გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა ხელს უწყობენ ქალთა მონაწილეობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში
სექტორთაშორისი თანამშრომლობა გენდერული თანასწორობისთვის
28 March 2022
გენდერული თანასწორობა ზრდისა და სტაბილურობის საფუძველია, ხოლო ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობა მმართველობაში აკნინებს დემოკრატიულ პროცესს და საფრთხეს უქმნის მდგრად განვითარებას. ასეთი იყო ბათუმში 26 მარტს გამართული კონფერენციის „გადადგი ნაბიჯი თანასწორობისკენ“ მთავარი შეტყობინება.
კონფერენციის მასპინძელი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო, ხოლო ხელშემწყობები გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა, მათი მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში.
ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს იმ გამოწვევებსა და ხარვეზებზე, რომლებიც ხელს უშლის ქალებს სრულფასოვნად ჩაერთონ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში. მათ ასევე განიხილეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებისა და კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობის გზები, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე.
კონფერენციას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სხვა გამომსვლელებთან ერთად, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ხატია წილოსანმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ფატი ხალვაშმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემის“ წარმომადგენელმა ნესტან ანანიძემ.
„გენდერული თანასწორობა საფუძველს უყრის კეთილდღეობას, რომლითაც საზოგადოების ყველა წევრი თანაბრად სარგებლობს. გენდერული თანასწორობის მიღწევით, მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებების დაცვას და მდგრად მშვიდობას. გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება ყველასთვის სასიკეთოა,“ - განაცხადა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.
საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, სადაც ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობას გენდერული საარჩევნო კვოტირება არეგულირებს. ამის მიუხედავად, პარლამენტში წევრ ქალთა წილი 19 პროცენტს არ აღემატება, ხოლო ადგილობრივ ხელისუფლებაში 24 პროცენტს.
ქართველ ქალთა დაახლოებით 60 პროცენტი სამუშაო ძალის გარეთაა დარჩენილი. მსოფლიო ბანკი ამ ვითარებას შრომის ბაზრის დაკარგულ რესურსად მიიჩნევს, რომლის გამოც საქართველო ერთ სულზე მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 11 პროცენტზე მეტს კარგავს.
ქალთა მფლობელობაში მყოფი ბიზნესი ყოველწლიურად დარეგისტრირებული ახალი საწარმოების მესამედზე ნაკლებს შეადგენს. 2017 და 2019 წლებს შორის, ეს მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა კიდეც და 29 პროცენტს არ აღემატებოდა. [წყარო: ქალები ბიზნესში, 2021. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი]
თუმცა, გაეროს მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოს საზოგადოების დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის მიმართულებით იცვლება.
ოთხი კაციდან სამი ამბობს, რომ მენეჯერ ქალთან მუშაობა მათთვის სავსებით მისაღებია, ხოლო მოსახლეობის 60 პროცენტი თვლის რომ ქალთა უფრო აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი იქნებოდა.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org