ვირტუალური თამაში რეალურ გამოწვევებზე
სურამულა: როგორ გადავურჩეთ წყალდიდობას
29 January 2024
რეალობაზე დაფუძნებული თამაში
ადიდებული წყალი ქალაქის ქუჩებს ტბორავს. ადამიანები თავს უსაფრთხო ალაგს აფარებენ. სახიფათო ქვესტი იწყება!
ეს რეალობაა თუ თამაში? ეს ორივეა - ამბობს 15 წლის სალომე ნონიაშვილი, ონლაინ თამაშის, „სურამულას“ ერთ-ერთი ავტორი. ამ თამაშის გამოყენებით, სალომე და მისი მეგობრები გვიყვებიან, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ წყალდიდობის დროს.
მდინარე სურამულა, რომელიც საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონში, ხაშურისა და სურამის მუნიციპალიტეტებში მიედინება, საკმაოდ ხშირი წყალდიდობების მიზეზია. წელიწადში რამდენჯერმე, ეს ერთი შეხედვით მწირი და უსაფრთხო ნაკადი ნაპირებიდან გადმოდის და დამანგრეველ ძალად გარდაიქმნება.
სალომესა და მისი მეგობრების მიერ მოფიქრებული ვირტუალური თამაში, სწორედ სურამულას წყალდიდობის გამოცდილებას ეფუძნება.
თამაშის მონაწილეებმა თავი ვირტუალურ წყალდიდობას უნდა დააღწიონ, რისთვისაც მათ სრულიად რეალურ გამოწვევებთან უწევთ გამკლავება.
"თავშესაფარი მაღალ შენობებში უნდა ეძებო. ასვლისას სხვადასხვა საფრთხეებს აწყდები, რაც თამაშს კიდევ უფრო აზარტულს და საინტერესოს ხდის."სალომე ნონიაშვილი, კლიმატის ელჩი და ონლაინ თამაშის "სურამულა"-ს ერთ-ერთი ავტორი
„სურამულა“ უკვე ხელმისაწვდომია სათამაშო პორტალ Roblox-ზე, თუმცა მისი გავლენა ვირტუალური სამყაროს საზღვრებს სცილდება. რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულმა თამაშმა ახალგაზრდისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო კამპანიას მისცა ბიძგი.
2023 წლის შემოდგომაზე, სალომესა და მისი მეგობრების ინიციატივით, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრები და სემინარები ჩატარდა. კამპანიის მიზანი იყო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, კლიმატის ცვლილების მიმართ საზოგადოებრივი მედეგობის გაზრდა და მწვანე მეწარმეობის პოპულარიზაცია.
შეხვედრებში 50-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო. ბევრმა ახალგაზრდამ აქტიურად დაიწყო ფიქრი კლიმატგონივრულ მომავალზე და მწვანე გადაწყვეტების მოძიებაზე.
განათლებიდან ქმედებამდე: ახალგაზრდა კლიმატის ელჩები
„სურამულას“ შექმნის იდეა 2023 წლის ზაფხულში, ახალგაზრდულ საგანმანათლებლო ბანაკში დაიბადა. სალომესთან ერთად, ონლაინ თამაშის შექმნაზე ახალგაზრდების ჯგუფი მუშაობდა. მათ შორის, ლუკა ლომიძე ბოლნისიდან, რომელმაც თამაში Roblox-ის პლატფორმაზე ააწყო.
2023 წლის მწვანე ბანაკის მუშაობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილე ჩაერთო. ბანაკში შექმნილი მეგობრული და შემოქმედებითი გარემო საუკეთესო სივრცე აღმოჩნდა ამ მოტივირებული და აქტიური ახალგაზრდებისთვის, რათა არა მხოლოდ ახალი ინფორმაცია შეეძინათ, არამედ საინტერესო კავშირები დაემყარებინათ და ლიდერობისა და მეწარმეობის უნარები დაეხვეწათ.
ბანაკიდან დაბრუნებული ახალგაზრდა კლიმატის ელჩები, მათ შორის სალომე ნონიაშვილი და ლუკა ლომიძე, აქტიურად ჩაერთნენ გარემოსდაცვით აქტივიზმში და ბევრი საინტერესო პროექტი წამოიწყეს.
„მწვანე ბანაკი ჩემი ფასეულობების, გამოცდილებისა და ცოდნის რეალიზებაა, რომელსაც მონდომებით ვეძებდი.“სალომე ნონიაშვილი, კლიმატის ელჩი და ონლაინ თამაშის "სურამულა"-ს ერთ-ერთი ავტორი
კლიმატგონივრული თაობა, რომელიც შეცვლის სამყაროს
მწვანე ბანაკის ინიციატორები გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არიან.
2022 და 2023 წლებში, მწვანე ბანაკმა 110 მონაწილეს უმასპინძლა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ახალგაზრდა თაობის განათლებაში კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ.
ახალგაზრდა კლიმატის ელჩების მიერ წამოწყებული ადგილობრივი პროექტები და საინფორმაციო კამპანიები ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლის საქართველოს საზოგადოებას და საფუძველს უყრის კლიმატგონივრული მომავლის მშენებლობას.
ეს საგანმანათლებლო საქმიანობა UNDP-ის ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდისა და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.