კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ახალგაზრდა კლიმატის აქტივისტები ადგილობრივ გარემოსდაცვით ინიციატივებს წარადგენენ
ახალგაზრდები უსაფრთხო მომავლისთვის
3 October 2024
კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისში ახალგაზრდული ღონისძიება გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე იმსჯელეს და მათ მიერ წამოწყებული ადგილობრივი ინიციატივები წარადგინეს.
ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით.
შეკრების ბევრი მონაწილე სხვადასხვა წლებში ჩართული იყო საზაფხულო ბანაკში „ახალგაზრდა კლიმატის ელჩები“, რომელმაც გარემოსდაცვითი განათლების პლატფორმა შექმნა საქართველოს ახალგაზრდებისთვის. ამ უნიკალური გამოცდილების გათვალისწინებით, ღონისძიების მონაწილეებმა და სტუმრებმა ისაუბრეს ახალგაზრდული გარემოსდაცვითი აქტივიზმის განვითარებაზე.
დისკუსია დაიწყო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „გმადლობთ ამ სამყაროსთვის“ ჩვენებით, რის შემდეგ გაიმართა შეხვედრა ვიდეო-პროექტის შემქმნელებთან - რეზი დგებუაძესთან, ახალგაზრდა კლიმატის ელჩთან და UNDP-ის რეგიონული ახალგაზრდული ქსელის „Generation Nexus“ წევრთან, და ქერენ სირილოსთან, UNDP-ის რეგიონული ჰაბის ციფრული კომუნიკაციის სპეციალისტთან.
„გმადლობთ ამ სამყაროსთვის“ ორიგინალური დოკუმენტური ვიდეო-პროექტია, რომელიც შემოქმედებითი ხერხებით გვიყვება, თუ რას ფიქრობენ ახალგაზრდები კლიმატის ცვლილებაზე და როგორ ხედავენ საკუთარ მომავალს ჩვენს ცვალებად რეალობაში.
ფილმი აგებულია თანამედროვე ახალგაზრდას გულწრფელი წერილების გარშემო. მასში ასევე გამოყენებულია ცნობილი ამერიკელი პოეტის, პაციფისტისა და გარემოსდამცველის, უილიამ მერვინის ლექსი „გმადლობთ“.
„10 წელიწადში რა გველოდება? სიმწვანე ისევ იქნება?“ კითხულობს რეზი. პასუხი მერვინის სევდიან სიტყვებს ეხმიანება: „მადლობას უფრო და უფრო სწრაფად ვამბობთ არავის ესმის“.
"რეზისთან თანამშრომლობა საოცრად შთამაგონებელი და საინტერესო იყო. ამ პროექტმა გვაჩვენა, რომ ახალგაზრდა თაობა აცნობიერებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კრიზისის სიმწვავეს და ცდილობს, რომ გარემოსთან კავშირი აღადგინოს."ქერენ სირილო, UNDP-ის რეგიონული ჰაბის ციფრული კომუნიკაციის სპეციალისტი
"მწვანე ბანაკისა და რეგიონული ახალგაზრდული ქსელის გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ კლიმატის ცვლილების პირისპირ მარტო არ ვართ. ჩვენი ერთიანობა და თანამშრომლობა გადაწყვეტების მოძიებაში გვეხმარება."რეზი დგებუაძე, ახალგაზრდა კლიმატის ელჩი და UNDP-ის რეგიონული ახალგაზრდული ქსელის „Generation Nexus“ წევრი
ღონისძიება გაგრძელდა ახალგაზრდული პროექტების წარდგენით, რომლებიც კლიმატის ელჩების ინიციატივით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა. ადგილობრივმა ახალგაზრდულმა პროექტები ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორებიცაა გარემოსდაცვითი განათლება, ცხოვრების მწვანე სტილი და სათემო ჩართულობა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქმეში. უდავოა ამ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივების შედეგიც. მათი მეშვეობით, ახალგაზრდები ყოველდღიურად ცვლიან სამყაროს უფრო მდგრადი და კლიმატგონივრული განვითარების მიმართულებით.
"ახალგაზრდები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საქმიანობის ეპიცენტრში არიან. მათი ჩართულობა და მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია კატასტროფებისგან დაცული, უსაფრთხო და მდგრადი მომავლის მშენებლობისთვის. გაეროს განვითარების პროგრამა სიამაყით უჭერს მხარს ახალგაზრდულ ინიციატივებს, რომლებიც ცვლიან საზოგადოების დამოკიდებულებას და ხელს უწყობენ ცხოვრების მდგრადი წესის დანერგვას."ნილს ქრისტენსენი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში
"საგანმანათლებლო პროგრამების, სტიპენდიებისა და სასკოლო გრანტების მეშვეობით, ხელს ვუწყობთ ასობით ახალგაზრდას, რომ კლიმატის ცვლილების საკითხებში ცოდნა გაიღრმავონ და გარემოსდაცვით საქმიანობაში ჩაერთონ. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობა მზად იყოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად."ეკატერინე ბენდელიანი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე
დამატებითი ინფორმაცია:
კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმირებულობა და გარემოსდაცვითი განათლება UNDP-ის კლიმატური პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს ფართომასშტაბიანი პროგრამა ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდისა და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით და ხელს უწყობს საქართველოს დაცვას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org