წვლილი შეაქვთ სიღარიბის შემცირებაში, დასაქმების ზრდაში და გენდერული თანასწორობის მიღწევაში.
2012 წლიდან, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) ფარგლებში, 90-ზე მეტი ადგილობრივი ინიციატივა განხორციელდა, ხოლო პროექტის საერთო ღირებულებამ 2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
პროგრამის მიმდინარე ფაზა 2019-2024 წლებს მოიცავს და საქართველოს სემიარიდულ რეგიონებს, დიდი და მცირე კავკასიონის მაღალი მთის ზონასა და შავი ზღვის სანაპიროს ფარავს. სულ, ამ ფაზის ფარგლებში, 750,000 აშშ დოლარის ღირებულების ადგილობრივი პროექტები დაფინანსდა.
ენერგოეფექტური ტექნოლოგიები დუშეთის მუნიციპალიტეტში
ერთ-ერთი ასეთი პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, სადაც UNDP და GEF SGP, საქართველოს ბიომასის ასოციაციასთან, დუშეთის მუნიციპალიტეტთან და სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ხელს უწყობენ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას. პროექტის ფარგლებში, ეკონომიკურად და სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მაღალმთიანი სოფლების მაცხოვრებლებს ადგილობრივი წარმოების მყარი ბიომასის ენერგოეფექტური ღუმელები გადაეცემა. სულ, პროექტის შედეგებით 40 ოჯახი ისარგებლებს.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიაც ხორცილდება. „ენერგოავტობუსი“, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით შეიქმნა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 50-მდე თემს ესტუმრება და მოსახლეობას მდგრადი ენერგო მოხმარების პრაქტიკასა და განახლებადი ენერგო რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს გააცნობს.
ეს საგანმანათლებლო საქმიანობა, საქართველოს სხვა რეგიონებზეც გავრცელდება, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზე და რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, მესხეთის, მთიანეთისა და ზემო სვანეთის რეგიონებზე.
29 თებერვალს, სოფელ ჩანადირთკარს საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ეწვივნენ და პროექტის შედეგებს ადგილზე გაეცნენ.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ოთარ შამუგია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში; დავით ნოზაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში; და მაცაცო ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი.
„ტყის მდგრადი მართვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მხრივ, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება გადამწყვეტ როლს ასრულებს. სოფლად შეშის არამდგრადი მოხმარების შემცირებით, ჩვენ მნიშვნელოვნად შევამსუბუქებთ ტყის დეგრადაციის პროცესს და ხელს შევუწყობთ საქართველოს ტყეების ზრდასა და გაჯანსაღებას.“ოთარ შამუგია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
„სუფთა და ჯანსაღ გარემოზე წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც აღიარებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. განახლებადი ენერგიის გამოყენება და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა წინგადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით მაღალმთასა და მოშორებულ რეგიონებში. ასეთი ინიციატივები ხელს უწყობს ადამინების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ამცირებს ნახშირბადის ემისიებს და იცავს ტყეებს განადგურებისგან.“ანნა ჩერნიშოვა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP) 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ადგილობრივი პროექტები ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარებასა და სასიკეთო ცვლილებებს ადამიანების ცხოვრებაში.
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების (GEF SGP) პროგრამის შესახებ:
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP) ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივ თემებს მთელს მსოფლიოში და ხელს უწყობს აქტივობებს, რომლებიც იცავს და აღადგენს გარემოს და აუმჯობესებს ადამიანების კეთილდღეობას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org
- ნინუცა წულუკიძე, საქართველოს ბიომასის ასოციაცია, +995 577 477037, ninuca68@gmail.com