ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერენ სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას მშვიდობისა და განვითარების ინიციატივებში
კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში
28 June 2024
ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოებას აქტიური წვლილი შეიტანოს კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნასა და მდგრადი საზოგადოების მშენებლობაში. ეს დახმარება მოიცავს იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობას და კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.
გასული ოთხი წლის მანძილზე, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში 40-ზე მეტი სამოქალაქო და სათემო ინიციატივა განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგრადობასა და სოციალურ ჩართულობას.
27 ივნისს, UNDP-ის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს ეწვივნენ, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და EU4Dialogue პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივების შედეგებს ადგილზე გაეცნენ.
ზუგდიდში ყოფნისას, სტუმრები კედლის მოზაიკის აღდგენილი ნიმუშების ოფიციალურ გახსნას დაესწრნენ.
სამი გამორჩეული მოზაიკური პანო, „წითელკაბიანი მანდილოსანი“, „ზაფხული“ და „მუსიკოსები“, მე-20 საუკუნის მონუმენტური ხელოვნების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. დაზიანებული პანოების სრული რესტავრაცია ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობითა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ზუგდიდის მხატვრული რეწვის ცენტრის „მოზაიკა სტუდიოსა“ და „ფონდი რიბირაბოს“ ჩართულობით განხორციელდა. რესტავრაციის პროცესს უძღვებოდნენ ქართველი და ფრანგი ექსპერტები. მოზაიკის აღდგენაში აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ექსპერტებს ეხმარებოდნენ და რესტავრაციის ხელოვნებას ეუფლებოდნენ.
აღდგენილი მოზაიკური პანოები ზუგდიდში გადმოიტანეს და საგანგებოდ გამოყოფილ კედლებზე დაამონტაჟეს, რამაც სამეგრელოს რეგიონს კიდევ ერთი საინტერესო და ისტორიული ტურისტული სანახაობა შესძინა.
UNDP-ის წარმომადგენელთა ვიზიტი გაგრძელდა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრში, რომელიც EU4Dialogue პროექტის ფარგლებში დაარსდა. საკონსულტაციო ცენტრი კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობს. ხუთი თვის მანძილზე, 2024 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, ცენტრმა 120-ზე მეტი პირადი და 360-ზე მეტი სატელეფონო კონსულტაცია უზრუნველყო.
„კულტურული, ეკონომიკური და სოციალური ინიციატივები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების შთაგონებითა და ჩართულობით ხორციელდება, ხელს უწყობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდას და მედეგობის განმტკიცებას. 2020 წლიდან, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში, 44 ადგილობრივი ინიციატივა განხორციელდა. ამ საქმიანობამ ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური დახმარება უზრუნველყო და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა განათლების, დასაქმების, მეწარმეობისა და განვითარების სხვა შესაძლებლობების შექმნაში“გიორგი ვარდიშვილი, UNDP-ის კონფლიქტების პრევენციისა და კონფლიქტის შემდგომი აღდგენის მიმართულების ხელმძღვანელი
დამატებითი ინფორმაცია:
„EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა. პროექტი ხელს უწყობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაზრდას, საარსებო წყაროების შექმნას, გენდერული თანასწორობის მიღწევას, ახალგაზრდების ჩართულობასა და კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- სალომე თარხნიშვილი, UNDP, +995 557 338230, salome.tarkhnishvili@undp.org
- თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2364364, tamriko.mikadze@eeas.europa.eu