შვეიცარია და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ პროფესიული განათლებისა და გადამზადების განვითარებას
პროფესიული განათლება საქართველოს სოფლის წარმატების გზაა
1 December 2022
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახალ პროექტს იწყებენ, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პროფესიული განათლების ხელშეწყობა, საჯარო-კერძო პარტნიორობის წახალისება, სოფლის ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო უნარების შექმნა და პროფესიულ განათლებასა და გადამზადებაში ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვა.
სამწლიანი ინიციატივა, რომლის ბიუჯეტი 4.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (აქედან, 4.4 მილიონი აშშ დოლარი შვეიცარიის დაფინანსებაა, ხოლო 100,000 აშშ დოლარი UNDP-ის თანადაფინანსება), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის პირობებში განხორციელდება.
პროექტის საჯარო წარდგენა 1 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გიორგი ხანიშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ; ვალერიან გობრონიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ; თამარ ქიტიაშვილმა, უნარების სააგენტოს თავმჯდომარემ; დანიელ მევლიმ, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელმა საქართველოში; და ნიკ ბერესფორდმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
“პროფესიული განათლებისა და გადამზადების მოდერნიზების პროექტი შვეიცარიის თანამშრომლობის მიმდინარე, 2022-2025 წლების პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია. უნარების განვითარება და სოფლად დასაქმება ასევე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში. ამის გათვალისწინებით, დარწმუნებულები ვართ, რომ ეროვნულ პარტნიორებთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ჩვენი პროექტი წარმატებას მიაღწევს და წვლილს შეიტანს საქართველოს განვითარებაში.”დანიელ მევლი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში
„ჩვენი ერთობლივი საქმიანობა შვეიცარიასთან, საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, განათლებისა და გადამზადების უკეთეს შესაძლებლობებს უზრუნველყოფს სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის. ჩვენ ხელს ვუწყობთ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ხარისხიანი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, ხოლო დასაქმების მაძიებლები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, თავის შესაძლებლობების სრულ რეალიზებას შეძლებენ."ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
შვეიცარიისა და UNDP-ის ახალი პროექტი გასული ხუთი წლის მანძილზე, 2018-2022 წლებში განხორციელებული პროგრამის შედეგებს ეყრდნობა. ამ დახმარების ფარგლებში, შვეიცარიისა და UNDP-ის ხელშეწყობით, პროფესიულ განათლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული არაერთი ინიციატივა განხორციელდა. მათ შორის:
- 21,000-მა მცირე ფერმერმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაირა პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამები სოფლის მეურნეობის პროფესიებში.
- განხორციელდა 140 პროექტი კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
- ბიზნესისთვის კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების მიზნით, ჩამოყალიბდა 48 პარტნიორობა საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და კერძო სექტორს შორის.
- ჩამოყალიბდა და განვითარდა სოფლის მეურნეობის მრჩეველთა და ექსტენციის სპეციალისტთა ქსელი ოთხ რეგიონში (გურია, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი).
- დაარსდა „აგროდუო“, პირველი უნარების სექტორული ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც საგანმანათლებლო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- თეიკო კანდელაკი, UNDP, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
- ეკატერინე ყვავაძე, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, +995 599 952 954, eka.kvavadze@eda.admin.ch