ჟურნალ “ინდიგოს” დოკუმენტური ისტორიები გაეროს განვითარების პროგრამასა და ნორვეგიასთან თანამშრომლობით
ყველაზე რთული ნაბიჯი თანასწორობისკენ
18 თებერვალი 2025

მარტომ, იყო საკმაოდ საშიში. მერე ამ შიშთან ერთად რომ დავიწყე გადაადგილება და დამოუკიდებლად სიარული, ეს შიში გაქრა.“
ლიოვა ლუჟანსკის ღიმილი მთელს ოთახს ანათებს. მისი პოზიტიური ენერგია გადამდებია. მძიმე გამოცდილებასა და უამრავ გამოწვევაზე ისე უშუალოდ და კეთილგანწყობილად გვიყვება, რომ უნებურად მისი ოპტიმიზმით იმსჭვალები.
ლიოვა მხედველობის შეზღუდვით დაიბადა, რამაც მის ბავშვობას განსხვავებულობის დაღი დაასვა. მოზარდობამ ახალი გამოწვევები მოიტანა, საკუთარი თავის ძიება და ქვიარ იდენტობის ჯერ აღმოჩენა, შემდეგ მიღება.
ბათუმური ბავშვობა, თბილისის უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლაში გატარებული წლები, მუსიკა და მხატვრობა, „ქამინგ აუთი“, მტკივნეული განხეთქილება მშობლებთან და დამოუკიდებელი ცხოვრების სწავლა - ლიოვასთვის ეს საკუთარი მეობისკენ მიმავალი გზაა, შემართებისა და გაუტეხლობის სკოლა.
„ის ჩემი მეგობარია. ჩემი მეგობარი ლიოვა“, - ამბობს შორენა შავლაყაძე.
შორენამ და ლიოვამ ერთმანეთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გამართულ ტრენინგზე გაიცნეს. შორენამ, რომლის ვაჟი შეზღუდული შესაძლებლობის პირია, კარგად დაინახა და გაითავისა ლიოვას შინაგანი ძიება, იგრძნო მისი მარტოობა და სათანადოდ დააფასა მისი კაშკაშა პიროვნება და ნიჭიერება.
ასე დაიწყო მეგობრობა, რომელიც ორივესთვის სიმშვიდისა და ძლიერების წყარო აღმოჩნდა.
„მგონია, რომ ერთმანეთს ვცვლით ადამიანები. მივხვდი, რომ არასწორად გვეშინია, არასწორად გავურბივართ. მინდა, მეტად ვუსმინოთ ჩვენს შვილებს, მეტად ვუსმინოთ ერთმანეთს", - ამბობს შორენა.
ლიოვას პასუხი მის აზრს აგრძელებს:
„მინდა, რომ განსხვავებულობა იყოს საზოგადოებაში ძალიან ჩვეულებრივი ამბავი.“
ნაპოვნი მრავალფეროვნება
ლიოვას და შორენას ისტორია მოთხრობილია ჟურნალ ინდიგოს დოკუმენტურ პროექტში „ნაპოვნი მრავალფეროვნება“, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის ხელშეწყობით განხორციელდა.
„ინდიგო“-ს მიერ თავმოყრილი დოკუმენტური ისტორიები გვიყვება სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების, იდენტობისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე, რომლებიც ხელს უწვდიან ერთმანეთს ამ განსხვავებების მიუხედავად.
ბებია მაგული და მისი შვილიშვილი ნათია მაღალმთიანი აჭარიდან, იაშა და ზურა ჯავახეთიდან და, რა თქმა უნდა, შორენა და ლიოვა - ყველა ამბავი გაჟღენთილია ადამიანური სითბოთი, როგორც თანაგრძნობის, პატივისცემისა და მეგობრობის ფარდაგში ჩაქსოვილი ნართი.
დამატებითი ინფორმაცია:
მედია პროექტი „ნაპოვნი მრავალფეროვნება“ განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობის, UNDP-ის კრიზისების ბიუროსა და ნორვეგიის მხარდაჭერით, 6.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების LEAD პროექტის ფარგლებში, რომელიც თანასწორობის დაცვას, მრავალფეროვნების პატივისცემასა და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობას ემსახურება.
დისქლეიმერი:
წინამდებარე ისტორია შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით ჟურნალ „ინდიგო“-სთან თანამშრომლობით. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს UNDP-სა და ნორვეგიის თვალსაზრისს.
„ყველა ადამიანის მიღმა მისი მრავალფეროვნებაა."შორენა შავლაყაძე