გერმანიის მთავრობა, გაეროს განვითარების პროგრამა და ქეა კავკასია მხარს უჭერენ ლტოლვილ მეწარმეებს საქართველოში
უკრაინელმა მეწარმეებმა ერთწლიანი შედეგები შეაჯამეს
31 May 2024
გერმანიის მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ქეა კავკასიის ხელშეწყობით, 39-მა ლტოლვილმა მეწარმემ მცირე ბიზნესი გახსნა საქართველოში და თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია. მათი უმრავლესობა უკრაინის მოქალაქეა, რომელთაც ომის დროს საქართველოს შეაფარეს თავი. ბიზნესის ფინანსური და საკონსულტაციო დახმარება განხორციელდა გერმანიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“.
ლტოლვილ მეწარმეთა საქმიანობა ეკონომიკის სახვადასხვა სექტორს, მათ შორის სტუმარმასპინძლობას, კვების ინდუსტრიას, სერვისებს, ტექნოლოგიებსა და რეწვას მოიცავს. მცირე საწარმოები მოქმედებს როგორც საქართველოს დიდ ქალაქებში, თბილისსა და ბათუმში, ისე სოფლად. მათი წარმატებული განვითარება ხელს უწყობს ლტოლვილი ოჯახების სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას, ქმნის სამუშაო ადგილებს 80-ზე ადამიანისთვის და წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში.
ახლადგახსნილი საწარმოების 70 პროცენტზე მეტს ქალები უძღვებიან, რაც ხაზს უსვამს ეკონომიკური თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის მნიშვნელობას მდგრადი ეკონომიკის მშენებლობისთვის.
31 მაისს, ლტოლვილი მეწარმეები თბილისში შეიკრიბნენ, რათა გასული წლის შედეგები შეეჯამებინათ და სამომავლო გეგმებზე ემსჯელათ.
ღონისძიებას დაესწრნენ ანნა ჩერნიშოვა UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში; სარა ზიელონკა, ეკონომიკისა და პრესის დეპარტამენტის უფროსი გერმანიის საელჩოში; და ქეთევან ხაჩიძე, ქეა კავკასიას დირექტორი.
„უკრაინაში მიმდინარე ომის პირველივე დღეებიდან, უკრაინელ ლტოლვილთა და განსაკუთრებით მეწარმე ქალთა ხელშეწყობა გაეროს განვითარების პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო პრიორიტეტია. ჩვენი დახმარების შედეგად შექმნილი მცირე საწარმოები სულიერი გამძლეობის, ურთიერთდახმარებისა და მხარში დგომის მაგალითია.“ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში
„გერმანია სიამაყით უჭერს მხარს ლტოლვილ მეწარმეებს, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს ომის მძიმე შედეგების დაძლევას. მივესალმებით მათ გამბედაობას, მედეგობასა და ნოვატორობას. ეს თვისებები ყველაზე რთულ დროსაც კი წარმატების საწინდარია.“სარა ზიელონკა, გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და პრესის დეპარტამენტის უფროსი
„გასული ორი წლის მანძილზე, ქეა კავკასია მუდმივად ზრუნავდა საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ქალებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს როგორც ფულად, ისე იურიდიულ დახმარებას, დასაქმების შესაძლებლობების შექმნასა და მეწარმეობის ხელშეწყობას. ბევრი ლტოლვილისთვის, ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერის შედეგად შექმნილი მცირე საწარმოები შემოსავლის ერთადერთი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყარო და ღირსეული ცხოვრების საფუძველია.“ქეთევან ხაჩიძე, ქეა კავკასიას დირექტორი
დამატებითი ინფორმაცია:
გერმანიის მხრიდან 1.62 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და დაუცველი მოსახლეობის სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას. სხვა ინიციატივებთან ერთად, პროექტი ითვალისწინებს უკრაინელ მეწარმეთა ხელშეწყობას, რაც ქეა კავკასიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ელენე საყვარელიძე, UNDP, +995 599 003944, elene.sakvarelidze@undp.org
- სოფია ქამუშაძე, ქეა კავკასია, +995 591 953302, sofia.kamushadze@care.org