შევხვდებით შენს გაშენებულ ტყეში!

ონლაინ პლატფორმა „ტყის მეგობარი“ ხელს უწყობს ტყეების აღდგენას საქართველოში

2 June 2023

ონლაინ პლატფორმა forestfriend.ge

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და UNDP-ის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (BIOFIN) ხელშეწყობით, შექმნა ონლაინ პლატფორმა „ტყის მეგობარი“, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ტყის აღდგენისთვის საჭირო რესურსების მობილიზება და მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ჩართვა გარემოსდაცვით საქმიანობაში.

პლატფორმა „ტყის მეგობარი“ იწვევს კერძო კომპანიებს, ინდივიდუალურ მხარდამჭერებსა და მოხალისეებს საკუთარი წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვის საქმეში და უშუალო მონაწილეობა მიიღონ ახალი ტყის გაშენებაში. პლატფორმაზე წარმოდგენილ აქტივობებში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ფულადი შემოწირულობით, ისე შრომისა და დროის შეთავაზებით. დარეგისტრირებული მონაწილეები ონლაინ რეჟიმში მიადევნებენ თვალს მათ მიერ არჩეული პროექტების მსვლელობას, საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩაერთვებიან, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ და სხვა გარემოსდამცველებსაც გაიცნობენ.   

„შევხდებით შენს გაშენებულ ტყეში!“ მოგვიწოდებენ პლატფორმის შემქმნელები და ამით ხაზს უსვამენ გარემოს დაცვაში საზოგადოებრივი ჩართულობისა და კოლექტიური ქმედების გადამწყვეტ მნიშვნელობას.

ონლაინ პლატფორმა „ტყის მეგობარი“ 22 მაისს, ბიომრავალფეროვნების დაცვის დღეს, ამოქმედდა, ხოლო მისი ოფიციალური წარდგენა 1 ივნისს, თბილისის ბოტანიკურ ბაღში გამართულ ღონისძიებაზე შედგა.

ონლაინ პლატფორმა წარადგინეს ოთარ შამუგიამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა; კახა ცერცვაძემ, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა; და ნიკ ბერესფორდმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

„საქართველოს ტყე ჩვენი კულტურისა და იდენტობის ნაწილია, რაც დაცვასა და გაფრთხილებას საჭიროებს. ონლაინ პლატფორმა „ტყის მეგობარი“ იწვევს საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, რათა ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში შემოგვიერთდნენ.“
ოთარ შამუგია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
"პლატფორმა „ტყის მეგობარი“ ხელს შეუწყობს ტყის აღდგენისთვის საჭირო რესურსების მობილიზებას. ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, ადამიანები და კომპანიები პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამენ, ხეების დარგვასა და ტყის გაშენებას ხელს შეუწყობენ და ამით წვლილს შეიტანენ უფრო მწვანე და უფრო მდგრადი მომავლის შექმნაში.“
კახა ცერცვაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი
"გაეროს განვითარების პროგრამა ამაყია თავისი თანამშრომლობით საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო პარტნიორებთან გარემოს დაცვის საქმეში. „გვჯერა, რომ „ტყის მეგობრის“ მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ იცავს გარემოს, არამედ აერთიანებს საზოგადოებას და აძლიერებს კოლექტიურ პასუხისმგებლობას ჩვენი საერთო პლანეტის მიმართ.“
ნიკ ბერესფორდი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

მეტი ინფორმაციისა და მონაწილეობისთვის, ეწვიეთ ონლაინ პლატფორმას „ტყის მეგობარი“: https://forestfriend.ge.

###

UNDP-ის ბიომრავალფეროვნების ფინანსურების ინიციატივა (BIOFIN) მსოფლიოს 41 ქვეყანაში მიმდინარეობს, რათა ხელი შეუწყოს მდგრადი ფინანსური გადაწყვეტების მოძიებას ადამიანებისა და პლანეტის საკეთილდღეოდ. 2016 წელს BIOFIN-ის საქართველოში ამოქმედების შემდეგ, 24-ჯერ გაიზარდა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსება და განხორციელდა მთელი რიგი პროექტები  ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ეკოტურიზმის მხარდაჭერის მიმართულებით.

###

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
  • თამარ მეფარიშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტო, +995 599589141, tamara.meparishvili@forestry.gov.ge 
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org