საქართველოს პარლამენტი, გაეროსა და შვედეთის მთავრობასთან თანამშრომლობით, პატივს მიაგებს საქართველოს ეროვნულ გმირს
საქართველოს პარლამენტში მარო მაყაშვილის სახელობის სათათბირო ოთახი გაიხსნა
7 December 2021
საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი სათათბირო ოთახი დღეიდან მარო მაყაშვილის სახელს ატარებს. საქართველოს ეროვნული გმირის სახელობის სივრცეში ქართველი პარლამენტარი ქალების ღვაწლის ამსახველი მუდმივმოქმედი ექსპოზიცია განთავსება, შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მარო მაყაშვილის სახელობის სათათბირო ოთახი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით შეიქმნა. სივრცის კეთილმოწყობა და აღჭურვა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.
მარო მაყაშვილის გმირობა 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას უკავშირდება. წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის დროს, 19 წლის სტუდენტი წითელ ჯვარში ჩაეწერა და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. 1921 წლის 19 თებერვალს, მარო მაყაშვილი ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა. საქართველოს იმდროინდელმა საზოგადოებამ მაროს დაღუპვა მტკივნეულად განიცადა. მისი გმირობა მწერლების, პოეტებისა და კომპოზიტორების შემოქმედებაში აისახა.
2015 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, მარო მაყაშვილს საქართველოს გმირის წოდება მიენიჭა. ის პირველი ქართველი ქალია, რომელსაც ეს მაღალი წოდება ერგო.
2021 წლის 7 დეკემბერს, მარო მაყაშვილის სახელობის სათათბირო ოთახის საზეიმო გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი, UNDP-ის ხელმძღვანელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი და UN Women-ის ხელმძღვანელი საქართველოში კაორი იშიკავა დაესწრნენ.
შემდეგ გაიმართა სემინარი ახალგაზრდებისთვის ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისა და საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში ქალთა როლის საკითხებზე. სემინარს გაუძღვნენ UNDP-ის ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის მიმართულების ხელმძღვანელმა ლელა აქიაშვილი და სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
„მარო მაყაშვილი პირველი ქალია, ვისაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ნამდვილად სიმბოლურია, რომ პარლამენტში მისი სახელობის დარბაზს ვხსნით, რომელიც თაობებს დარჩება. მარო მაყაშვილი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, არის სიმბოლო, იმისა თუ როგორ უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა “, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.
“ქართველი ქალების ღვაწლი და დამსახურება, მათი ბრძოლა თანასწორობის, ადამიანის უფლებების, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. დღეს პატივს მივაგებთ წარსულის გმირებს და ამავდროულად მივესალმებით თანამედროვეობის ლიდერებს, რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ თანასწორობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში ქალთა ადგილის დამკვიდრების საქმეში“, - აღნიშნა შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა.
“საქართველოს ისტორიამ უამრავი ღირსშესანიშნავი ქალის სახელი შემოინახა. თუმცა დღეს ქართველი ქალები კვლავ გენდერულ სტერეოტიპებსა და დისკრიმინაციას ებრძვიან. ქალების უდიდესი ღვაწლის აღიარებასთან ერთად, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმ მყისიერი ზომების გატარებაზე, რომელთა მეშვეობით თანასწორობა და თანაბარი შესაძლებლობები ყველა მოქალაქისთვის უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.
საქართველოს პარლამენტში მარო მაყაშვილის სახელობის სათათბირო ოთახის გახსნა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ წლევანდელ 16-დღიან კამპანიას ეხმიანება.
ღონისძიება ასევე წარმოადგენს ადამიანის უფლებების მიმდინარე კვირეული ნაწილს, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს საზოგადოების ფართო წრეები შეუერთდნენ. მათ შორის, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სახალხო დამცველის აპარატი, ევროკავშირი (EU), შვედეთის საელჩო, გაეროს სააგენტოები და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org