გერმანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ქუთაისის სასამართლოს ფიზიკური სივრცე მეტად ადაპტირებული გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისთვის
ინკლუზიური გარემოს მშენებლობა საქართველოში
24 July 2024
ქუთაისის საქალაქო სასამართლო წელს შეუერთდა საქართველოს საჯარო უწყებათა ნუსხას, რომელთა სივრცე სრულად ან ნაწილობრივ მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. სასამართლოს ფიზიკური ინფრასტრუქტურის ადაპტირება გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა. პროექტში ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანი“, რომელიც უკვე არაერთი წელია შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს. „მარიანის“ მონაწილეობა ადაპტაციის პროექტის შემუშავებასა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგს მოიცავდა.
ფიზიკური სივრცის ადაპტირების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გარე შესასვლელთან დამონტაჟდა ორი პლატფორმა, რომელთა მეშვეობით ეტლით მოსარგებლე პირები სასამართლოს შენობაში შესვლასა და შესაბამისი სერვისების მიღებას დამოუკიდებლად შეძლებენ. აღნიშნული პლატფორმები კიბეების პარალელურად მოძრაობენ და რელიეფს სრულად იმეორებენ.
სასამართლოს ეზოში უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის შეიქმნა ტაქტილური ბილიკები და მოინიშნა კიბეების საფეხურები.
გარდა ამისა, შენობის ნულოვან სართულზე განხორციელდა სველი წერტილების სრული განახლება შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით, ხოლო გადაადგილების გასაადვილებლად, დამონტაჟდა შესაბამისი განათება, ტაქტილური ნიშნები და ვერტიკალურად მოძრავი დახურული პლატფორმა - ადაპტირებული ლიფტი.
ადაპტაციის პროექტის მთლიანმა ღირებულებამ 350,000 ლარი შეადგინა. პროექტი განხორციელდა გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, UNDP-ის მიმდინარე ინიციატივის ფარგლებში, რომელიც კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.
„ვამაყობთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ფიზიკური გარემოს ადაპტირებისთვის. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა დაბრკოლების გარეშე მიიღონ წვდომა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ სერვისებზე. ჩვენთვის პრიორიტეტული იყო შშმ პირთა ჩართულობა დიზაინის შემუშავებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების თითოეულ ეტაპზე. მტკიცედ გვჯერა, რომ ინკლუზიური საზოგადოებრივი სივრცეების შექმნა შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის კრიტიკული შემადგენელია. მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას, ააშენოს და განავითაროს ინკლუზიური გარემო“პიტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში
„ინკლუზიურობა ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საფუძველია. სასამართლოები, იურიდიული დახმარების ცენტრები და ყველა სხვა სივრცე, სადაც მოქალაქეები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ სერვისებს იღებენ, ინკლუზიურობის მაგალითს უნდა წარმოადგენდეს და სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რაც საზოგადოებაში პატივისცემის, თანამონაწილეობისა და ღირსების განცდას ქმნის.“ნილს ქრისტენსენი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში
ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში მიღწეული წარმატების მიუხედავად, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი სოციალური ჯგუფია, ხოლო ქვეყნის ფიზიკური ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი სივრცეები მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს ინკლუზიურობის მოთხოვნებს.
გასული წლებში, ფიზიკური ინფრასტრუქტურის ადაპტირება ისეთ საკვანძო უწყებებსა და სივრცეებში განხორციელდა, როგორებიცაა საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის სახლი და იურიდიული დახმარების ცენტრები. გადაიდგა ნაბიჯები ინკლუზიური სერვისების დანერგვისა და კანონმდებლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გათვალისწინების მიმართულებით. სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, შეიქმნა საკოორდინაციო მექანიზმი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის ეფექტიანი განხორციელებისთვის.
სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო, ევროკავშირი და გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის საელჩოები, აქტიურად მონაწილეობენ და ხელს უწყობენ ამ ინიციატივების განხორციელებას და საქართველოში ინკლუზიური, სამართლიანი და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს მშენებლობას.
დამატებითი ინფორმაცია:
გერმანიის მხრიდან 1.62 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და დაუცველი მოსახლეობის სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას. მართლმსაჯულებაზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ელენე საყვარელიძე, UNDP, +995 599 003944, elene.sakvarelidze@undp.org