ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტი ხელს უწყობს საქართველოს ძალისხმევას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების შემცირების მხრივ
საქართველო იღებს ახალ საერთაშორისო ვალდებულებებს კლიმატის ცვლილების დასაძლევად
11 May 2021
საქართველომ მიიღო ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDCs) განახლებული დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის უპირობო ვალდებულებას 2030 წლისთვის 35 პროცენტით შეამციროს სათბურის აირების გაფრქვევის ჯამური მაჩვენებელი ეროვნულ დონეზე 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამ ვალდებულების აღებით, საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მდგრადი განვითარების გზაზე, როგორც ადამიანების, ასევე პლანეტის სასიკეთოდ.
2021 წლის 8 აპრილს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტი (NDCs), ხოლო 5 მაისს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) სამდივნოს წარუდგინა.
ამით საქართველომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც მან 2015 წელს, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, პარიზის შეთანხმების ხელმოწერისას აიღო - გაატაროს შესაბამისი პოლიტიკა და გადადგას პრაქტიკული ნაბიჯები იმისთვის, რომ საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდამ 20C-ს არ გადააჭარბოს, ხოლო დამატებითი ძალისხმევის შემთხვევაში, 1.50C ზღვარზე შენარჩუნდეს.
კონკრეტული ნაბიჯები, რომლებითაც საქართველო ემისიების შემცირების ამბიციურ დღის წესრიგს განახორციელებს, აღწერილია 2030 წლის კლიმატის ცვლილების ეროვნულ სტრატეგიაში და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმაში, რომლებიც მთავრობამ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებულ დოკუმენტთან ერთად მიიღო.
„ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტია, რომელიც გავლენას იქონიებს საქართველოს სამომავლო განვითარებაზე. დოკუმენტი მოიცავს ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორს, მათ შორის ენერგეტიკას, მრეწველობას, სოფლის მეურნეობას და ნარჩენებისა და ტყის მართვას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების ძირითადი კომპონენტებია:
- 2030 წლისთვის, მთლიანი შიდა სათბურის აირების გაფრქვევების შემცირება 35 პროცენტით, ან ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 16 პროცენტით 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით. საერთაშორისო მხარდაჭერით, ეს ვალდებულება შესაძლოა 50-57 პროცენტამდე გაიზარდოს;
- სათბურის აირების ეროვნული ინვენტარიზაციის ჩატარება იმ სათბურის აირების აღწერის მიზნით, რომლებიც მონრეალის შეთანხმებით არ რეგულირდება;
- ემისიების შეზღუდვის რეალისტური მიზნების დასახვა შვიდი სექტორისთვის: ტრანსპორტი, შენობები, ენერგიის გენერაცია და გადაცემა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ნარჩენები და ტყის მართვა. აღნიშნული ვალდებულების ფარგლებში გათვალისწინებულია გაფრქვევების შემცირებას 15 პროცენტით ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორებში, 10 პროცენტით სატყეო და 5 პროცენტით მრეწველობის სექტორებში საბაზისო დონის საფუძველზე გაკეთებულ პროგნოზებთან მიმართებით. საქართველო ასევე იღებს ვალდებულებას შეიმუშავოს დაბალნახშირბადიანი მიდგომები შენობების, ნარჩენების მართვისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში.
- კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასება ზღვისპირა ზონებზე, მთის ეკოსისტემებზე, წყლის რესურსებზე და ტყეზე და შესაბამისი საადაპტაციო ღონისძიებების გატარება;
- კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასება ეკონომიკაზე, სოციალურ სფეროსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე და შესაბამისი საადაპტაციო ღონისძიებების გატარება;
- ბიომრავალფეროვნების, განსაკუთრებით კი ენდემური, ადგილობრივი და გადაშენების პირას მყოფი ჯიშების კონსერვაციის ხელშეწყობა;
- კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებითა და ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენებით გამოწვეული ზარალისა და ზიანის შემცირება;
- ქალთა როლის გაძლიერება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის პრინციპებისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად. ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვასა და წყლის რესურსების მდგრად გამოყენებას.
“დღეს მსოფლიო უარს ამბობს განვითარების ჩვეულ მოდელებზე და გაბედულ ნაბიჯებს დგამს პოსტ-პანდემიური მომავლისკენ, რომელიც მდგრად და მწვანე მიდგომებს ითვალისწინებს. სწორედ ამ კრიტიკულ დროს ემთხვევა საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილების სფეროში აღებული ვალდებულებების განახლება. ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი და კლიმატის სტრატეგია საქართველოს გზამკვლევია მდგრადი ეკონომიკის, განახლებადი ენერგიის, მწვანე სამუშაო ადგილებისა და კლიმატისადმი მეგობრული ტექნოლოგიების დანერგვის გზაზე. გარდა ამისა, ამ სტრატეგიული დოკუმენტების ხელს შეუწყობს პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლასა და სწრაფ აღდგენას“, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.
საქართველოს მთავრობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერს კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების მშენებლობას, კლიმატური კატასტროფების რისკის შემცირებას, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მისი შედეგების მიმართ ადაპტაციას. UNDP-ის საქმიანობა ხორციელდება ევროკავშირის (EU), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გლობალურ გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით.
***
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს მსოფლიოს ქვეყნებს სათბური აირების ემისიების შემცირებასა და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDCs) შესრულებაში. UNDP-ის ინიციატივა Climate Promise ხორციელდება 118-ზე მეტ ქვეყანაში გერმანიის, შვედეთის, ევროკავშირის, იტალიის, ესპანეთისა და სხვა საკვანძო პარტნიორების მხარდაჭერით.
***
საკონტაქტო ინფორმაცია:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org