გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში ნიკ ბერესფორდს ემშვიდობება

განცხადება საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის, ნიკ ბერესფორდის გარდაცვალების შესახებ

23 August 2023

ნიკ ბერესფორდი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

ფოტოს ავტორი: UNDP Georgia/ვლადიმირ ვალიშვილი

მძიმე გულით ვიუწყებით საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის, ნიკ ბერესფორდის გარდაცვალების შესახებ.

ამ წარმოუდგენლად რთულ დროს, ღრმად ვუთანაგრძნობთ ნიკის ოჯახს, მის მეუღლეს, ანჟელას და მათ შვილებს, ანნას და კიტს, და ყველა მის მეგობარს მთელი მსოფლიოს გარშემო. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, თანადგომას ვუცხადებთ და მათ მწუხარებას ვიზიარებთ.

მადლობას ვუხდით ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს, რომლებიც დაუღალავად იბრძოდნენ ნიკის სიცოცხლის გადასარჩენად.

ნიკ ბერესფორდი ყოველთვის გვემახსოვრება, როგორც განსაკუთრებული ადამიანი, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო მაღალი პროფესიონალიზმი და მისთვის ჩვეული დახვეწილი იუმორის გრძნობა.

ნიკი იყო ის იშვიათი ადამიანი გაეროს განვითარების პროგრამაში, რომელსაც ერთდროულად ჰქონდა აუდიტორის, ეკონომისტისა და ინგლისური ლიტერატურის მცოდნის კვალიფიკაცია. ამ უნარების ერთმანეთში შერწყმა მას უპირობო ლიდერად წარმოაჩენდა. 

მისმა ურყევმა ერთგულებამ გაეროს ღირებულებების მიმართ უდიდესი გავლენა მოახდინა გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობაზე. ყველგან და ყოველთვის, ნიკი იყო ადამიანის უფლებების დამცველი და ლგბტქი თემის მხარდამჭერი ყველაზე რთულ დროს. მას სჯეროდა სიღარიბის დაძლევის და ყველაზე ბედნიერი იყო მაშინ, როდესაც იმ ოჯახებსა და თემებს სტუმრობდა, რომელთა ცხოვრებაც გაეროს განვითარების პროგრამის წყალობით შეიცვალა.

საქართველოში გატარებული ორი წლის განმავლობაში ნიკ ბერესფორდმა საყოველთაო სიყვარული, ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. მისმა თავმდაბლობამ და კეთილშობილებამ წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის გუნდის წევრთა გულებში.

ნიკ ბერესფორდის უდროოდ წასვლა უდიდესი დანაკლისია როგორც საქართველოსთვის, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის სხვა წარმომადგენლობებისთვის მთელ მსოფლიოში, სადაც ის 20 წლის მანძილზე მოღვაწეობდა: კამბოჯაში, ბანგლადეშში, სომალში, აღმოსავლეთ ტიმორსა თუ ნიუ იორკში. სიცოცხლეში, ნიკი ბევრისთვის მეგობარი და მისაბაძი მაგალითი იყო; სიკვდილის შემდეგ, მისი ხსოვნა შთაგონების წყარო იქნება თითოეული ჩვენგანისთვის გვიყვარდეს ერთმანეთი და უფრო მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკეთესი სამყარო შევქმნათ ყველასთვის.  

ნიკ ბერესფორდთან დამშვიდობების მსურველთათვის სამძიმრის წიგნი გაიხსნება 24 და 25 აგვისტოს 10:00-დან 18:00 საათამდე გაეროს სახლში (რ. ერისთავის ქ. 9, თბილისი). სამძიმრის წიგნი იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რა გავლენა მოახდინა ნიკ ბერესფორდმა მის გარშემო მყოფ ადამიანებზე.