ადგილობრივი განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა

დანიის ელჩი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი მცხეთასა და დუშეთს ეწვივნენ

17 July 2023
H.E. Anne Toft Sørensen, Ambassador of Denmark to Georgia and Armenia, and Nick Beresford, UNDP Resident Representative in Georgia visiting Dusheti Municipality.
ფოტოს ავტორი: UNDP/ნინო ზედგინიძე

დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ნიკ ბერესფორდი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს ეწვივნენ და დანიის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტების შედეგებს გაეცნენ. ვიზიტის მიზანი იყო ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.     

მცხეთაში ყოფნისას, სტუმრებმა სვეტიცხოვლის ტაძარი მოინახულეს და ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის ისტორიას გაეცნენ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, დიმიტრი ზურაბიშვილთან ერთად დელეგაცია ტურისტულ საინფორმაციო ცენტრსაც ეწვია, სადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის ტურისტული შესაძლებლობების განვითარებასა და გამოყენებაზე ისაუბრა. სტუმრებმა განიხილეს, თუ როგორ აისახება ადგილობრივი და საერთაშორისო ტურიზმი როგორც მთლიანად მუნიციპალიტეტის, ისე სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მათ ასევე გამოსცადეს დანიისა და UNDP-ის ხელშეწყობით შექმნილი აუდიო გიდი, რომლის მეშვეობითაც ტურისტები ეცნობიან საინტერესო ინფორმაციას  მცხეთის ათასწლოვანი ისტორიისა და კულტურული ღირშესანიშნაობების შესახებ.

ვიზიტი გაგრძელდა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სადაც დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით გამართულ მოსახლეობის ფორუმში. ღონისძიების მიზანი იყო მუნიციპალიტეტსა და მოსახლეობას შორის კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმის შექმნა, სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული საკითხების განხილვა, და მათი გადაწყვეტისთვის საჭირო ნაბიჯებზე შეთანხმება. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა ნარიმანიძე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები.

„დანია მოხარულია, ხელი შეუწყოს საქართველოს მდგრად განვითარებას. გაეროს განვითარების პროგრამასთან პარტნიორობა შესაძლებლობას გვაძლევს, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას და გავაძლიეროთ სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში შთამბეჭდავ შედეგებს მივაღწიეთ, რაც ჩვენი საერთო წარმატების მანიშნებელია“
დანიის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ანე ტოფტ სორენსენი
„მოქალაქეთა გაძლიერება და მათი ჩართულობის, თანასწორობისა და თანამონაწილეობის გაზრდა წარმატებული ადგილობრივი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. მხოლოდ ამ გზით უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული პროგრამები ადამიანების რეალურ საჭიროებებსა და მისწრაფებებს ემსახურება“
ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივმი წარმომადგენელი საქართველოში.

მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელებულმა ვიზიტმა ხაზი გაუსვა დანიის, UNDP-სა და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც ადგილობრივი განვითარების, მოქალაქეთა ჩართულობის, მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და თანასწორი საზოგადოების მშენებლობის მიზნებს ემსახურება. დანიისა და UNDP-ის დახმარება ხორციელდება საქართველოს 23 მუნიციპალიტეტში 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის პროექტის ფარგლებში.

###

საკონტაქტო ინფორმაცია: