პანდემიასთან ბრძოლამ ჯანდაცვის სისტემების რეფორმის აუცილებლობა გამოავლინა

UNDP და შვედეთი ხელს უწყობენ კლინიკური ხარისხის უზრუნველყოფის დანერგვას და საზოგადოებრივი კლინიკების მართვის გაუმჯობესებას

23 June 2020

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

პანდემიასთან ბრძოლამ გამოავლინა ჯანდაცვის სისტემების ხარვეზები მთელ მსოფლიოში და დაუყოვნებელი რეფორმების გატარება ბევრი ქვეყნის დღის წესრიგში დააყენა. მსგავსი პროცესი საქართველოშიც მიმდინარეობს, სადაც სახელმწიფოს მიზანია ჯანდაცვის სისტემის მმართველობისა და პოლიტიკის დახვეწა და სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესება პანდემიის პირველ ტალღაზე წარმატებული რეაგირების გამოცდილებაზე დაყრდნობით.

ამ ძალისხმევის მხარდაჭერის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დღეს ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმს, რომლის ფარგლებში UNDP ხელს შეუწყობს ახლადშექმნილი სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის განვითარებას და სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მმართველობის გაუმჯობესებას. UNDP-ის დახმარებით, საქართველოში ასევე დაინერგება კლინიკური ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი, რაც ჯანდაცვის სერვისების ხარისხის მონიტორინგს შეუწყობს ხელს.

150,000 აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივა შვედეთის მთავრობის დაფინანსებით განხორცილდება.

„საქართველოს ჯანდაცვამ წარმატებით გაართვა თავი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას პანდემიის დროს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. „ჩვენ ფასდაუდებელი გამოცდილებაც შევიძინეთ, რაც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და რეფორმაში დაგვეხმარება“.

„საქართველოს ხელისუფლებისა და მედიკოსების თანამშრომლობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა პანდემიაზე წარმატებულ რეაგირებაში. ხელისუფლებამ სრულად გაითვალისწინა ჯანდაცვის პროფესიონალების რჩევა და თავისი ქმედებები ამის საფუძველზე დაგეგმა“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „გაეროს განვითარების პროგრამა მოხარულია, მხარდაჭერა შესთავაზოს საქართველოს ჯანდაცვის სექტორს და ადამიანების სიცოცხლის დაცვაში დაეხმაროს“.

საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი წელს დაარსდა და სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მართვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ამჟამად ჰოლდინგის შემადგენლობაში ხუთი კლინიკა შედის, მათ შორის - თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური), ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის რესპუბლიკური  საავადმყოფო და რუხის საავადმყოფო. მომავალში ჰოლდინგის შემადგენლობაში სხვა სამედიცინო კლინიკებიც გაერთიანდება.

UNDP-ის ხელშეწყობით, ჰოლდინგი თავისი განვითარების სტრატეგიულ ხედვას შეიმუშავებს და პანდემიის დროს მიღებულ გამოცდილებას გაითვალისწინებს. UNDP-ის დახმარებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ასევე დანერგავს კლინიკური ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს, რაც სამედიცინო სერვისების ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს. მექანიზმის ერთ-ერთი შემადგენელი „ქეის მენეჯმენტის“ მიდგომის დანერგვაა, რაც უზრუნველყოფს COVID-19-ისა და სხვა დაავადებათა შემთხვევების აუდიტს ექსპერტთა ჯგუფის მიერ, მუდმივი კონსულტაციების ჩატარებას ჯანდაცვის სერვისების ხარისხის მონიტორინგის მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას ჯანდაცვის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

UNDP-ის, შვედეთისა და ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა პირდაპირ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან ჯანდაცვის სფეროში. ინიციატივის განხორციელებაში ჩართულია საერთაშორისო ფონდი „კურაციო“, წამყვანი ორგანიზაცია 25-წლიანი გამოცდილებით ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების საქმეში.

„პანდემიამ მსოფლიოს დაანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი ჯანდაცვის სისტემებისა და ჯანდაცვის ადეკვატური პოლიტიკის არსებობა“, - განაცხადა საერთაშორისო ფონდ „კურაციო“-ს პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ. „ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას შევთავაზებთ არსებულ ვითარებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სიტემის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს გაითვალისწინებს“.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ხელშეწყობა მმართველობის რეფორმის უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ახორცილებს. ამ ექვსწლიანი პროგრამის ღირებულება 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

საკონტაქტო ინფორმაცია