საქართველოს პარლამენტი აქვეყნებს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი კანონმდებლობის მიმოხილვას
საქართველოს საკანონმდებლო გარემო უფრო მეტად შეესაბამება გენდერული თანასწორობის პრინციპებს, თუმცა გამოწვევები კვლავ აღინიშნება
21 March 2022
საქართველოს პარლამენტმა გამოაქვეყნა საკანონმდებლო გარემოს მიმოხილვა „გენდერული თანასწორობა - ბარიერები და რეკომენდაციები. 2021“.
დოკუმენტში მიმოხილულია 2017-2021 წლებში მიღებული კანონები და პოლიტიკის დოკუმენტები, რომელთა მიზანია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობის ხელშეწყობა, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოფხვრა და ქალთა უფლებების დაცვა როგორც შრომის ბაზარზე, ისე ჯანდაცვის, საჯარო რეგისტრაციისა და სხვა სფეროებში. ანგარიშის მიგნებები ხელს შეუწყობს გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის შემუშავებას და არსებული ხარვეზების გამოსწორებას.
ანგარიშის მომზადდა საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით. მათ შორისაა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში; ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI); დიდი ბრიტანეთის მთავრობა; და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.
„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით. თვალსაჩინო პროგრესს მივაღწიეთ ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის, ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის მხრივ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ძლიერი და ეფექტიანი საკანონმდებლო გარემო, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ გენდერული თანასწორობის მიღწევას ცხოვრების ყველა სფეროში, მონიტორინგი გავუწიოთ შესაბამისი კანონებისა და ნორმების აღსრულებას და აღმოფხვრათ ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა, რომელიც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელობს.
ანგარიში დადებითად აფასებს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც სექსუალური ნიშნით ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრას ემსახურება და მოძალადეებზე ელექტრონული დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა. ასევე დადებითადაა შეფასებული დედათა და ახალშობილთა ჯამრთელობის დაცვის მხრივ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, ისეთი მავნე სოციალური პრაქტიკის აღმოფხვრის მცდელობა, როგორიცაა ადრეული ქორწინება და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შეფასებისას, ანგარიში აღნიშნავს, რომ გენდერულმა კვოტირებამ, რომელიც გამოყენებული იყო 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი არჩვენების დროს, გარკვეულწილად გაზარდა ქალთა ჩართულობა პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ამავდროულად, ანგარიში ყურადღებას უთმობს რამდენიმე საკანონმდებლო სფეროს, რომელიც ჯერ კიდევ სრულად არ შეესაბამება გენდერული თანასწორობის პრინციპებს. ამ ჩამონათვალშია გამართული პოლიტიკის შემუშავება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში, საკანონმდებლო მექანიზმების გაძლიერება პოლიტიკურ პარტიებში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისთვის და ამ მხრივ, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების აღმოფხვრისთვის.
„კანონებისა და პოლიტიკის გენდერული თვალსაზრისით შეფასება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პარლამენტის მხრიდან თანასწორი საზოგადოების მშენებლობის გზაზე. გაეროს განვითარების პროგრამა მოხარულია მხარი დაუჭიროს შესაბამისი ანგარიშის შექმნასა და გამოქვეყნებას. ამ ყოვლისმომცველ დოკუმენტში აღწერილია არსებული გამოწვევები და მითითებულია რეკომენდაციები გენდერულად სენსიტიური კანონმდებლობის შესაქმნელად“, - განაცხადა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.
„საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი აღიარებს, რომ ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვა საკვანძოდ მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში. ამ მხრივ, საქართველომ უდავოდ დიდ პროგრესს მიაღწია. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ეროვნული კანონმდებლობის სრული ჰარმონიზება საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან კვლავ გამოწვევად რჩება. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი ხარისხიანი სერვისებისა და მონაცემთა შეგროვების უზრუნველყოფა, ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების განხორციელება და სხვა არსებული პრობლემების მოგვარება. ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია მრავალსექტორული ძალისხმევის გააქტიურება, ქალებისა და გოგოების გაძლიერება და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა UNFPA-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.
“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მხარს უჭერს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობას, რათა ქალთა ხმა სრულად იყოს წარმოდგენილი საკანონმდებლო პროცესებში. გენდერული საბჭოს საქმიანობის შედეგად, გაიზარდა გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა საპარლამენტო დონეზე, ხოლო თავად პარლამენტი გახდა უფრო მეტად ინფორმირებული და სენსიტიური გენდერული საკითხების მიმართ. ამ პროგრესის მიუხედავად, საქართველოში ქალები კვლად უამრავ ბარიერსა და წინააღმდეგობას აწყდებიან ცხოვრების ყველა სფეროში. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ პარლამენტის ხელმძღვანელმა პირებმა და გენდერული თანასწორობის საბჭომ უფრო აქტიურად შეუწყონ ხელი პარლამენტს გენდერული თანასწორობის მიზნების მიღწევაში. ამ ანგარიშში დეტალურად მიმოხილულია გენდერული პოლიტიკის შემუშავება და ასევე მოყვანილია რეკომენდაციები პარლამენტისა და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების მიმართ, როგორც 2022 წლისთვის, ისე შემდგომი პერიოდისთვის”, - თქვა NDI საქართველოს დირექტორის მოადგილემ თეონა ყუფუნიამ.
„ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის გაძლიერებითა და საჯარო და სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონების მიღებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. შრომის კოდექსის რეფორმამ ასევე გაამყარა და გააფართოვა ქალთა უფლებები შრომით ურთიერთობებში. აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის მიზნების ეფექტიანი განხორციელების გზაზე არსებული ბარიერების აღმოსაფხვრელად და შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აქტიური კოორდინაციის უზრუნველსაყოფად. USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა მოხარულია, მხარი დაუჭიროს გენდერული თანასწორობის, გენდერული პასუხისმგებლობისა და არადისკრიმინაციის მიზნების მიღწევას, განსაკუთრებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში“, - განაცხადა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ.
ანგარიში „გენდერული თანასწორობა - ბარიერები და რეკომენდაციები. 2021“ ეყრდნობა 2018 წელს ჩატარებულ ანალოგიურ კვლევას, რომელშიც შეფასებულია საქართველოს კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესაბამისობა გენდერული თანასწორობის პრინციპებთან და მოყვანილია რეკომენდაციები გასატარებელი რეფორმების შესახებ.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ანა მაგრაქველიძე, საქართველოს პარლამენტი, amagrakvelidze@parliament.ge
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org
- სალომე ბენიძე, UNFPA, +995 577 211 300, benidze@unfpa.org
- მერი მახარაშვილი, USAID Rule of Law, +995 599 500 137, mmakharashvili@ewmi.org
- დიანა ჩაჩუა, NDI საქართველო, +995 577 779 639, dchachua@ndi.org