6000-ზე მეტი კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებს
ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ მეჯვრისხევში განახლებული ამბულატორია გახსნეს
21 June 2023
ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) შიდა ქართლის რეგიონის სოფელ მეჯვრისხევში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განახლებული ამბულატორია გახსნეს. ამბულატორია პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას გაუწევს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 6000-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის, 1000-ზე მეტ ბავშვს.
ამბულატორიის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, განახლდა სანტექნიკა, ელექტრო და გათბობის სისტემები, განახლდა შიდა ინტერიერი, მოეწყო პანდუსი და ხელმისაწვდომი სივრცე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, ამბულატორია აღიჭურვა ახალი ავეჯითა და პირველადი სამედიცინო ინვენტარით.
21 ივნისს, მეჯვრისხევს ესტუმრნენ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად განიხილეს ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული ინიციატივები და სამომავლო გეგმები.
სტუმართა შორის იყვნენ რადიცა ნუსდორფერი და კრისტი რაიდმა, ევროპული კომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები, და ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში. მათთან ერთად, მეჯვრისხევს ეწვივნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
„საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირი მუშაობს საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისების გასაუმჯობესებლად. ჩვენი მხარდაჭერით მიზნად ვისახავთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ხელშეწყობას.“რადიცა ნუსდორფერი, სექტორის ხელმძღვანელი ევროპული კომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატიდან
„UNDP-ის მტკიცედ სჯერა, რომ „არავინ უნდა დარჩეს განვითარების მიღმა“, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისს, როგორიცაა ჯანდაცვა. სოფელ მეჯვრისხევში ამბულატორიის მოწესრიგება უზრუნველყოფს სოფლად მცხოვრები მოწყვლადი მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების თანაბარ, ინკლუზიურ ხელმისაწვდომობას, მათ შორის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის. UNDP პატივი აქვს, იმუშაოს ევროკავშირთან და ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით."ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში
სოფელ მეჯვრისხევის ამბულატორია განახლდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Dialogue პროექტის ფარგლებში, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის სოციო-ეკონომიკური პირობებისა გაუმჯობესებას ემსახურება. მსგავსი ადგილობრივი პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხორციელდება.
დამატებითი ინფორმაცია:
„EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება და ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაზრდას, საარსებო წყაროს შექმნას, გენდერული თანასწორობის მიღწევას, ახალგაზრდების ჩართულობასა და კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნას.
საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ოთარ კობახიძე, UNDP, +995 599 775879, otar.kobakhidze@undp.org
- თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2364364, tamriko.mikadze@eeas.europa.eu