ლგბტქი+ თემის წევრთა პირად მონაცემთა დაცვა საქართველოში. 2022
ლგბტქი+ თემის წევრთა პირად მონაცემთა დაცვა საქართველოში. 2022
28 January 2023
წინამდებარე კვლევა შეისწავლის საქართველოში არსებულ მდგომარეობას ლგბტქი+ თემის წევრთა პერსონალური მონაცემების დაცვის მხრივ. მისი მიზანია არსებული გამოწვევებისა და ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლებისთვის.
კვლევა განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კანონის უზენაესობის ცენტრი“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით. კვლევაში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG), „თანასწორობის მოძრაობა“ და „იდენტობა იუსს“.
ძირითადი მიგნებები:
- ჯანდაცვის სექტორში ლგბტქი+ თემის წევრთა პერსონალური მონაცემების დამუშავება რიგ შემთხვევებში ხდება არაკანონიერად: ადგილი აქვს მონაცემთა არაუფლებამოსილი პირებისთვის გამჟღავნებას; მონაცემები მუშავდება ღირსების შემლახავი ფორმით; ზოგჯერ მუშავდება სამედიცინო მომსახურების მისაღებად არასაჭირო (ზედმეტი მოცულობის) მონაცემები. სამედიცინო დაწესებულებებში უმეტესწილად არაა გატარებული შესაბამისი ორგანიზაციული თუ ტექნიკური ზომები პერსონალურ მონაცემთა უკანონო თუ შემთხვევითი გამჟღავნებისა და გამოყენებისაგან დასაცავად.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ რიგ შემთხვევებში ხდება ლგბტქი+ თემის წევრების მონაცემთა დამუშავება კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, მათ შორის არასამსახურეობრივი (პირადი) მიზნით. ადგილი აქვს ლგბტქი+ პირის გამოკითხვისას გაჟღერებული და/ან სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა ინფორმაციის არაუფლებამოსილი მესამე პირებისთვის გამჟღავნებას. ლგბტქი+ თემის წევრთა მონაცემების დამუშავება ხდება ღირსების შემლახავი ფორმით. არაა გათვალისწინებული სათანადო ზომები პერსონალურ მონაცემთა უკანონო თუ შემთხვევითი გამჟღავნებისა და გამოყენებისაგან დასაცავად. მაგალითად, მოწმისა და დაზარალებულის გამოკითხვა ხდება საერთო სივრცეში, სხვა გამომძიებლებისა და მოქალაქეების თანდასწრებით, ხოლო გამოკითხვის ოქმები განთავსებულია ღიად, გამომძიებლის მაგიდაზე, არაუფლებამოსილ მესამე პირთათვის ხელმისაწვდომი ფორმით.
- ადვოკატების მიერ მედიასთან კომენტარებში და/ან სოციალური ქსელის გამოყენებით ხშირად ხდება სასამართლო პროცესის მონაწილეთა პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება არაეთიკური, ღირსების შემლახავი ფორმით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
- რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგების მიერ ხდება პაციენტების პერსონალური მონაცემების გასაჯაროება მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე. ასევე, ვლინდება მესამე პირებისთვის პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამჟღავნების შემთხვევებიც.
- საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ჩანაწერი, რომლის საფუძველზე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის დროს შესაძლებელი იქნებოდა სასამართლო სხდომის დახურვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით. როგორც წესი, მოსამართლეები არ აკმაყოფილებენ სასამართლო პროცესში ჩართული ლგბტქი+ პირების მოთხოვნას ამ მოტივით სხდომის დახურვის შესახებ.
- იუსტიციის სახლების თანამშრომლები ხანდახან არასამსახურეობრივი მიზნებით იყენებენ მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს. გარდა ამისა, იუსტიციის სახლების სივრცითი მოწყობის გამო, იზრდება მონაცემთა უკანონო ან შემთხვევითი გამჟღავნების საფრთხე.
- მედიის/ჟურნალისტების მხრიდან ხშირია ლგბტქი+ პირთა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევები, მათ შორის, აღნიშნულ პირთა თანხმობის გარეშე, არასათანადო მოცულობითა და ფორმით.
- სამუშაო ადგილზე პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რაც ლგბტქი+ თემის სგიმატიზაციას უკავშირდება. გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გაგების შემდგომ, ხშირია ლგბტქი+ პირთა სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები, დისკრიმინაციული მოპყრობა და პირად მონაცემთა არასამსახურეობრივი გამოყენება.
- საზედამხედველო ორგანო არ აწარმოებს სტატისტიკას იმ საქმეების შესახებ, რომლებიც ლგბტქი+ თემის წევრთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას უკავშირდება. ეს ართულებს ამ კატეგორიის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზს.
- ლგბტქი+ პირები ხშირად თავს იკავებენ მათი პერსონალური მონაცემების ხელყოფისა და არაკანონიერი გამოყენების შემთხვევებზე რეაგირებისგან. ეს გამოწვეულია ერთის მხრივ, მათი არასათანადო ინფორმირებით პერსონალური მონაცემებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ, დაუცველობის განცდითა და საზედამხედველო და საგამოძიებო ორგანოების მიმართ უნდობლობით.
- ლგბტქი+ თემის წევრთა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები საჭიროებენ მეტ მხარდაჭერასა და გაძლიერებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში.