სასწავლო პროგრამა კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვის
ხელსაქმე მშვიდობისთვის
7 February 2023
მაკო ჭკადუა და მალვინა (მალო) კოტუა ახალგაზრდა მეწარმეები არიან, რომელთაც ხელსაქმისადმი სიყვარული არა მხოლოდ პროფესიულ საქმიანობად, არამედ სხვა ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის გზად აქციეს. აფხაზეთიდან დევნილი მაკო და მალო, ახლა ზუგდიდში უძღვებიან პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს ხელსაქმე შეასწავლოს და დასაქმებაში დაეხმაროს.
მაკო და მალო ზუგდიდში მოქმედი ორგანიზაციის, „ხელები მშვიდობისთვის“ თანადამფუძნებლები არიან. წლების მანძილზე მიღებული პრაქტიკული გამოცდილების წყალობით, მათ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის, EU4Dialogue-ის საგრანტო კონკურსში წარმატებით სცადეს ბედი და ხელსაქმის სასწავლო პროგრამისთვის საჭირო დაფინანსება მიიღეს.
პირადი მაგალითის ძალა
მაკოს და მალოს დახმარებით, 42 ქალი ხელსაქმეს ოთხიდან ერთი მიმართულებით ეუფლება, იქნება ეს ქსოვა, ქარგვა, ჭრა-კერვა (ტანსაცმლის მოდელირება) თუ ტრიკოტაჟი (მაკრამეს ძაფით ქსოვა). მაკოს და მალოს თქმით, მათი ინიციატივის მიზანია ქალები ხელსაქმეში გაიწაფონ და საკუთარი ნაწარმის შექმნა-გასაღება შეძლონ, რამაც მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება უნდა უზრუნველყოს.
ხელსაქმის პროექტის მონაწილეთა შორის შეხვდებით მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედებს, ქალებს, რომლებიც ადრე დაოჯახდნენ და განათლების გაგრძელების შესაძლებლობა არ ჰქონიათ, უსახსრობისა თუ სხვა მიზეზთა გამო.
ამასთან, მაკომ და მალომ, დევნილობის გამოცდილების გათვალისწინებით, სასწავლო კურსი ისე მოაწყვეს, რომ ხელსაქმის შემსწავლელ ჯგუფებში დევნილებთან ერთად ადგილობრივი ქალებიც ყოფილიყვნენ. 42 მონაწილიდან 15 ქალი დევნილია, მათ მხარდამხარ კი ხელსაქმეს ზუგდიდის, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტების მკვიდრი ქალებიც ეუფლებიან. მაკოს და მალოს მიაჩნიათ, რომ ასე შეძლებენ თავიანთი წვლილი შეიტანონ დევნილთა ინტეგრაციაში.
„ბავშვობიდან გვაქვს ეს პრობლემა დევნილებს, ინტეგრირება გვიჭირს. ახლა ჩემი შვილის თაობაში ნაკლებადაა ასე, მაგრამ ჩემს ბავშვობაში აქტიურად გამოჰყოფდნენ ადგილობრივსა და დევნილს ერთმანეთისგან, იყო დევნილების ჩაგვრის შემთხვევები“, - გვეუბნება მაკო.
33 წლის მაკო გალის მუნიციპალიტეტის სოფელ აჩიგვარადანაა. დევნილობისას, ბავშვობის ნახევარი ქალაქ ზუგდიდში, „ფაიფურის“ კოლექტიური ჩასახლების ცენტრში დაჰყო. 31 წლის მალო კი გალის სოფელ საბერიოდანაა, ბავშვობის დიდი ნაწილი საბერიოსა (რომელსაც „პატარა, მთაგორიან სამოთხეს“ უწოდებს) და ზუგდიდს შორის აქვს გატარებული. გარკვეული პერიოდი ორივე თბილისში სწავლობდა, თუმცა მაშინ ერთმანეთს ჯერ არ იცნობდნენ.
მაკოსა და მალოს გზები ჯერ „აწარმოე საქართველოში“ გადაიკვეთა, შემდეგ კი საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთში“ (CHCA). 2018 წელს ცენტრმა „აფხაზეთმა“ დევნილებისათვის ხელსაქმის შემსწავლელი კურსები გამოაცხადა, სადაც მალო პოლიმერიას ასწავლიდა, მაკო და კიდევ ორი მონაწილე, მონიკა აბრალავა და სალომე ქარდავა კი სუტაჟის მოსწავლეები იყვნენ. როგორც საუკეთესო მოსწავლეები, მასწავლებლებად მაკოც, მონიკაც და სალომეც აიყვანეს. ასე გაჩნდა სოციალური საწარმოს, „ხელები მშვიდობისთვის“ გახსნის იდეა, რომელიც 2019 წელს ამ ოთხმა დევნილმა ახალგაზრდა ქალმა დააფუძნა.
გამოწვევები და შესაძლებლობები
მაკოს და მალოს თქმით, რეგიონში ქალებს შორის ხელსაქმით დაინტერესება მაღალია. მათ პროექტში მონაწილეობაზე განაცხადი შარშან 150-მდე ქალმა შეავსო. ამათ შორის, 30-მდე ხელით შევსებული განაცხადიც იყო. სოფლად მცხოვრებ ქალებს ხშირად ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, ამიტომ მაკო და მალო თავად დადიოდნენ სოფლებში კარდაკარ, რათა მონაწილეობის შანსი ასეთი ქალებისთვისაც მიეცათ.
როგორც აღმოჩნდა, ხელსაქმის შესწავლის მსურველი კიდევ უფრო მეტია. ბევრ ქალს, სურვილის მიუხედავად, მსგავს პროექტებში ჩართვა და გაკვეთილებზე დასწრება უჭირს, რადგან მცირეწლოვანი ბავშვების მოვლა და სხვა საოჯახო საქმე სწავლისა და დასაქმებისთვის საჭირო დროს არ უტოვებს.
მსგავსი პრობლემა „ხელების მშვიდობისთვის“ პროექტის რამდენიმე მონაწილეს შეექმნა, თუმცა სასწავლო კურსის ორგანიზატორებმა ეს დაბრკოლება შედარებით მარტივად გადალახეს და მცირეწლოვანი ბავშვების დედებს გაკვეთილებზე შვილებთან ერთად დასწრება შესთავაზეს. ამისთვის „ხელების მშვიდობისთვის“ ოფისში სახელდახელოდ ადგილიც კი გამოყვეს, სადაც ბავშვებს თამაში და გართობა შეეძლოთ, სანამ მათი დედები ხელსაქმეს ეუფლებოდნენ.
„ზოგს სახლიდან გამოსვლის პრობლემა აქვს, ჩვილი ჰყავს, რომელსაც ბაღში ვერ ტოვებს. აქვთ ნიჭი, აქვთ უნარი, უნდათ მოსვლა, სწავლობენ, საოცარ რამეებს აკეთებენ, მაგრამ ხანდახან ვერ მოდიან - ქმარი მუშაობს, ან დედამთილი არ ჰყავთ, ვინც დაეხმარება. ერთი ბავშვი აქ გვიზის ხოლმე გაკვეთილებზე. მსგავს შემთხვევებში, ვეუბნებით გოგოებს, რომ აქ მოიყვანონ ბავშვები, ოღონდაც მოვიდნენ ის 2-3 საათი და ისწავლონ“, - ამბობს მალო.
მაკო დასძენს, რომ ქალთა წარმატებული და დამოუკიდებელი საქმიანობისთვის მხოლოდ ხელსაქმის გაკვეთილები საკმარისი არაა. „ერთი და ორი ტრენინგი არაა საკმარისი. მაქსიმალურად ვცდილობთ, მხოლოდ ჭრა-კერვის სწავლებით არ დასრულდეს საქმე. დამატებითი ტრენინგის კომპონენტიც იმიტომ ჩავდეთ პროექტში, რომ შემდეგ გოგოებს დამოუკიდებლად შეეძლოთ საქმიანობის გაგრძელება, იქნება ეს საგრანტო წინადადების შევსება, პროდუქციის გასაღება, თუ მარკეტინგი“.
მაკო და მალო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და მომავალს იმედით უყურებენ. მათი პროექტის ორი მონაწილე უკვე დასაქმდა სასწავლო კურსის ტრენერების საწარმოებში, ხოლო ჭრა-კერვის მოსწავლე ქალებმა ზუგდიდის ერთ-ერთი ბაღისგან საახალწლო ზეიმისთვის 25 კაბაზე მიიღეს შეკვეთა.
მაკოს თქმით, „იმდენად გაიზარდნენ ეს გოგოები, რომ ახლა უკვე თავად ეძებენ დაფინანსებას. ჩვენს თვალწინ გაიზარდნენ და ეს ძალიან მნიშნელოვანია“.
###
წინამდებარე ისტორია შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, პროექტის EU4Dialogue ფარგლებში. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არა ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.
"ხელები მშვიდობისთვის" სრულიად განსხვავებულ ქალებს ეხმარება - მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს, ქალებს, რომლებიც ადრე დაოჯახდნენ და განათლების გაგრძელების შესაძლებლობა არ ჰქონიათ, დევნილებსა და მათი მასპინძელი თემების წარმომადგენლებს.