ბიზნეს ლიდერი ქალების ახალი თაობა

მეწარმე ქალთა ფორუმი გაეროს განვითარების პროგრამის, საქართველოს ბანკისა და შვედეთის ხელშეწყობით გაიმართა

18 June 2024
Women Entrepreneurs' Development Programme
ფოტოს ავტორი: UNDP/ნინო ზედგინიძე

ეკონომიკური გენდერული უთანასწორობა საქართველოსთვის კვლავ გამოწვევაა, რაც ბიზნეს აქტივობებში ქალთა არასაკმარისი მონაწილეობით გამოიხატება. ბოლო წლებში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, ქალები ეკონომიკურად აქტიური საწარმოების მხოლოდ მესამედს ფლობენ, ხოლო კერძო კომპანიების მმართველობაში 16.5 პროცენტით არიან წარმოდგენილნი (UN Women/ILO, 2023). ახლადშექმნილი ბიზნესების მხოლოდ 25 პროცენტი ეკუთვნის ქალებს, ხოლო ქალთა ჩართულობა ფორმალურ დასაქმებაში 33.9 პროცენტს არ აღემატება (საქსტატი. 2023).

ამ გამოწვევების საპასუხოდ, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს ბანკი, შვედეთის ხელშეწყობით, აქტიურად უჭერენ მხარს მეწარმე ქალებს და ხელს უწყობენ მათ წარმატებას საქართველოს ბიზნეს სივრცეში.

18 ივნისს, თბილისში გამართულ ბიზნეს ფორუმზე, 150-მდე მეწარმე ქალი შეიკრიბა და ერთმანეთს საკუთარი წარმატების ისტორიები და გამოწვევების დაძლევის გამოცდილება გაუზიარა. 

ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ მეწარმე ქალები საქართველოს 12 რეგიონიდან, რომლებიც აქტიურად ჩართულები არიან UNDP-სა და საქართველოს ბანკის „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში“.

აღნიშნული პროგრამა 2022 წლიდან მოქმედებს და ხელშეწყობის, ტრენინგისა და ქოუჩინგის უნიკალურ მოდელს სთავაზობს მეწარმე ქალებს კონკურენტულ ბიზნეს გარემოში დასამკვიდრებლად. წარმატების ისტორიები, რომლებიც პროგრამის შვიდი ნაკადის მანძილზე დაგროვდა, მეწარმეობის სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, განათლებას, ტექნოლოგიებს, ტექსტილის წარმოებას, კვების ინდუსტრიასა და ელექტრონულ კომერციას.

თავის სამოტივაციო გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებში, პროგრამის მონაწილეებმა და მოწვეულმა სპიკერებმა საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. მათ განსხვავებულ ისტორიებსა და მრავალფეროვან პირად გამოცდილებას ერთი რამ აერთიანებდა - წარმატების სურვილი, საკუთარი თავის რწმენა და გამოწვევებთან გამკლავების უნარი. 

მოწვეულ სპიკერებსა და პანელური დისკუსიების მონაწილეთა შორის იყვნენ: 

  • ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  • ქეთევან ვაჩიბერიძე, 'Storera' (ყოფილი B2C.GE)
  • ნათია ნინიკელაშვილი, soplidan.ge
  • ნანა დიხამინჯია, სიფრული გარდაქმნის ცენტრი, ალტე უნივერსიტეტი
  • მუსია ქებურია, ‘Musya's Work·Shop’
  • ვერიკო ბაზალი, ‘Hippo Velo’
  • ნათია კახიძე, Woodhide Hotel
  • თათია ხაინდრავა, 'Wowchy'
  • ია იმერლიშვილი, „იას მეღვინეობა“
  • თეა ედიშერაშვილი, „შოკოჰოლიკი“
„ქალებს აქვთ ცოდნა და შემართება ბიზნესის დასაწყებად და სამართავად. ეკონომიკური გაძლიერება ის კატალიზატორია, რომელიც ხელს უწყობს ქალთა ფინანსურ დამოუკიდებლობასა და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას“
ერიკ ილესი, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სტრატეგიული ინვესტიციაა წარმატებული და თანასწორი მომავლის მშენებლობაში. ვამაყობთ, რომ ჩვენი ხელშეწყობის შედეგად, ნიჭიერი და მოტივირებული მეწარმე ქალები ახალ ბიზნესებს ქმნიან და საფუძველს უყრიან თანასწორ ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას“
ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში
„ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია საპარტნიორო ქსელების ჩამოყალიბება, ამასთან, თანასწორი და ინკლუზიური ეკონომიკური გარემოს შექმნის წახალისება. მიგვაჩნია, რომ გამოცდილი მეწარმეების მიერ საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება დიდი მოტივაციაა დამწყები მეწარმე ქალებისთვის, რათა არ გაჩერდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ ეკონომიკის განვითარებაში. გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ ფორუმის თითოეულ მონაწილეს. ჩვენ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გავაგრძელებთ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ბიზნესებს წინსვლაში დაეხმარება და დამატებით ღირებულებას შესძენს“
რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა: 

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ხელს უწყობს ქალთა ბიზნეს წარმატებას შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და სტრატეგიული მიდგომების განვითარების გზით. პროგრამას ხორცილდება გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს ბანკის მიერ შვედეთის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის:

შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევას როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ და ეკონომიკურ დონეზე. პროგრამას ახორციელებს გაეროს სამი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს მოსახლეობის ფონდი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია. 

საკონტაქტო ინფორმაცია: