UNDP და შვედეთი ხელს უწყობენ ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებას პოლიტიკურ პარტიებში
მეტი გენდერული თანასწორობა პოლიტიკაში
21 February 2024
საპარლამენტო არჩვენების წინა პერიოდში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვედეთის მხარდაჭერით, ხელს უწყობს პოლიტიკურ პარტიებში გენდერული თანასწორობისა და შესაბამისი შიდაპარტიული პოლიტიკის გაძლიერებას პოლიტიკოს ქალთა ჩართულობის წახალისებისთვის.
UNDP-სა და შვედეთის დახმარებით, პოლიტიკური პარტიებისთვის ტარდება კონსულტაციები და ტრენინგი, რომელთა მიზანია შიდაპარტიულ პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის გათვალისწინება და პარტიის წევრებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნა.
UNDP და შვედეთი ასევე ხელს უწყობენ პარტიების შიგნით ქალთა ორგანიზაციების ჩამოყალიბებას და არსებული ორგანიზაციების განვითარებას. 2022 და 2023 წლებისთვის, ქალთა ორგანიზაციები უკვე შეიქმნა და აქტიურად ფუნქციონირებს რამდენიმე პოლიტიკურ პარტიაში, რომელთა შორისაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება“. 2024 წელს, ასევე იგეგმება მსგავსი შიდაპარტიული სტრუქტურების შექმნა სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც.
"ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პოლიტიკურ წარმომადგენლობაში, რადგან მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. თუმცა, საქართველოში, ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში კვლავ დაბალია და ერთ მეხუთედს არ აღემატება. პოლიტიკურ პარტიებს ძალა შესწევთ, რომ ეს ვითარება შეცვალონ, თუკი შესაბამის შიდაპარტიულ გენდერულ პოლიტიკას გაატარებენ და პოლიტიკოს ქალთა თანასწორობას უზრუნველყოფენ.“ანა ლიბერგი, შვედეთის ელჩი საქართველოში
„სავალდებულო საარჩვენო გენდერული კვოტა მნიშვნელოვნად აძლიერებს ქალთა პოლიტიკურ ჩართულობას, რასაც როგორც ამომრჩევლები, ისე თავად პოლიტიკური პარტიები მიესალმებიან. თუმცა, ამ მექანიზმის სრულად გამოყენებისთვის, პარტიებმა უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგან კანდიდატ ქალთა დაინტერესების, ჩართულობისა და წახალისების მიმართულებით.“დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
2022 წელს გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით განხორციელდა, აღწერს სავალდებულო გენდერული კვოტების ზეგავლენას საქართველოს საარჩვენო ლანდშაფტზე. კვლევის მიხედვით, გენდერულმა კვოტირებამ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა დაიმსახურა, თუმცა პოლიტიკაში რეალური გენდერული თანასწორობის მიღწევა შიდაპარტიული დემოკრატიული მექანიზმების გაძლიერებასაც მოითხოვს.
კვლევაში მოყვანილია პოლიტიკური პარტიებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები ნიჭიერი და აქტიური პოლიტიკოსი ქალების ხელშეწყობისთვის, რომლებიც მანამდე მხოლოდ პარტიულ საქმიანობას ეწეოდნენ და პოლიტიკურ როლებს არ ასრულებდნენ.
დამატებითი ინფორმაცია:
შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის ხელს უწყობს საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევას როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ და ეკონომიკურ დონეზე. პროგრამას ახორციელებს გაეროს სამი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს მოსახლეობის ფონდი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია.
საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ელენე საყვარელიძე, UNDP, +995 599 003944, elene.sakvarelidze@undp.org