გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთისა და შვეიცარიის ხელშეწყობით, 21 საგანმანათლებლო დაწესებულების 64 სტუდენტმა მიიღო სტიპენდიები აგრარულ და გარემოსდაცვით დარგებში
მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამა ხელს უწყობს საქართველოსთვის პრიორიტეტული პროფესიების განვითარებას
21 December 2023
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, შვედეთისა და შვეიცარიის მხარდაჭერით, ახორციელებენ მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და პროფესიულ სასწავლებელში. სტიპენდიების პროგრამის მიზანია აგრარული და გარემოსდაცვითი დარგების განვითარება და სტუდენტების დაინტერესება საქართველოსთვის პრიორიტეტული პროფესიებით.
2023-2024 აკადემიური წლის სტიპენდიანტების გამოცხადება 19 დეკემბერს გაიმართა. 64-მა გამარჯვებულმა მიიღო სტიპენდიების დამადასტურებელი სერტიფიკატები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთის საელჩოსა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებისგან.
სტიპენდიების პროგრამა 21 საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, მათ შორის უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯზე გავრცელდა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ გარემოსდაცვითი და აგრარული პროფესიების პოპულარიზაციას. აღნიშნულ საკითხებზე აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს განათლების სამინისტროსთან. დღეს სხვადასხვა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის 64 სტუდენტი მწვანე და აგრო სტიპენდიებით დავაჯილდოვეთ, რაც მათთვის სტიმულია, რომ მომავალშიც აღნიშნული პროფესიებით დაინტერესდნენ. ამავდროულად, სტუდენტებს ვთავაზობთ სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შევავსოთ დეფიციტი, რომელიც ორივე მიმართულების სხვადასხვა სპეციალობაში არსებობს.“ოთარ შამუგია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
„შვედეთი მხარს უჭერს გარემოსდაცვით განათლებას საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს წარმატებული, კონკურენტუნარიანი და კლიმატგონივრული ეკონომიკის მშენებლობას.”ერიკ ილესი, შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი/ელჩის მოადგილე
„დღევანდელი სტუდენტები საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და მდგრად განვითარებას გაუძღვებიან. მათ განათლებაში გაკეთებული ინვესტიცია საქართველოს მომავალში შეტანილი წვლილია.“ანნა ჩერნიშოვა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში
„სოფლის მეურნეობა ეკონომიკის საკვანძო სფეროა, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკურ მდგრადობასა და კონკურენტუნარიანობას. შვეიცარია მოხარულია მხარი დაუჭიროს აგრარული პროფესიების სტუდენტებს, განსაკუთრებით პროფესიულ სასწავლებლებში, რათა მათ ცოდნის გაღრმავება შეძლონ და ღირსეული წვლილი შეიტანონ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის წარმატებაში.“ლელა მამრიკაშვილი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროგრამის ოფიცერი
სტიპენდიების პროგრამა 2022-2023 აკადემიური წლიდან მოქმედებს. სტიპენდიების პირველი ნაკადი საქართველოს რვა უნივერსიტეტს მოიცავდა და მხოლოდ გარემოსდაცვით სასწავლო დარგებში გაიცემოდა, მათ შორის ეკოლოგიის, ჰიდროლოგიის, გეოლოგიის, ენერგეტიკის, მინერალური რესურსების მართვის, მდგრადი განვითარებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართულებით.
2023-2024 აკადემიური წლიდან, მწვანე სტიპენდიებს აგრო-სტიპენდიებიც დაემატა, ხოლო სასწავლო დაწესებულებების რიცხვი 21-მდე გაიზარდა:
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ახალქალაქი)
- შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბათუმი)
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (თბილისი)
- ილიას სახელობის უნივერსიტეტი (თბილისი)
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისი)
- სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი (თბილისი)
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისი)
- იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თელავი)
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი)
- კოლეჯი ,,ოპიზარი" (ახალციხე)
- კოლეჯი განთიადი (გორი)
- კოლეჯი "აისი" (გურჯაანი)
- კოლეჯი "პრესტიჟი" (თელავი)
- კასპის კოლეჯი (კასპი)
- კოლეჯი „მოდუსი“ (მარნეული)
- კოლეჯი „თეთნულდი“ (მესტია)
- ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი (მცხეთა)
- კოლეჯი „ფაზისი“ (ფოთი)
- კოლეჯი "იბერია" (ქუთაისი)
- კოლეჯი "ჰორიზონტი" (ჩოხატაური)
- კოლეჯი ,,ლაკადა“ (წალენჯიხა)
მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამა UNDP-ის ორი მიმდინარე პროექტის ფარგლებში ხორციელდება: შვეიცარიის მიერ დაფინანსებული პროფესიული განათლების მხარდაჭერა და ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამა, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდისა და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით მიმდინარეობს.
საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org
- მარიამ ბიძინაშვილი, UNDP, +995 511 169397, mariam.bidzinashvili@undp.org
ნანა ჩინჩილაკაშვილი, MEPA, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge