მუნიციპალური განვითარების ახალი გზები

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქები ურბანული გარდაქმნის ინოვაციურ მეთოდებს განიხილავენ

28 July 2022
Photo: UNDP Georgia/Vladimir Valishvili
ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 300 მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის წარმომადგენლები ჩაერთნენ რეგიონული შეხვედრის მუშაობაში, რომელიც 28 ივლისს ქუთაისში გაიმართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მუნიციპალური განვითარების ახალ გზებზე მსჯელობას, მდგრადი სისტემების დანერგვისა და შემოსავლის ახალი წყაროების შექმნის შესაძლებლობების გამოვლენას, და მზარდი გამოწვევების დაძლევის გზების განხილვას, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე დამანგრეველი ომით გამოწვეული კრიზისის ფონზე.

შეხვედრა სახელწოდებით Show&Tell (მაჩვენე & მიამბე) გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, რეგიონული პროგრამის „მერები ეკონომიკური განვითარებისთვის“ (M4EG) ფარგლებში, რომელიც აზერბაიჯანში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება.

M4EG ქსელში გაერთიანებული მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებიდან, 56 შეხვედრაში ფიზიკურად მონაწილეობდა, ხოლო აზერბაიჯანის, მოლდოვას რესპუბლიკის, სომხეთსა და უკრაინის წარმომადგენლები შეხვედრის მუშაობაში ონლაინ რეჟიმში ჩაერთნენ.     

შეხვედრის მსვლელობაში, ცამეტმა მუნიციპალიტეტმა წარადგინა თავისი საქმიანობის მიმდინარე შედეგები ორი ინოვაციური მიდგომის - „მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელებისა“ და „ურბანული ხედვის“ დანერგვის საქმეში, რომელიც შესაბამისი საგრანტო პროგრამების მეშვეობით ხორციელდება.

„მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელი“ განვითარების კომპლექსურ სტრატეგიას გულისხმობს, სადაც წამყვანი როლი ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერას და მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას ენიჭება. ამ ინიციატივაში ჩართულია M4EG ქსელის ოთხი ქალაქი - არენი (სომხეთი), ბათუმი და ქუთაისი (საქართველო) და ჩადირ-ლუნგა (მოლდოვას რესპუბლიკა).

თითოეული მათგანისთვის „მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელი“ მათ უნიკალურ ურბანულ გარემოზე მორგებულ ინიციატივებს უკავშირდება. არენისთვის ეს მდგრადი ტურიზმის განვითარებაა, ბათუმისთვის - სტარტაპების ეკოსისტემის შექმნა, ქუთაისისთვის - ეკო-ქალაქის მოდელის დანერგვა, ხოლო ჩადირ-ლუნგასთვის - ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და ენერგიის მიწოდების ხელმისაწვდომი სისტემის შექმნა.

„ურბანული ხედვის“ პროგრამაში ჩართულია M4EG ქსელის ცხრა მუნიციპალიტეტი. რეგიონულ შეხვედრაზე, მათ თავის საქმიანობაზე ისაუბრეს და ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ნარჩენების მართვის მხრივ მიღწეული შედეგები წარადგინეს. უკრაინის ქალაქების ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს, თუ როგორ ხორციელდება მუნიციპალური მართვა ომის ფონზე განვითარებული კრიზისის პირობებში.

„ეკონომიკურ პრობლემებთან და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან ერთად, რეგიონის ბევრი ქალაქი უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად განვითარებულ კრიზისსაც უმკლავდება. ინოვაციური გადაწყვეტების გამოყენებით, ეს ქალაქები შეძლებენ როგორც მიმდინარე საკითხების მოგვარებას, ისე მმართველობის სისტემების უწყვეტი ფუნქციონირების შენარჩუნებას“
კოლომბ დე მერსი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელი
„ქალაქების მართვა ერთიან მიდგომებსა და ინოვაციურ ხედვას მოითხოვს, რაც ახალ გამოწვევებთან ეფექტიან გამკლავებას უზრუნველყოფს. ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა კომპლექსურ დახმარებას სთავაზობენ ქალაქებს, რათა მათ შეძლონ ასეთი მიდგომების დანერგვა, მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინება და მდგრადი განვითარების შესაძლებლობების შექმნა“
ანნა ჩერნიშოვა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში

სხვა გამომსვლელთა შორის იყვნენ ტიბო შარლე, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის პროგრამის მენეჯერი, და თინა სტოუმი, M4EG რეგიონული მენეჯერი.

საქართველოს მთავრობის სახელით, შეხვედრის მონაწილეებს მიმართა მზია გიორგობიანმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.

###

დამატებითი ინფორმაცია M4EG ინიციატივის  შესახებ:

ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული ინიციატივა M4EG, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, 2017 წლიდან მიმდინარეობს. 2021 წლიდან, M4EG ინიციატივის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უძღვება, ევროკავშირთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

პროგრამა M4EG ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, მოლდოვას რესპუბლიკა, სომხეთი, საქართველო და უკრაინა) საშუალო ზომის ქალაქებში. მისი მიზანია ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაცვლა და ეკონომიკური ზრდის ახლებური მიდგომების მოძიება და დანერგვა.

###

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:

საქართველოში:

 

UNDP-ის რეგიონულ ოფისში (Istanbul Regional Hub):

  • ანტონ სიდორენკო, M4EG კომუნიკაციის ხელმძღვანელი, anton.sydorenko@undp.org

 

საკონტაქტო ინფორმაცია M4EG ინიციატივით დაინტერესებული პირებისთვის:

საქართველოში:

  • ირაკლი ხმალაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, irakli.khmaladze@eeas.europa.eu
  • თინათინ ტყეშელაშვილი, UNDP, M4EG პროექტის მენეჯერი საქართველოში, tinatin.tkeshelashvili@undp.org

 

UNDP-ის რეგიონულ ოფისში (Istanbul Regional Hub):