წრფივი აწმყოდან წრიული მომავლისკენ

რატომ არის ცირკულარული ეკონომიკა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის

11 September 2024
Zero Waste Day 2024
ფოტოს ავტორი: UNDP/გელა ბედიანაშვილი

ქართველ ახალგაზრდებთან საუბრისას ნათლად ხედავ მათ მზაობას ცვლილებებისთვის. იმასაც აცნობიერებ, რომ ეს აქტიური და პრაგმატული თაობა მზადაა სათანადო პასუხისმგებლობა აიღოს ამ რთულ პროცესზე. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ჩამოყალიბებულ ადამიანებზე უდიდესი გავლენა მოახდინა როგორც მეტი პიროვნული თავისუფლების არსებობამ, ისე გლობალური გაურკვევლობის ეპოქამ, რაც ყველაზე მწვავედ კლიმატის ცვლილების ყოვლისმომცველობაში აისახა. თანამედროვე ახალგაზრდები თავის გენერაციულ მისიას ახალ პრინციპებზე დაფუძნებული სამყაროს მშენებლობაში ხედავენ. 

როგორც ახალგაზრდა კლიმატის ელჩი, სალომე ნონიაშვილი ამბობს: “სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ჩვენი პასუხისმგებლობაა ვიზრუნოთ ბუნებაზე და მოვაგვაროთ გარემოსდაცვითი საკითხები ჩვენს თემებში.”

ამ ზაფხულს, ასობით ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩაერთო საზაფხულო ეკო-სკოლებსა და მწვანე ბანაკებში, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა. მონაწილეთა შორის იყვნენ ახალგაზრდები კლიმატის ცვლილებით დაზარალებული რეგიონებიდან, რომელთაც  წყალდიდობისა თუ მეწყრის დამანგრეველი შედეგები საკუთარ თავზე გამოცადეს. სხვა მონაწილეთა პირადი გამოცდილება კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოების გამოწვევებს უკავშირდებოდა. ყველა ამ ახალგაზრდას მომავლის საერთო ხედვა აერთიანებს - მათ სურთ იცხოვრონ მწვანე და სუფთა პლანეტაზე და მზად არიან გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან ამ მიზნის მისაღწევად.

"ჩვენ გვინდა მწვანე, სუფთა და ჯანსაღი პლანეტა!" - გვითხრეს ეკო-ბანაკის მონაწილეებმა ანასტასია კვარაცხელიამ და ზურა ჯოჯიაშვილმა.

ეს მისწრაფება საქართველოს ახალგაზრდა თაობის სოციალური დაკვეთაა, რომელიც სათანადო ყურადღებასა და პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას მოითხოვს.

"ჩვენ გვინდა მწვანე, სუფთა და ჯანსაღი პლანეტა!" - ამბობენ ეკო-ბანაკის მონაწილეები.
რატომ ცირკულარული ეკონომიკა? 

ცირკულარული ეკონომიკა გვთავაზობს ისეთი მწვავე გამოწვევების გადაწყვეტას, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება, ჰიპერმოხმარება და ამოწურვადი რესურსები. კვლევა აჩვენებს, რომ ეკონომიკის ცირკულარულ მოდელი უზრუნველყოფს ადამიანის არსებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მასალების მხოლოდ 70 პროცენტის გამოყენებით, რომელსაც ჩვენ ამჟამად მოვიხმართ. ეს კი ნიშნავს, რომ გლობალური მოთხოვნა რესურსებზე პოტენციურად მესამედით შემცირდება. ცირკულარ ეკონომიკაზე გადასვლით ადამიანი შეძლებს გადახედოს რესურსების გამოყენების გზებს, წონასწორობაში მოიყვანოს გარემოს დაცვა და რესურსების მოხმარება და შესაბამისად, სიკეთე მოუტანოს როგორც კაცობრიობას, ისე პლანეტას. [წყარო: UNDP Climate Promise: What is circular economy and why does it matter?]

ამ დამაიმედებელი პერსპექტივის მიუხედავად, თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკის მხოლოდ 7.2 პროცენტი მუშაობს ცირკულარობის პრინციპით, ხოლო ძირითადი ეკონომიკური მოდელი კვლავ წრფივია, “მოიხმარე-შექმენი-ნარჩენი”, რაც საფრთხეს უქმნის დედამიწის ეკოლოგიურ ჯანმრთელობას.

ვითარება ნამდვილად საგანგაშოა: 2023 წელს, მსოფლიოში 2 მილიარდი ტონა მყარი მუნიციპალური ნარჩენი შეიქმნა, ხოლო 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 3.4 მილიარდ ტონამდე გაიზრდება. ამ ნარჩენების უდიდესი წილი არამდგრადად იმართება. [წყარო: World Bank]

ცირკულარი ეკონომიკა ნელა ვითარდება იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ამ ეკონომიკურ მოდელზე გადასვლის პოტენციალი განსაკუთრებით მაღალია. ნაწილობრივ ეს არასაკმარის ინვესტიციებს უკავშირდება, ნაწილობრივ კი იმას, რომ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა საკმაოდ დიდ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალისხმევას მოითხოვს.

ამ გამოწვევების ფონზე, UNDP-ის შორსმჭვრეტელმა გრძელვადიანმა მიდგომებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, რათა მათ თამამი, ტრანსფორმაციული გადაწყვეტილებები მიიღონ და მდგრადი მომავლის მშენებლობას გზა გაუხსნან.

UNDP-ის შეუძლია მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, რათა მათ თამამი, ტრანსფორმაციული გადაწყვეტილებები მიიღონ და მდგრადი მომავლის მშენებლობას გზა გაუხსნან.
Plastic Pollution in Georgia
ფოტოს ავტორი: UNDP/გიორგი შენგელია
საქართველოს ცირკულარული ეკონომიკის გამოწვევა

საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის მაჩვენებელი 1.3 პროცენტს არ აღემატება, რაც საგრძნობლად ნაკლებია ისედაც დაბალ გლობალურ მაჩვენებელზე (7.2 პროცენტი). ცირკულარობის მოკრძალებული წილი მიანიშნებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ახალ რესურსებს ეყრდნობა, ხოლო მასალის გადამუშავებასა და  ხელახლა გამოყენებას ნაკლებად მიმართავს. [წყარო: Circularity Gap Report 2023]

გასული ათწლეულების მანძილზე, პლასტმასის წარმოება და იმპორტი 71 პროცენტით გაიზარდა, რამაც უკანონო ნაგავსაყრელთა რიცხვის ზრდა გამოიწვია, განსაკუთრებით სოფლად [წყარო: World Bank. 2021]. 

შავი ზღვის სანაპიროზე დაგროვებული ნარჩენების 95 პროცენტს სწორედ პლასტმასა შეადგენს. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული პლასტმასის 93 პროცენტმა თავისი სასიცოცხლო ციკლი ნარჩენის სახით დაასრულა, რამაც გარემოს დაბინძურებაში სავალალო წვლილი შეიტანა [წყარო: EU/UNDP EU4EMBLAS project].

საქართველოს გადასვლას ცირკულარულ ეკონომიკაზე რამდენიმე გამოწვევა ახლავს, რომელთა შორისაა ნარჩენების მდგრადი მართვის ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, შესაბამისი ინვესტიციებისა და სტარტაპ ინიციატივების მაღალი ღირებულება და არასაკმარისი ცნობიერება კერძო კომპანიებს შორის.

ამავდროულად, ქვეყანას ოპტიმიზმის საფუძველიც აქვს. 

საქართველოს კერძო სექტორი ევროპული ბაზრების ათვისებას ესწრაფვის, რაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ეფუძნება. ამ მნიშვნელოვანი პერსპექტივების გამოყენება შესაძლებელია ხარისხის ამაღლების გზით, რაც წარმოებისა და შეფუთვის ევროპული სტანდარტების დაცვას, ეკოლოგიურად სუფთა წარმოების განვითარებასა და ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკის დანერგვას უკავშირდება.

საქართველოს დინამიური სამოქალაქო საზოგადოება კიდევ ერთი უპირატესობა და იმედია ცირკულარული ეკონომიკის მშენებლობის გზაზე. გარემოსდაცვითი მდგრადობა და უფლებები არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტებისა და მედიის ყურადღების ცენტრშია, განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე [წყარო: UNDP: გარემოსდაცვითი მართლმსაჯულება ყველასთვის].

საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი, განსაკუთრებით კი ქვეყნის ახალგაზრდობა, საკმაოდ კარგადაა ინფორმირებული კლიმატის ცვლილების შესახებ, თუმცა ეს ყოველთვის ქმედებაში არ აისახება [წყარო: UNDP: რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა კლიმატის ცვლილებაზე. 2021]

ამასთან ერთად, საქართველოს შედარებით მცირე ზომის ეკონომიკა და სწრაფი და ეფექტიანი რეფორმების შთამბეჭდავი გამოცდილება ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლისთვის აუცილებელი სისტემური გარდაქმნების განხორციელებისთვის.

Young Climate Activists
ფოტოს ავტორი: UNDP/გიორგი შენგელია
რას აკეთებს UNDP ცვლილებების ხელშეწყობისთვის

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა კომპლექსური პროცესია, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებასა და წარმოებისა და მოხმარების მოდელების ძირეულ გადახედვას მოიაზრებს. ამის გათვალისწინებით, UNDP აქტიურად ეხმარება საქართველოს ამ რთული გზის გასავლელად. ჩვენი ხელშეწყობა ეყრდნობა საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებთან თანამშრომლობას და წამყვანი საერთაშორისო ექსპერტიზისა და პრაქტიკის, მათ შორის ევროკავშირის, ნორვეგიისა და შვედეთის გამოცდილების გაზიარებას.

  • შვედეთთან თანამშრომლობით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული საგზაო რუკის შემუშავებას, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2024 წელს უნდა მიიღოს. ამ დოკუმენტში ასახული იქნება მკაფიო სამოქმედო ჩარჩო და სტრატეგია ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული მოდელის შესაქმნელად. [მმართველობის რეფორმის ფონდი]
  • ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, მათ შორის ცირკულარული ეკონომიკის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რათა გავზარდოთ მათი შესაძლებლობები ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა მწვანე შესყიდვების პოლიტიკა.
  • ნორვეგიასთან თანამშრომლობით, ხელს ვუწყობთ საპილოტე ინიციატივებსა და საინფორმაციო კამპანიებს პლასტმასით დაბინძურების შემცირებისა და მდგრადი მეწარმეობის განვითარების მიზნით. ამ საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართული სამოქალაქო საზოგადოების წამყვანი ორგანიზაციები, მათ შორის კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) [UNDP: შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება საქართველოში!
  • ევროკავშირთან პარტნიორობით, ხელს ვუწყობთ საქართველოს მეწარმეებს წარმოების მდგრადი და გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკის დანერგვაში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად [UNDP: ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში]. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, შეიქმნა საქართველოს შემფუთველთა კლასტერი, რომლის საქმიანობა უამრავ წარმატების ისტორიას უკავშირდება. ჩვენი ხელშეწყობით, ბევრმა მცირე და საშუალო ბიზნესმა განაახლა ან სრულად შეცვალა წარმოების მოდელი, რათა მდგრადი პრაქტიკა დაენერგა, მათ შორის მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის წარმოება ან პლასტმასის ნარჩენების გადამუშავება.
მომავალი ცირკულარულია

ეს პირველი ნაბიჯებია, თუმცა საქართველოს გადასვლა წრფივი აწმყოდან წრიული მომავლისკენ უკვე დაწყებულია. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობამ - სტუდენტებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და სტარტაპ მეწარმეებმა წამყვანი როლი შეასრულონ ცნობიერების ამაღლებასა და ცირკულარული გადაწყვეტების ტესტირებაში. დღევანდელი ახალგაზრდები ხვალ გადაწყვეტილების მიმღებთა როლებს მოირგებენ. მათი მრავალმხრივი გამოცდილება საუკეთესო მომზადებაა სამომავლო პასუხისმგებლობისთვის ააშენონ უფრო მდგრადი და სტაბილური მომავალი ყველასთვის.