ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს პარლამენტი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას განაგრძობს
თემატური მომხსენებლის ინსტიტუტის გაძლიერებით, გაიზრდება საპარლამენტო კომიტეტებისა და პარლამენტის წევრების როლი საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობაში
1 July 2021
2018 წელს, საქართველო მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადავიდა, ხოლო საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი რეფორმების განხორციელება დაიწყო. პარლამენტის ახალმა რეგლამენტმა, რომელიც ამავე წელს იქნა მიღებული, შექმნა დამატებითი მექანიზმები საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების შესრულებისთვის. მათ შორის, ახალი რეგლამენტით, პარლამენტში გათვალისწინებულია თემატური მომხსენებლების პრაქტიკის დანერგვა.
თემატური მომხსენებლები კომიტეტების წევრი პარლამენტარების რიგებიდან შეირჩევიან. მათი ფუნქციაა სხვადასხვა პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხზე ინფორმაციის შესწავლა, მისი ანალიზი და პარლამენტის წინაშე საკანონმდებლო ინიციატივებითა თუ ანგარიშებით წარდგენა.
თემატური მომხსენებლების პრაქტიკის დანერგვის შედეგად, საკანონმდებლო პროცესი დაეყრდნობა სანდო და გადამოწმებულ მონაცემებს, ხოლო ახალი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა მოხდება სახელმწიფო უწყებებისგან, სამოქალაქო საზოგადოებისგან და უშუალოდ მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. გარდა ამისა, გაიზრდება კომიტეტებისა და პარლამენტის წევრების როლი როგორც კანონშემოქმედებაში, ისე მთავრობის საქმიანობის ზედამხედველობაში, ხოლო პარლამენტის წევრები აქტიურად ჩაერთვებიან და მეტად მოახდენენ გავლენას სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაზე.
ამ მნიშვნელოვანი საპარლამენტო მექანიზმის დანერგვისა და სრულფასოვნად ამოქმედების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მოიწვიეს საერთაშორისო ექსპერტი, კანადის პარლამენტის ყოფილი წევრი სარმიტ ბულტე, რომელმაც თემატური მომხსენებლების არსებული პრაქტიკა 16 ევროპული პარლამენტის მაგალითზე შეისწავლა. შედარებით კვლევაში, რომელიც ექსპერტმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა, შესულია ევროპის ქვეყნების ეროვნული პარლამენტების პრაქტიკა და ასევე ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გამოცდილება. კვლევაში მიმოხილულია სხვადასხვა მიდგომა საკომიტეტო მომხსენებლების საქმიანობისა და ფუნქციების მიმართ და წარმოდგენილია საქართველოს რეალობაზე მორგებული რეკომენდაციები.
კვლევის შედეგების განხილვა შედგა 1 ივლისს გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც პარლამენტის წევრებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული მექანიზმების სრულად და ეფექტიანად გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის გამართული მუშაობისთვის. თემატური მომხსენებლების პრაქტიკის დანერგვა გააძლიერებს როგორც საპარლამენტო კომიტეტებს, ისე პარლამენტის წევრებს, ხოლო საკანონმდებლო პროცესი მეტად ინფორმირებული და კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაზე ორიენტირებული გახდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.
„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიას. ჩვენ ხელს ვუწყობთ პარლამენტის როლის გაზრდას მმართველობის ყველა სფეროში და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებასა და მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - აღნიშნა ევია კოტანმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილემ.
„საპარლამენტო მმართველობის სისტემა მეტ ძალაუფლებას ანიჭებს საკანონმდებლო ორგანოს, მაგრამ ამავდროულად მეტ პასუხისმგებლობასაც აკისრებს. ჩვენი ხელშეწყობით, საპარლამენტო კომიტეტები და პარლამენტის წევრები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაში, რაც დადებითად აისახება საკანონმდებლო და საზედამხედველო პროცესებზე და ხელს შეუწყობს პარლამენტის წევრების ანგარიშვალდებულების გაზრდას ამომრჩევლის მიმართ“, - განაცხადა გიგი ბრეგაძემ, UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა.
საპარლამენტო რეფორმების ხელშეწყობა ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მასშტაბური ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებას ემსახურება. 1.8 მილიონი აშშ დოლარის (დაახლოებით 1.7 მილიონი ევროს) ღირებულების პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას, ღიაობისა და გამჭვირვალობის გაზრდას და მოქალაქეთა ჩართულობისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას.
საკონტაქტო ინფორმაცია
- მადონა ნოზაძე, საქართველოს პარლამენტი, +995 557 978, mnozadze@parliament.ge
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, tamriko.mikadze@eeas.europa.eu