ევროკავშირი და გაერო იწვევენ სტუდენტებსა კუსდამთავრებულებს ადამიანის უფლებების სასწავლო კურსზე
ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლა 2023
27 April 2023
ევროკავშირისა (EU) და გაეროს (UN) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR), საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, აცხადებს მიღებას 2023 წლის ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლაში.
საზაფხულო სკოლის მიზანია ადამიანის უფლებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება. სასწავლო პროგრამა ეძღვნება ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ აქტუალურ საკითხებს და გაჯერებულია სხვადასხვა სახის აქტივობებით.
საზაფხულო სკოლა გაიმართება 19-23 ივნისს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები
ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს და/ან კურსდამთავრებულს, რომელიც:
- ფლობს სახელმწიფო ენას;
- არის 25 წლამდე ასაკის;
- მზადაა სრულად დაესწროს საზაფხულო სკოლას.
*რეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები წახალისებულნი არიან, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში.
მონაწილეთა რეგისტრაცია
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი განაცხადის ფორმის მეშვეობით.
სამოტივაციო წერილში უნდა იყოს აღწერილი, თუ რა სახის გამოცდილება აქვს მონაწილეს ადამიანის უფლებების მიმართულებით, რატომ სურს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა და როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას სამომავლო საქმიანობაში. სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 მაისი.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
მონაწილეთა ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯები სრულად უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზატორების მიერ.
საკონტაქტო ინფორმაცია
ელ. ფოსტა: projects@tcj.gov.ge