UNDP და შვედეთი მხარს უჭერენ ახალბედა ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას
ახალგაზრდული საგანმანათლებლო ინიციატივა გენდერული თანასწორობისთვის პოლიტიკაში
8 October 2020
მომავალი საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტო შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, გაზარდოს არჩევნების გზით პოლიტიკაში მოსული ქალების რიცხვი და შეამციროს პოლიტიკური წარმომადგენლობის მხრივ არსებული უთანასწორობა. პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა ხელს უწყობენ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალბედა ამომრჩევლების სამოქალაქო განათლებას დემოკრატიული არჩევნებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
“საქართველოში უამრავი ჭკვიანი, ნიჭიერი და აქტიური ქალი ლიდერია“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. “თუმცა ქალთა თანასწორი წარმომადგენლობა საარჩევნო სიებში პოლიტიკური პარტიებისთვის კვლავ გამოწვევად რჩება. საქართველოს მიერ ახლახან დაწესებული გენდერული საარჩევნო კვოტა საკმაოდ მოკრძალებულია. მიუხედავად ამისა, საარჩევნო კვოტირების შემოღება არსებული ბარიერების გადალახვის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს. ამასთან ერთად, აუცილებელია უარყოფითი სტერეოტიპების დაძლევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის შემთხვევაში“, - დასძინა მან.
“2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში მხოლოდ 15 პროცენტამდე გაიზარდა. წელს საქართველოს რეალური შანსი აქვს, გაზარდოს ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში და შესაბამისად, უფრო წარმომადგენლობითი საკანონმდებლო პროცესი უზრუნველყოს. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ ინტეგრაციას“, - განაცხადა შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ თიდესტრომმა. “გარდა ამისა, უნდა გაგრძელდეს საჯარო მსჯელობა გენდერული სტერეოტიპების შესახებ, რომლებიც კვლავაც გავრცელებულია საზოგადოებრივ ცნობიერებაში“, - თქვა მან.
UNDP-ისა და შვედეთის ხელშეწყობით, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში გაიმართა სემინარები საქართველოს საარჩევნო სისტემის, პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე არსებული ბარიერებისა და ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდის მექანიზმების შესახებ. სემინარების მუშაობაში 45 სამოქალაქო აქტივისტი ჩაერთო. კონკურსის საფუძველზე შერჩეული 10 ფინალისტი გააგრძელებს სამოქალაქო განათლების გავრცელებას რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის. ამ მიზნით თითოეული მათგანი UNDP-სა და შვედეთის მთავრობისგან 3,000 ლარის ოდენობის დაფინანსებას მიიღებს.
ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა გასული 25 წლის მანძილზე და 1995 წლიდან 2016 წლის პერიოდში 7 პროცენტიდან მხოლოდ 15 პროცენტამდე გაიზარდა. ადგილობრივ დონეზე ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია და 2017 წლის არჩევნების შემდეგ 12 პროცენტს შეადგენს.
მსოფლიოში ქალთა საშუალო წარმომადგენლობა პარლამენტში საქართველოსთან შედარებით მაღალია, 25.1 პროცენტი. თუმცა, ეს ნაკლებია იმ 30 პროცენტიან მაჩვენებელზე, რომლის შესახებ მსოფლიოს ქვეყნები ჯერ კიდევ 25 წლის წინ, პეკინის დეკლარაციის მიღებისას, ხოლო შემდეგ, 2015 წელს, მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე ხელმოწერისას შეთანხმდნენ.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტი თვლის, რომ ქალთა მეტი ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი - ქალების 63 პროცენტი და კაცების 54 პროცენტი, ამბობს, რომ საქართველოს ჯერ არ მიუღწევია გენდერული თანასწორობისთვის. ამავდროულად, კაცების 59 პროცენტი და ქალების 38 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. ეს საქმიანობა ხორციელდება შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org
- მაია ჩიტაია, Action Global Communication, +995 599 490 012, maia.chitaia@actionprgroup.com