ქალების ჯერია!

ქართველი მეღვინე ქალები სტერეოტიპებს ამსხვრევენ და წარმატებას აღწევენ

16 June 2023
Baia and Gvantsa Abuladze at their vineyard

ბაია და გვანცა აბულაძეები

ფოტოს წყარო: ბაია აბულაძის პირადი არქივი
გამორჩეული მეღვინე ქალები, ბაია და გვანცა აბულაძეები, თამამ განაცხადს აკეთებენ ქართულ და ევროპულ ბაზრებზე.
მეღვინეთა ახალი თაობა

ბაია აბულაძე ახალგაზრდა და ნოვატორულ მეღვინეთა კოჰორტას მიეკუთვნება, რომელთა გამოჩენა მეღვინეობის განვითარების ახალ ერას, ევროპულ ბაზრებზე ქართული ღვინის დამკვიდრებასა და ექსპერიმენტული ხედვების დანერგვას უკავშირდება.

2015 წელს, მან სოფელ ობჩაში საგვარეულო ვენახის საფუძველზე, საკუთარი მეღვინეობა დააფუძნა და ღვინის ახალი სახეობების შესაქმნელად ბიოტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო. მისი ოცნება იყო დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ვაზის ჯიშების გაშენება და უნიკალური დასავლური ღვინის ხელახალი აღმოჩენა.

„თითოეული ღვინის ბოთლი, რომელიც ჩვენს მეღვინეობაში ისხმება, ხელით დაკრეფილი ყურძნისგან დამზადებული ღვინის ხარისხს წარმოაჩენს“, - ამბობს ბაია.

Gvantsa Abuladze

გვანცა აბულაძე

ფოტოს ავტორი: UNDP/თორნიკე ტურაბელიძე
აღმოჩენების დრო

შემართებამ და ნოვატორულმა იდეებმა სასურველი შედეგი გამოიღო. რამდენიმე წლის მანძილზე, ბაიას მსუბუქმა, იმერეთის მზითა და ხილის სურნელით გაჯერებულმა ღვინომ საქართველოს ბაზარი დაიპყრო და ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. სულ მალე, ტრადიციული  ღვინოების ხაზს პეტნატების (Pet Nat), ანუ ბუნებრივად ცქრიალა ღვინის ხაზიც დაემატა, რომელსაც ბაიას უმცროსი და, გვანცა, ჩაუდგა სათავეში.

„ჩვენი ღვინო პატივს მიაგებს ქართული მეღვინეობის ტრადიციებს, თუმცა ამავდროულად, ინოვაციის უსაზღვრო შესაძლებლობებსაც იყენებს“, - ამბობს გვანცა. 

დღეს, აბულაძეების ღვინო თხუთმეტი ქვეყნის ბაზარზე იყიდება და ღირსეულად წარმოაჩენს ქართული ღვინის მართლაც უსაზღვრო პოტენციალს.   

Labeling device

ეტიკეტირების ხელსაწყო

ფოტოს ავტორი: UNDP/თორნიკე ტურაბელიძე
თანამშრომლობის ძალა

აბულაძეების სამეწარმეო სულისკვეთებამ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ყურადღება ჯერ კიდევ 2017 წელს მიიპყრო. UNDP-ის ხელშეწყობით, ბაია აბულაძე ბიზნეს ტრენინგში ჩაერთო, სადაც მეწარმეობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინა.

2022 წელს, „ბაიას ღვინომ“ და „გვანცას ღვინომ“ მიიღო ევროკავშირისა და UNDP-ის ერთობლივი დახმარება თანამედროვე აღჭურვილობის შესაძენად. ამის შედეგად, ახალგაზრდა მეღვინეებმა შეძლეს წარმოების ხაზის გამართვა და ავტომატიზირება და პროდუქციის შეფუთვა და ეტიკეტირება ევროკავშირის ბაზარზე არსებული მკაცრი სტანდარტების შესაბამისად. მეღვინეობის წარმადობა რამდენჯერმე გაიზარდა, რაც დადებითად აისახა ღვინის ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე.

ორივე ბრენდი ასევე შეუერთდა საქართველოს შემფუთველთა კლასტერს (PMAG), რომელიც ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, ტექნიკურ, ინსტიტუციურ და საკონსულტაციო მხარდაჭერას სთავაზობს მასში  გაერთიანებულ კომპანიებს, განსაკუთრებით ინოვაციური მიდგომების დანერგვის, მწვანე ტექნოლოგიების განვითარებისა და ევროკავშირის ბაზრებზე დამკვიდრების მიმართულებით.     

„ბაია და გვანცა აბულაძეები ქართველი მეწარმეების მედეგობასა და შესაძლებლობებს განასახიერებენ. ევროკავშირისთვის, მათი ხელშეწყობა ქართული მეღვინეობის წარმატებული მომავლის მხარდაჭერას ნიშნავს", - ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, აღნიშნავს, რომ მეწარმე ქალთა უზარმაზარი პოტენციალი დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი იყო. „ბაიას, გვანცას და სხვა მეწარმე ქალთა მხარდაჭერის შედეგად, ჩვენ ხელის ვუწყობთ ინოვაციების დანერგვას, სამუშაო ადგილების შექმნას და ყველასთვის თანასწორი და ინკლუზიური მომავლის მშენებლობას."

ბაია და გვანცა აბულაძეების მეღვინეობა წარმატებით ვითარდება, რაც შთაგონების წყაროა ახალი თაობის მეღვინე ქალებისთვის. თითოეული ბოთლი, რომელსაც ამ ორი გამორჩეული მეღვინე ქალი სახელი აწერია, პატივს მიაგებს ქართული მეღვინეობის უმდიდრეს ტრადიციებს, ამსხვრევს სტერეოტიპებს და გზას უნათებს თანასწორ მომავალს, სადაც ქალის ნიჭი და წარმატება სათანადოდ იქნება დაფასებული. 

###

სტატია შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და UNDP-ის თვალსაზრისს.

„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში ჩართულები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). 5.7 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ხორციელდება საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მისი მიზანია ქართული მეწარმეობის ხელშეწყობა, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება.