შვეიცარიისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, პროფესიული უნარების სააგენტო იწყებს ფართომასშტაბიან დისკუსიას უნარების ეკოსისტემის ჩამოყალიბების შესახებ
უნარების კვირეული ხელს უწყობს ხარისხიან პროფესიულ განათლებას საქართველოში
22 July 2022
ხარისხიან პროფესიულ განათლებას შეუძლია წარმატებისა და კეთილდღეობის გზა გაუხსნას ბევრ ადამიანს, რომელიც საქართველოში კვლავ უმუშევრობასა და სიღარიბეს ებრძვის. ქართველი ახალგაზრდების 34 პროცენტი არაა ჩართული არც დასაქმებაში, არც განათლებასა თუ ტრენინგში, ხოლო ახალგაზრდებს შორის უმუშევრობა ზოგიერთ რეგიონში 40 პროცენტს აღემატება.
პროფესიული განათლების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, პროფესიული უნარების სააგენტომ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ფართომასშტაბიანი მსჯელობა წამოიწყო.
უნარების კვირეულში, რომელიც 18-22 ივლისს გაიმართა, სამთავრობო უწყებები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კერძო კომპანიები ჩაერთნენ. კვირეულის ცენტრალურ შინაარსს თანამედროვე პროფესიული სწავლების განვითარება და ამ მხრივ, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენდა.
კვირეულის მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიულ სასწავლებლებს, სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობაზე, რამაც შრომის ბაზარზე საჭირო უნარების განვითარება და შესაბამისად, დასაქმებისა და ეკონომიკის ზრდა უნდა გამოიწვიოს. მსჯელობა ასევე შეეხო პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებულ სხვა საკვანძო საკითხებს, მათ შორის პიროვნული თვითრეალიზაციის შესაძლებლობების შექმნას ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანისთვის და ინტეგრირებული სასწავლო პროგრამების განხორციელებას პროფესიულ განათლებაში არსებული „ჩიხური“ მოდელების შესაცვლელად.
პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლებმა წარადგინეს უახლესი კვლევის შედეგები, რომელიც პროფესიული განათლებისა და ტრენინგის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას ასახავს. მათ ასევე იმსჯელეს პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სისტემური კვლევის ხედვაზე და „უნარების ეკოსისტემის“ განვითარების პერსპექტივებზე, რომელმაც შრომით ბაზარზე არსებული მოთხოვნა შესაბამისი უნარების მიწოდებასთან უნდა დააბალანსოს.
„მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმამ, ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე უნარების განვითარებას შეუწყოს ხელი. ჩვენი მიზანია, სახელმწიფო უწყებებსა და კომერციულ კომპანიებს დავანახოთ ის მჭიდრო კავშირი, რომელიც ეკონომიკისა და პროფესიული უნარების განვითარებას შორის არსებობს. მნიშვნელოვანია შევქმნათ ეკოსისტემა, სადაც უნარების მიწოდება სექტორული განვითარების სტრატეგიების შემადგენელი ნაწილი გახდება".თამარ ქიტიაშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი
„შვეიცარია ხელს უწყობს საქართველოში პროფესიული განათლებისა და ტრენინგის რეფორმის განხორციელებას, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევაში. შვეიცარიის ხელშეწყობა მოიცავს რესურსებსა და ექსპერტიზას, რომელიც საჭიროა შესაბამისი პოლიტიკის შექმნისთვის, ახალი მიდგომებისა თუ თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის მოდელებისა და მასწავლებელთა პროფესიონალიზმის გაუმჯობესებისთვის".ბექა თაგაური, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ეროვნული პროგრამების კოორდინატორი
„საქართველოში, პროფესიული განათლების პროგრამებზე ყოველწლიურად საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა მხოლოდ 5 პროცენტი აბარებს. ევროკავშირის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 48 პროცენტს აღწევს. გაეროს განვითარების პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კერძო სექტორთან, რათა ეს მდგომარეობა შეიცვალოს და პროფესიული განათლება კეთილდღეობისა და ეკონომიკური წარმატების გზად იქცეს".ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სისტემის რეფორმას საქართველოში. ეს დახმარება ხორციელდება 8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამის ფარგლებში, რომელიც სოფლის მეურნეობაში თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებისა და მოდელების დანერგვას ემსახურება. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- თეიკო კანდელაკი, UNDP, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
- ეკატერინე ყვავაძე, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, +995 599 952 954, eka.kvavadze@eda.admin.ch